„სააკაშვილის ხელისუფლება მხილებულია საქართველოს სახელმწიფოს ღალატში“

„სააკაშვილის ხელისუფლება მხილებულია საქართველოს სახელმწიფოს ღალატში“

„სახალხო პარტია“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რუსეთის აგენტურა საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებებში წარმატებით ახერხებს მათი ხელით "ოპოზიციური" აქციების რეპრესირების ორგანიზებას იმგვარი ბარბაროსული ფორმებით, რომლებიც შეუთავსებელია დემოკრატიასთან და, შესაბამისად, საქართველოს მონაწილეობასთან დასავლეთის პოლიტიკურ, სათავდაცვოსა და ეკონომიკურ სტრუქტურებში.

ასეთი იყო, მრავალთა შორის, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ მხუთავი (და არა ცრემლმდენი) გაზის გამოყენება 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ქ. თბილისში, რომლის მიზანი იყო საკუთარი "არადემოკრატიულობის" დემონსტრირების საშუალებით დაბლოკვა, რამდენიმე თვის შემდეგ ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის "მაპ"-ის სტატუსის მინიჭების აქტისა. ასევე, 2009 წლის 6 მაისის სისხლიანი დარბევის ორგანიზება თბილისში.  

ასეთივე მოვლენა იყო ("ოპოზიციის" ზოგიერთ ლიდერთან ერთობლივად) სასტიკი დარბევა და მრავლობითი მკვლელობის ორგანიზება 2011 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულმასშტაბიანი შებღალვის მიზნით (თარიღებიც, ჩვენი აზრით, სავარაუდოა, შემთხვევით არ შეურჩევიათ, რათა ახალგაზრთა თაობისთვის გადაფარული ყოფლიყო ქართული სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენები).

მსგავს შტაბეჭდილებას ტოვებს ყოფილი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა სამართლებრივი დევნის იმიტაცია (საფრანდეთისა და საბერძნეთის სასამართლოებს "ვერ წარუდგინეს" კეზერაშვილისა და ახალაიას დამაჯერებელი ბრალეულობა, ხოლო საქართველოში დაპატიმრებულ პირებს ბრალი წარედგინათ მხოლოდ შედარებით მცუბუქ დანაშაულობებისთვის და არა სახელმწფოს მიმართ უმძიმეს დანაშაულებში, რთაც შექმნეს საერთაშორისო დონეზე ოპონენტების პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილება).

იგივე მოვლენაა, ჩვენი აზრით, პოლიტიკური პროცესების წარმართვის  დროს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ნორმებისა  და საზოგადოებრივი  აზრის  დემონსტრაციული უგულებელყოფაც, იმ აშკარა მიზნით, რომ შეფერხდეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარება, საქართველოს ინტეგრაცია ევროსტრუქტურებში და საქართველოს სათავდაცვო მშენებლობა.

ვშიშობთ, რომ სააკაშვილის (ღია თუ შეფარული) მომხრეთა ცალკეული ჯგუფების გააქტიურება და  მიმდინარე  სატელევიზიო თუ საპარლამენტო თოქ-შოუები, რუსთაველის გამზირზე 15 ნოემბრის შეკრება თუ  სხვა აქციები მიზნად ისახავს, ხელისუფლებასთან ერთობლივად (არ არიან ნაცმოძრაობის თავკაცები ისეთი "ვაჟკაცები" და "ძერსკები"(ბოდიში ჟარგონისთვის)  გარანტიის გარეშე ამდენი გაბედონ), პოლიტიკური ცხოვრების ხელოვნურ დრამატიზებას და საზოგადოების პოლარიზაციას (ანუ, უახლოესი მომავლისთვის დაძაბულობის ესკალაციის საფუძვლების მომზადებას).

ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია საზოგადოებას  მოვახსენოთ შემდეგი:

1. სააკაშვილის ხელისუფლება, ფაქტობრივად მხილებულია საქართველოს სახელმწიფოს ღალატში. მის რაგინდარა აქციაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქის მხრიდან ზნეობრივად და მოქალაქეობრივი შეგნების თვალსაზრისით შეუთავსებადია ეროვნულ თავმოყვარეობასთანაც და ეროვნული პასუხისმგებლობის შეგნებასთანაც. საქართველოს ინტერესთა წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებული პოლიტიკური ჯგუფის  მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაუშვებელია.

2. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რეალური პოლიტიკა ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ იგი,   მიმართულია:

- საქართველოს სახელმწიფოებრივი დეზორგანიზაციისკენ, რათა მუდმივად ჰყავდეთ  საქართველო   ანარქიის მდგომარეობაში, რომ  პოლიტიკურმა  აზრმა    ვერ შესძლოს  კონსოლიდირება;

- საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფაქტთან შეგუებისკენ;

- საქართველოს ეკონომიკური, ორგანიზაციული, სათავდაცვო. სოციო ფსიქოლოგიური და კულტურული განვითარების შეფერხებისკენ;

- რიტორიკის მიუხედავად საქართველოს დასავლური სტრატეგიული კურსის  გადახედვისკენ, რაც შეუთავსებადია საქართველოს როგორც ისტორიულმასშტაბიან, ისე პრაქტიკულ სადღეისო ინტერესებთან;

დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სააკაშვილისა და და მისი გუნდისათვის წაყენებულ ბრალდებებს შორის არ არის ყველაზე მძიმე - სახელმწიფოს ღალატი რუსეთის სასარგებლოდ.

3. არცერთ ხელისუფლებას დღემდე არ ჰქონია და მასში მონაწილე არცერთ პარტიას დღესაც არა აქვს რაგინდარა ზოგადი (დაუკონკრეტებელი) პროგრამა საქართველოს შესაძლო სტრატეგიისა (სტრატეგიებისა) დღევანდელი კრიტიკული მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანის ამოცანასთან მიმართებაში. ცალკეული ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოსაზრებები ამ თემაზე როგორც ოფიციალურ ტექსტებში, ისე იმ პარტიების დოკუმენტებში, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში მონაწილეობენ - შინაარსით (დებულებებითა და არგუმენტებით) არააკადემიურია (ანუ თანამიმდევრობით, ფაქტების ფლობით და ლოგიკით დეფექტიანია) და მიმართულებით ანტისახელმწიფოებრივია (საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგოა).

4. თუ მოვლენები იმ გზით წარიმართა, რომლითაც დღეს მიდის, მაშინ მოსალოდნელია რომ:  პარლამენტში ნაციონალ_ოცნების "უმრავლესობა" და ნაციონალ_ოცნების(თავისუფალ დემოკრატები) "უმცირესობა"   ჩუმი და  შეფარული  ურთიერთშეთანხმებით იმოქმედებენ   საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. მათი მოქმედების შედეგი იქნება საქართველოს ტერიტორიული შეკვეცა, მისი ფაქტობრივი სტრატეგიული კონტროლის აღება რუსეთის მიერ,  მისი კატასტროფული დემოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული დაუძლურება და მისი, როგორც გზის, ("დერეფნის") მრავალ ათეულწლიანი გადაკეტვა დასავლეთისა და ცენტრალური აზიის კავშირის ყველა საშუალებათათვის, ურთიერთკავშირის ყველა მცდელობისათვის (რაც, სხვათაშორის, მხოლოდ რუსეთის სურვილი არ არის, არამედ რეგიონის არაერთი სხვა სახელმწიფოსთვის), მაშასადამე - ამიერკავკასიაში მყარი ბაზის შექმნა რუსული და ისლამური ძალების ბლოკის ტოტალური გაბატონებისათვის.

5. მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რათა საქართველოს პატრიოტული სულისკვეთების   ადამიანებმა და   ორგანიზაციებმა უნდა შეაერთონ თავიანთი ძალისხმევა   საქართველოს   გადასარჩენლად.   

ეროვნული და დემოკრატიული ცნობიერების მატარებელმა დამოუკიდებელმა  სუბიექტებმა   (ორგანიზაციებმა და პიროვნებებმა)    უნდა აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა და   შესძლონ   ერსა და  საზოგადოებას  წარუდგინონ    სახელმწიფოს მოქმედების, ანუ ქვეყნის მართვის კურსის, კონკრეტულიპროგრამა:  ჩამოაყალიბონ და   დაასაბუთონ საერთო ეროვნული ამოცანები,  პირველი რიგის და შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია  და საკმარისია საქართველოს   გადასარჩენად, მის გამოსაყვანად დღევანდელი  კრიზისიდან და მისი მომავლის უზრუნველსაყოფად (ჩვენს პრინციპულ   დებულებებში ასახულ ყველა თემაზე დისკუსიისათვის მუდამ მზად ვართ).

საქართველოს დღევანდელი კრიზისული მდგომარეობის დაძლევისათვის საქართველოს საზოგადოების ყველაზე გონივრული ქმედება დღეს, ჩვენი აზრით, არის: უმოკლეს დროში ქმედითუნარიანი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალის შექმნა და რადიკალურად შეცვლილი, რეალისტური საარჩევნო კანონის საფუძველზე და საერთაშორისო ორგანიზაციების (პირველ ყოვლისა - გაეროს) მეთვალყურეობით  საპარლამენტო არჩევნების გზით ვითარების კარდინალური გამოსწორება. 

მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტია“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: