Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
28-03-2015, 08:04
ნანახია: 844

პეტრე მამრაძე - სააკაშვილის მმართველობაზე

მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი და  "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, მედიაჰოლდინგ "რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში "რეპორტიორის თვალით..." ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს აფასებს.

"ვარდების რევოლუციის" მერე არსებობდა ზურაბ ჟვანიას გუნდი, იყო პარლამენტი, რომლის თავმჯდომარეც ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გახლდათ.  ამ დროს დაიწყო მანამდე არნახული მასშტაბის და სიღრმის რეფორმა. მთელმა მსოფლიომ, ცალკეულმა მოღვაწეებმა, მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდმა ერთხმად აღიარეს, რომ უპრეცედენტო იყო ესოდენ მოკლე დროში, ესოდენ ეფექტიანი რეფორმების გატარება - ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების შენება, კორუფციის  აღმოფხვრა, პოლიცია, არმია, საბაჟო   - სხვათაშორის, ივანიშვილის პირდაპირი დახმარებით... თითქოს მაგიური ჯოხი ჰქონდა ახალგაზრდა ხელისუფლებას და რასაც შეეხებოდნენ, ყველაფერი ძალიან მალე შენდებოდა.

მართალია, ეკონომიკური ზრდა იყო ძალიან მაღალი პირველი სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ეს ხდებოდა 2003 წლის ნოემბრიდან 2007 წლის ნოემბრამდე. 8-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. ინვეტიციები შემოდიოდა არნახული ნაკადის სახით და 2007 წელს შემოვიდა  2 მილიარდ დოლარზე მეტი. გამყარდა ეროვნული ვალუტა. ხდებოდა საგარეო ვალის გასტუმრება იმ ტემპებით, როგორც შეთანხმებული ვიყავით საერთაშორისო ინსტრუქტროებთან, 300 მილიონი დოლარი იყო დარჩენილი, ფაქტობრივად -  0.

ეს ერთი მხარეა, მაგრამ მეორე მხარეა საინტერესო, რა ხერხებით და ბერკეტებით მიმდინარეობდა ესოდენ სწრაფი და ეფექტიანი რეფორმების ჩატარება? ძირითადად უკანონო, უსამართლო მეთოდებით. ადამიანებს რომ აპატიმრებდნენ, ისინი მართლაც რომ კორუმპირებულები იყვნენ, ამტკიცებდნენ იმით, რომ მერე მილიონებს იხდიდნენ, მაშინ, როცა მათი ხელფასი იყო 170 ლარი. მინისტრის ხელფასი იყო ამ ოდენობის და მაშინ მეც ამ ოდენობის ხელფასი მქონდა. მათზე საქმე არავის აღუძრავს, არც რამე დაუმტკიცებიათ, უბრალოდ აპატიმრებდენ. ასეთი უსამართლობის  ფონზე მიმდინარეობდა სტრუქტურების  წმენდა. ადამიანებს არაფერს უმტკიცებდნენ, უბრალოდ, ემუქრებოდნენ და ისინი წერდნენ განცხადებას წასვლაზე. სხვანაირად, რეფორმებს ასე სწრაფად ვერ ჩაატარებდნენ. მათმა  მანიკიერმა პრინციპმა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, განაპირობა ის, რომ ავტორიტარული და მერე სადისტურ  მექანიზმზე დაფუძნებული სისტემა აშენდა.

2007 წლის 7 ნოემბერი, მომიტინგეების დარბევა, "იმედის" დარბევა - არის თარიღი, როცა საქართველოს მსოფლიოს თვალში დაეკარგა დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი, რის შემდეგაც ქვეყანამ მილიონიანი ინვესტიციები დაკარგა. ეს იყო სიგიჟე და იმის ნიშანი, რომ სისტემამ უკვე გადაუხვია წუმპისკენ.

გაჩნდა, ე.წ. ობშიაკი, ალბათ ადრეც იყო, მაგრამ გამოკვეთილად არ ჩანდა, დაიწყო ბიზნესის დატერორება. სოზარ სუბარის ცნობილი წერილი დაწერილია 2009 წლის 14 იანვარს - ნეოქურდებზე, როცა პირდაპირ ხელს ადებს სააკაშვილს და მის თანამზრახველებს. იქ სიმართლე წერია, აი ასეთი რამ მოხდა. 300 ათასმა კაცმა გაიარა რეპრესიები, წაართვეს წილები. ბევრს, მიუხედავად ბიზნესიის დათმობისა, მოუწია ციხეში ჩაჯდომა, სადაც იყო წამება და არააადამიანური მოპყრობა, სასამართლო გადაიქცა ჯიბის სასამართლოდ, სადაც განაჩენი დგებოდა მხოლოდ მაშინ, თუ პროკურატურა მოითხოვდა ვინმეს გაშვებას. ასეთი სისტემა შეიქმნა და ამაზე ბევრი დაიწერა უცხოურ გამოცემებში. მაგალითად, თომას ჰამერბერგი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, წერდა, რომ საქართველოში ადამიანები მზად არიან, დაიბრალონ ნებისმიერი დანაშაული, თუნდაც ჯაშუშობა, ჩააბარონ მთელი თავისი ქონება, ოღონდ აიცილონ სასტიკი მოპყრობა ციხეებში.
 
ყურადსაღებია ის, რაც მათ ჩაიდინეს საგარეო პოლიტიკის დარგში და კონფლიქტების მოგვარების სფეროში წლების განმავლობაში. გაიხსენეთ 2004 წლის სისხლისღვრა ცხინვალში, ასევე 2008 წელი, როცა ეს მავნე პოლიტიკა სააკაშვილმა დააგვირგვინა სამხედრო პოლიტიკური ავანტიურის განხორციელებით. ომი ნამდვილად არ დაუწყია ლაჩარს, რომელიც გორში პანიკურდ გაიქცა  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და მისი დელეგაციის თვალწინ, გორელი ქალების და ბავშვების თვალწინ, მაშინ, როცა არაფერი ხდებოდა. მას  ომის დაწყება ნამდვილად არ შეეძლო. ჩვენს ტერიტორიაზე ძირძველი ქართული ქალაქი დაბომბა, გვიან ღამით. ეს იყო სამხედრო-პოლიტიკური  ავანტიურა, რომელიც საქართველოს ძვირად დაუჯდა... დღეს კი, დავით აღმაშენებლის ძეგლიდან (რომელიც დიღომში გადაიტანა სააკაშვილმა) 40 კილომეტრში დგანან რუსის ტანკები და როგორ არ დავეთანხმოთ უცხოელ პოლიტოლოგებს, თუნდაც  ლინკოლნ მიტჩელს, რომლის ცნობილი ნათქვამია - პუტინს რომ პირადი აგენტი გამოეგზავნა საქართველოში  "ვარდების რევოლუციის" წინ, ის აგენტიც კი ვერ გაართმევდა თავს პუტინის დავალებას უკეთესად, ვიდრე ეს თავისი ხელით გააკეთა სააკაშვილმა.  "ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში"- ასე ერქვა იმ წერილს. რუსულ საქმეს კი საქართველოში აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი",- განმარტავს პეტრე მამრაძე.