რატომ წარმოადგენს ღარიბაშვილის შეფასებები სახიფათო პრეცედენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის?

რატომ წარმოადგენს ღარიბაშვილის შეფასებები სახიფათო პრეცედენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის?

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის მიმართ პრემიერმინისტრის მიერ გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურებიან.

 

7 არასამთავრობო ორგანიზაცია - კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სიდა, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, პარტნიორობა ადამინის უფლებებისთვის ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა საფრთხის შემცველია პრემიერმინისტრის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება. 

 

"აღვნიშნავთ, რომ მთავრობის მეთაურისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მოსამართლეების მიმართ განხორციელებული შეტევა, პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება გადაწყვეტილების არასასურველი შინაარსის შესახებ და სხვაგვარი გავლენა ინდივიდუალურ საქმეებში მართლმსაჯულების განხორციელებაზე, წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

 

აქ აღნიშნულია ისიც, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

 

"არავის, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ეს წარმოადგენს კონსტიტუციურ გარანტიას, რომლის გარეშეც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ვერ იარსებებს," - ნათქვამია განცხადებაში.

 

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ "მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა სწორად გაიაზრონ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ისე სასამართლო ინსტიტუტების როლი. თავმჯდომარის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს მოსამართლეთა კონტროლი და მათი პასუხისგებაში მიცემა. ის, როგორც იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, შესაძლოა გახდეს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური პროცესის მონაწილე. თუმცა, ინდივიდუალურად თავმჯდომარეს მოსამართლეების მიმართ რეპრესიული მეთოდების გამოყენების უფლებამოსილება არ გააჩნია". 

 

"ამდენად, მიგვაჩნია, რომ ასეთი შინაარსის განცხადებები ახდენს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის, ასევე სხვა სასამართლო ორგანოებისა და თვით აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციას. ამასთან, ამგვარი პოლიტიკური მესიჯები ხელს უშლის სასამართლო სისტემაში ვითარების გაჯანსაღებას და ზრდის სუბორდინაციას ინდივიდუალურ მოსამართლეებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის. 

 

"კონკრეტული მოსამართლის მხრიდან დიციპლინარული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში რეაგირება უნდა მოახდინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. სწორედ, საბჭოს ევალება დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი და შეისწავლოს მოსამართლის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საბჭოსა და დისციპლინური ორგანოების დროულმა, ეფექტურმა და დასაბუთებულმა რეაგირებამ, შესაძლო გადაცდომის თითოეულ ფაქტზე, უნდა შექმნას საზოგადოებისა და მოსამართლეთა ნდობა სასამართლოში მოქმედი პასუხისმგებლობს სისტემის მიმართ, რომელიც ამჟამად საკმაოდ დაბალია.

 

"საბჭო ასევე ვალდებულია გამოეხმაუროს მოსამართლეთა მიმათ ზეწოლის შესაძლო ფაქტებს და არ დაუშვას არასათანადო გავლენა მართლმსაჯულების პროცესზე, როგორც სასამართლო ხელისუფლების შიგნიდან, ისე ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან.

მოვუწოდებთ, მთავრობის მეთაურს, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პატივი სცენ სასამართლო ხელისუფლების დაომუკიდებლობის პრინციპს და თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისაგან მომავალში," - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას 4500 ლარის დავალიანების გამო ყადაღა დაედო, "უგუნური" და "დივერსიული" გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილება. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: