Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
7-03-2015, 16:26
ნანახია: 1167

რა სარგებლობა მოიტანა ქვეყნისთვის გოგორიშვილ-ბესელიას დაპირისპირებამ?

დედების დღესა და ქალთა დღეს შორის ერთი სამუშაო და არასაზეიმო  დღე - 2015 წლის  6 მარტი იმით შევიდა ისტორიაში, რომ ამ დღეს  მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით „ხათუნა გოგორიშვილი ეკა ბესელიას დაუპირისპირდა“ და „ბესელიამ და გოგორიშვილმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს“.

ამ ქცევით ერთმაც და მეორემაც ამომრჩევლებს რომ ასიამოვნეს, ფაქტია. რა პროპორციით - ამის დადგენა ძნელია, მაგრამ ნასიამოვნებთა რაოდენობამ სრულად რომ მოიცვა ელექტორატი, ესეც ფაქტია. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც ორივეს მხარს უჭერდა. არა სანახაობის გამო, არამედ მათ მიერ ნათქვამი სიმართლის გამო! თუ ისინი სიმართლის დასაცავად  წაეკიდნენ ერთმანეთს, უნდა ვუთხრა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ...

 დიახ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორივე მართალი იყო არა შეურაცხმყოფელ სიტყვებში, არამედ... საქვეყნო საქმეში.

გავიხსენოთ დაპირისპირების მიზეზის შესახებ რა გვამცნო საინფორმაციო საშუალებებმა:

„დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს პარლამენტის ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს.

ბესელიას თქმით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თავის განცხადებაში სწორედ ამაზე საუბრობდა, როცა ქამრების შემოჭერის თემას შეეხო.

ეკა ბესელიას ამ განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა პარლამენტის  ბალანსზე არ არის. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება.“ http://iverioni.com.ge/12072-thavkhedi-da-matyuara-ratom-ichkhubes-gogorishvilma-da-beseliam.html

საერთოდ, ქამრების შემოჭერა გადატანითი მნიშვნელობით საკვების მიღების შემცირებას ნიშნავს რაღაცა მიზნით.  ეტყობა,ხელისუფლებას ქამრების შემოჭერა  კიდევ უფრო გადატანითი მნიშვნელობით აქვს გაგებული: ოფიციალური პირების განცხადებით, ეს არ ეხება კადრების რაოდენობასა და მათ შემოსავლებს, ანუ ქამრები „ბიუროკრატიულ კუჭს კი არ შეზღუდავს“, არამედ სახელმწიფო მანქანის „სხვა ხარჯებს“, რომლის დაზუსტებაც მიმდინარეობს. დროში ეს პროცესი თუ კიდევ ასე გაგრძელდა- ეს ჩვენი ლარი ასეთი „უპატივცემულობის“ გამო შეიძლება სულ „გაგიჟდეს“!

შესამცირებელი „სხვა ხარჯების“ დასადგენად ზემოთ მოტანილი ინციდენტის დროს მნიშვნელოვანი მინიშნებებია, თანაც კომპეტენტური:

1.    ქალბატონმა ბესელიამ ზუსტად იცის, რა უბედურებაა  მუშაობის ეფექტიანობის თვალსაზრისით სხვადასხვა ქალაქში გაფანტული სახელისუფლებო სტრუქტურები. უფრო მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებული ხარჯები. ეს უკავშირდება სამინისტროებთან, ექსპერტებთან და ა. შ. ურთიერთობებისა და მიმოსვლის ხარჯებს, დეპუტატების საცხოვრებლის ხარჯებს, თბილისში და ქუთაისში ოფისების შენახვის პარარელურ ხარჯებს და ა.შ. ქუთაისში პარლამენტის არსებობის გამო მარტივი ექსპერტული შეფასებით საბიუჯეტო პირდაპირი და ირიბი ხარჯების ჯამი ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარია.პარლამენტს შეუძლია დაავალოს ამ საკითხის შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელსაც ისედაც უნდა ჰქონდეს ეს საკითხი შესწავლილი საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისით.

2.    ქალბატონმა ხათუნამ ზუსტად იცის, როგორ აშენდა პარლამენტის შენობა და ვის ბალანსზეა ის. მე არ გამიკვირდება , ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ ეს შენობა რომელიმე კერძო პირისაა. რა იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს იმ პარლამენტის, რომელიც უკანონოდ იმყოფება შენობაში და დღემდე რომელსაც გარკვეული არ აქვს, ვის ბალანსზეა შენობა, რომელშიც ფუნქციონირებს? როგორ უწევს მას მომსახურებას? რა ხარჯებით აშენდა შენობა? რატომ არაა ეს საკითხი საჯაროდ ცნობილი? ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა საზოგადოებისათვის არაა ცნობილი.

ეს ორი ქალბატონი ერთმანეთს არ წაეკიდებოდა ყველა ინსტიტუტი რომ ასრულებდეს თავის ფუნქციას. განა ეს მოხდებოდა, რომ სრულდებოდეს  საქართველოს კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ (22 ივნისი, 2012წ.), რომლის მიხედვითაც „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას“(მუხლი 4).

მეტი რა დაგვრჩენია, მადლობა ვუთხრათ ქალბატონ დეპუტატებს „ურთიერთშეურაცხყოფის ფასად“ საქვეყნო პრობლემების გამომზეურებისთვის, მივულოცოთ საქართველოს ქალბატონებთან ერთად გაზაფხული, 8 მარტის დღესასწაული   და  სხვა ჩხუბამდე ვუყუროთ პატრონის მომლოდინე საქართველოს პარლამენტის შენობას ქუთაისში, როგორც „კოჰაბიტაციის“ ბუდეს.

 

მიხეილ ჯიბუტი,

პროფესორი