რაზე ოცნებობს თემურ ცაგურია და რატომ არ იწვევენ მას საქართველოში საგასტროლოდ?!

რაზე ოცნებობს თემურ ცაგურია და რატომ არ იწვევენ მას საქართველოში საგასტროლოდ?!

ჩემ ძველ მეგობარს, 70-80-იანი წლების ქართული და საბჭოური  ესტრადის ვარსკვლავს, ყვლასათვის საყვარელ მომღერალს, საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელს, თმურ ცაგურიას, ვულოცავ 70 წლის იუბილეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ასევე დიდხანს სიცოცხლეს და როგორც თვითონ ამბობს „მისი დარბაზის“, ფეისბუკის „მუდმივ ანშლაგს“!

 

                                          * * *
როცა თბილისის ომი დაიწყო, თემურს „ბრძოლაში ჩაბმა“ შესთავაზეს... მან უარი უთხრა „აქეთურებსაც, იქითურებსაც“ იმ მოტივით, რომ ქართველს ვერ ესროდა და ,,დროებით“ გაეცალა საქართველოს!..

ეს ,,დროებით“ უკვე 24-ე წელია გაგრძელდა. თემური ვაშინგტონში ცხოვრობს მეუღლესთან - ქალბატონ ვერასთან ერთად. შვილები ვიქტორი და მარია ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ვიქტორი დაოჯახებულია. 28 წლის მარია კი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ცნობილი ფერმწერია.

                                    * * *
თემურ ცაგურია იურმალის პირველი  კონკურსის პირველი გამარჯვებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა დროს გამართა კონცერტები, თითქმის ყველა დონის აუდიტორიიისთვის და ყოველთვის დიდი წარმატებით სარგებლობდა. ამერიკელებმა ჩვენ თანამემამულეს ქართველი ფრენკ სინატრა უწოდეს.

თემურის ოცნებაა თბილისის  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტის გამართვა და საქართველოში გასტროლებით მოგზაურობა... თუმცა, ჯერჯერობით ის არავის მოუწვევია!..

გთავაზობთ მოთხრობას, რომელიც დოკუმენტურია და თემურ ცაგურიას მივუძღვენი.

                                     ბალუ

 ცაგოს არ უნდოდა „ქერას“ ბავშვის ნათლობაზე წასვლა.გული არ მიუწევდა... არ მიუწევდა, რა! ზოგჯერ ხომ არის, მაგარ ადგილას, კარგ ვარიანტში დაგპატიჟეს, ძალიან კარგ „ვარიანტში“, მაგრამ არ გინდა! ...იქ ჭამა-სმას, შინ ჯდომა გირჩევნია...

 საღამოს მოაკითხეს ცაგოს...

- ცაგო! ...ცაგოოოო!

- ჰოო, ცაგო მქვია! ...ცაგო თქვენ და „ცეეცხლიიი“! სწრაფად  ჩაიცვა, დაავლო გიტარას ხელი და... წუთში სადარბაზოს  წინ გაჩნდა.

- ვა, გიტარა?

- ჰო!

- უგიტაროდ, ცაგო, „კაკ ნემეც ბეზ ავტამატა!“ - კრუხივით აკაკანდა ჯუმბერა. - ვაიმე ცაგო, რა კარგი ბიჭი ხააარ, გიტარა რომ წამოიღეე! - მხარზე ხელი მოუთათუნა სალიმ... მანქანა დაიძრა.

- აუ, შენ ის თქვი, „ბალუ“ თუ აშვებული  ყავს,ის კაციჭამია!  წააიიღო ტვინი ამ ბალუთი! კა-ი ტი-პიაა! ძაღლმა ორჯერ უკბინა, მაინც ზედ  ყვება!


- უკბინა, ჰოო! - აყაყანდნენ მანქანაში.

- გიჟდება ამ უტვინო ბალუზე! ზედ ევლება! სპეციალურად დადის პურის ქარხანაში... ხო აზრზე ხარ,გაუყიდავ პურს რომ აბრუნებენ, ტომარას ლარად ყიდულობს... მერე ალბობს,საჭმლის ნარჩენებს ურევს და ეგრე აჭმევს... ხბოს ხელა ძაღლია... რა გააძღობს?

- მაგის გაძღომა არ გინდა? - დღეში სამჯერ აჭმევს!

- მანიაკია?- გაიკვირვა ჯუმბერამ.


- ჰო, რაა!

- ვააიმე,წინ იყურე,საჭესთან ზიხარ! - დატუქსა სალიმ.

უშველებელი კავკასიური ნაგაზი ჭიშკარს მოასკდა და ისეთი ძალით შეახტა, ლითონმა ზანზარი დაიწყო...

- ვაიმე, ცუუუდად ვაარ! - ფერი დაკარგა უნაზესმა სალიმ.

-აუუ! – „დვარნიაშკასავით“ აყმუვლდა ჯუმბერი.

- ბალუ, ფუ! ნა მესტა! - გაისმა ჭიშკრის იქითა მხრიდან, რასაც „ლომის“ დრამატული ბანი მოყვა-ღრრრრრ!

- ეს, პატრონს უღრენს და ჩვენ რას გვიზამს?!


- ფერი დაკარგა გივიმ.

ეკლესიიდან მალე დაბრუნდნენ. მანქანები ჭიშკართან დააყენეს და გაჩაღდა ნათლობა...

- ძაღლი სად არის? - იკითხა ვიღაცამ.

- ვოოლ..ი..ეში! - გამოტენილი პირით უპასუხა „ქერამ“. მერე მთელი „მენიუ“ უცებ გადაყლაპა და გაიმეორა - ვოლიერში, ვოლიერშია!

ქეიფი  ზუსტად 8 საათზე დაიწყო. არ გაჩერებულა ცაგოს გიტარა... უკვე ,,კარგ ხასიათზე“ იყო.ეს ბოლო დრო, რაც ესტრადაზე არ უმღერია, სულ აქ  დაცალა დაგროვილი შემოქმედებითი ენერგია... მერე ხილით სავსე ლარნაკი ამოაპირქვავა, ღვინით შეავსო, თამადას მოკრძალებულად სთხოვა სიტყვა, ფეხზე ადგა და ,,საქართველოს მანანების“ სადღეგრძელო შესვა... ისევ აკვნესდა და აქვითინდა, აბღავლდა ცაგოს გიტარა, რასაც საამურად ერწყმოდა პოპულარული ბარდის  ლამაზი და იშვიათი ხავერდოვანი ბარიტონი.


- ვინც შენ სიმღერა ,,აგიკრძალა“ -  შეიკურთხა ჯუმბერმა და ჭიქა ჩაკბიჩა... 
სიმღერა ქალბატონებს ეძღვნებოდა... გულით იყო ნამღერი, კაცურად და გოგონები აცრემლდნენ...

ქეიფი და გრიალი გრძელდებოდა... ცაგო აღარ უკრავდა... არც მღეროდა...  შემოაწვა სევდა... იჯდა თავისთვის ჩაფიქრებული... ნიკაპით ხელისგულზე დაყრდნობილი.  ფიქრობდა... ძალიან შორს წაიყვანა ფიქრებმა... ბავშვობა გაახსენდა - სოლოლაკი, მუსიკალური სკოლა, ვიოლინო... ის ვიოლინო გაახსენდა ბებომ დაბადების დღეზე რომ აჩუქა და უბნელმა ბიჭებმა თავზე რომ გადაამტვრიეს... მაშინ სამი უბნელი ბიჭი ცემა, ერთმანეთზე მიაწყო... გაეღიმა... შემდეგ დინო გაახსენდა, შავი პუდელი ისიც დაბადების დღეზე აჩუქეს, დინო დაარქვა, ფეხბურთელ დინო ბაჯოს პატივსაცემად...

დინოს სიკვდილიც გაახსენდა, გული შეეკუმშა... რომ არავის დაენახა ასოცკილოიანი კაცის ცრემლები, სწრაფად წამოდგა და არეული ნაბიჯებით აივანზე გავიდა...

მოწმენდილი ღამე იყო... ზევით აიხედა, ცა ვარსკვლავებით მოექარგა მამაზეციერს და ერთი ხელის გაწვდენა უნდოდა, რომ რომელიმე ვარსკვლავს ,,წაპოტინებოდი“... შორს, ეზოს კუთხეში განათებულ ადგილას, ვოლიერი მოჩანდა... ბალუს, რატომღაც, არ ეძინა,წინ დ აუკან დადიოდა, თან რაღაცას „ბუტბუტებდა“ დაბოღმილი... ცაგო ვოლიერს მიაჩერდა, სახლში შებრუნდა, სამზარეულოში ქვაბი მოძებნა, შიგ სუფრაზე მისატანად გამზადებული შემწვარი და მოხარშული ხორცის ნაჭრები ჩააწყო... კიბეზე კისრტისტეხით ჩაირბინა, თავი ვერ შეიმაგრა და ეზოში გაგორდა ბალახზე... ერთხანს გულაღმა იწვა... ვარსკვლავებიან ცას მისჩერებოდა... ცოტაც და ჩაეძინებოდა. ...ბალუს ღრენამ ,,დააბრუნა სააქაოს“. მიმოფანტული ხორცის ნაჭრები მოაგროვა, ქვაბში ჩააწყო და ვოლიერისკენ ,,მატროსოვივით“ გახოხდა...

სახლი ,,გუგუნებდა“... ,,სასტავი“ ,,ბებია მყავდა პოვარი“- ს ,,ამხეცებდა, ...ვიღაცამ ცაგოს გიტარას დოლივით დასცხო... ცაგომ გაჩახჩახებული სახლისკენ გაიხედა, წაიბურდღუნა და ხელი ჩაიქნია...

ადამიანის დანახვაზე ბალუ ,,არმატურის“ გისოსებს მოაწყდა და ლამის დაღრღნა.

- ლა იყო ,,სე ცემის თთვლამეტიანო“ ჰაა? - ენა მოუჩლიქა ცაგომ და ხორცით სავსე ქვაბი ცხვირწინ დაუდგა - „პერედაჩა“ მოგიტანე, ტუსაღო ბალუ! რაზე ,,გაგსროკეს“ უთხარი ,,მაყურებელს“! რაო „ნადზორი“ მარტო ,,ბალანდას“ გაჭმევს... ეგ უუუნამუსოოო?

ბალუმ ერთი წაიღრინა (,,ზეპირად“), ჩამოყუნცდა,  თავი გვერდზე გადაწია და ცაგოს მიაშტერდა.

- ჰო, ლას მიყულებ, პატალა? აი რა მოგიტანეე! - და ხორცის მოზრდილი ნაჭერი გისოსებში შეყო... ძაღლი წამოდგა, ფრთხილად დაყნოსა „პერედაჩა“ სტაცა პირი და გადასანსლა.

-დაგეღეჭა, ცოტა „გეგლახავებინა“, გემო გაგეგო, შემწვარი ხორცია, ბიჭო ლარად ნაყიდი, დაბრუნებული, პური კი არაა! - გაუჯავრდა მთვრალი ცაგო ფხიზელ ბალუს!

წამოდგა, მუხლები ჩაიბერტყა, გისოსებზე გამოდებული ბოქლომი შორს მოისროლა, გამოაღო კარები და ვოლიერში შევიდა... ბალუ არ განძრეულა... ცაგო ცემენტის იატაკზე დაჯდა, ქვაბი წინ დაიდო და გაღიმებული მიაჩერდა ძაღლს... ბალუც ,,გაღიმებული“ მისჩერებოდა სტუმარს. შემდეგ დაამთქნარა, სწრაფად წამოდგა, კუდის ქიცინით მივიდა ცაგოსთან, ლეკვივით აწკმუტუნდა და ორივე თათი მოხვია, ცაგო ჩაეხუტა ძაღლს...

ერთ ხანს გარინდულები იყვნენ, მერე ცაგოს შეეცოდა ,,დაპატიმრებული  ლომი“ და აზლუქუნდა - ბალუმ ცრემლიანი ლოყები აულოკა, დაწვა, უშველებელი ბომბორა თავი თათებზე ჩამოდო და ნაღვლიანი თვალებით მიაჩერდა ადამიანს... ცაგომ ქვაბი კალთაში ჩაიდგა, აარჩია მოზრდილი ნაჭერი და მიაწოდა - ბალუმ ხორცი დაყნოსა, პირი არ დაუკარებია... თავი გვერდზე გაწია, დაიწკმუტუნა. ერთ დროს ცნობილი ბარდი დაოთხილი მივიდა ბალუსთან, გვერდზე მიუწვა, ორივე ხელი მოხვია და... ჩაეძინა. ბალუ არ განძრეულა...

თენდებოდა, ვოლიერს ღამე ნათევი მოქეიფეები შემოხვეოდნენ... ძრწოლით მისჩერებოდნენ ჩახუტებულ მძინარე კავკასიურ ნაგაზს და ცაგოს... ვიღაცამ ვიღაცას რაღაც გადაუჩურჩულა... ვიღაცამ რაღაც თქვა...

გათენდა...

თამაზ  ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: