რა ვერ მიიღო საზოგადოებამ „ქართული ოცნებისგან“ და არის თუ არა საქართველოში ლამაზად შეფუთული დიქტატურა?!

რა ვერ მიიღო საზოგადოებამ „ქართული ოცნებისგან“ და არის თუ არა საქართველოში ლამაზად შეფუთული დიქტატურა?!

დაკვირვება ცხადყოფს, რომ საზოგადოება მოლოდინის რეჟიმში გადავიდა - დღენიადაგ ელოდება ვინ გააკეთებს მის გასაკეთებელ საქმეს, როდის ჩამოივლის „ძია სემი“, რომ „ფოჩიანი“ კანფეტები დაურიგოს და „პირი გაიტკბარუნოს“!

ასე იყო შევარდნაძის დროსაც: ყველას ეგონა, რომ მსოფლიო დონის პოლიტიკოსი ევროპიდან თუ ოკეანისგაღმიდან იმ „მაგიურ“ „მწვანეს“ თვითმფრინავებით (ან ეშელონებით) ჩაოიტანდა და ხალხს ხონჩით ჩამოურიგებდა!

პირიქით კი მოხდა, ერთ დროს წელში გამართული და ამაყი ქვეყანა ისე დაჩიავდა და დაჩაჩანაკდა, „ახალი სისხლის“ გადასხმა გახდა საჭირო, რომ „ბაცილებისგან“ დასუსტებული“ ორგანიზმი გაეწმინდა და გაეახალგაზრდავებინა.

სამწუხაროდ, ექსპერიმენტმა ამჯერად არ გაამართლა - იმდენად მძიმე და სასტიკი აღმოჩნდა დემოკრატიის  საბურველში გახვეული უღელი, მისი ტარება საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ძალიან გაუჭირდა - ხალხი შიშმა და აპათიამ მოიცვა. საქმეს ვერც საპროტესტო მუხტის აგორებამ და ყალბმა რიტორიკამ „მიშა მოვდივარ“ უშველა, ვერც 2008 წლის აგვისტოს სამარცხვინო „ეპოპეამ“ და ვეღარც ნინო ბურჯანაძის 2011 წლის 26 მაისის „სისხლიანი ღამის ქრონიკებმა“ შეიტანეს არსებითი გარდატეხა „ნაციონალური“ რეჟიმის დასაფლავებაში.

თუმცა, შიშის სინდრომის გამძაფრებასთან ერთად ფარული უკმაყოფილების ტალღამ  საზოგადოებაში აშკარად პიკს მიაღწია. ამით კარგად (მოხერხებულად) ისარგებლა „უჩინარმა“ ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა - როგორც იტყვიან, მან საზოგადოების პულსზე დააჭირა ხელი და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - „ნაცმოძრაობა“ ფორმალურად ჩამოშორდა მართვის სადავეებს, თუმცა იმდენი „შავი ხვრელი“ დატოვა, რომ დღესაც მოიხრებელი გზირივით გვახსენებს თავს!

ივანიშვილის გამბედაობით აღტკინებულმა და წინასაარჩევნო დაპირებებით გაბრუებულმა საზოგადოებამ გულუბრყვილოდ დაიჯერა, რომ სახელმწიფოს მართვის სათავეში  „ხალხის ხელისუფლება“ მოდიოდა და ყველა ჭირსა და უბედურებას ძველს „მზითვად“ თან გაატანდა!

ხალხს ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთი ქუდბედიანი იქნებოდა პოლიტიკაშიც, როგორიც ბიზნესში, იმგვარი გულუხვი, როგორიც ქველმოქმედებაში და შეურიგებელი გუნდის მიმართ, როგორიც იყო საკუთარი ბიზნესის დაცვისას!

სამწუხაროდ, ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა - სწორუპოვარმა ქველმოქმედმა და გავლენიანმა მილიარდერმა პრემიერ-მინისტრად ყოფნისას სახელმწიფო მართვის აუცილებელი თვისებები ვერ გამოამჟღავნა - ეს თანაბრად ეხება როგორც სამთავრობო გუნდის ფორმირებას, ასევე, იმ ტენდენციებს, რითაც დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს გაძღოლა. აღარაფერს ვამბობ მართვის ბოლშევიკური სისტემი მორგება-შესისხლხორცებაზე, რომლის დროსაც, როგორც გალაკტიონი იტყოდა, „ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის“!

რაც უნდა მწარედ ნათქვამად მოგვეჩვენოს, საქართველო როგორც „ნაციონალური“ რეჟიმის პირობებში, დღესაც ვირტუალური კეთილდღეობის ილუზიით აგრძელებს ცხოვრებას!


                       ზოგი ჭირი ყოველთვის არ არის მარგებელი!

საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ბიძინა ივანიშვილის რეაქციას 13-14 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელებში თანამოქალაქეებისგან იყო მინიშნება იმაზე, რომ ივანიშვილი, როგორც სწორუპოვარი ქველმოქმედი, ზარალის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარ თავზე აიღებდა და ისედაც სეკვესტრირებულ ბიუჯეტს ცოტას ამოასუნთქებდა...

ოთხდღიანი დუმილის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მყუდროება დაარღვია და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ, რასაც მთავრობა და ხალხი ვერ მოიძიებს თვითონ მე გავუმკლავდებიო (საინტერესოა ვის გულისხმობდა ხალხში - ბიზნესმენებს თუ უბრალო მოსახლეობას?!).

მე პირადად არ ვავალდებულებ ივანიშვილს საკუთარ თავზე აიღოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია (საკუთარ ფულს, როგორც უნდა, ისე გამოიყენებს!), მაგრამ ძალიან ცუდად მენიშნა მისი სიტყვები „რასაც მთავრობა და ხალხი ვერ მოახერხებს“.

ჯერ ერთი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად იცის ქართველი ხალხის მდგომარეობა (აქ უმრავლესობას ვგულისხმობ, თორემ ერთეულები ამ უმრავლესობის ძარცვის ხარჯზე „ბედნიერად“ გრძნობენ თავს!). მეორეც, ამ განცხადებით ივანიშვილმა საკუთარი თავი სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე მაღლა დააყენა - ეს შეიძლება უნებლიეთ წამოსცდა, მაგრამ... გასაგებია, ფულს დიდი ძალა აქვს, მაგრამ არა იმდენი, მთელი საზოგადოების ძალისხმევა გადაწონოს!

ყოფილი პრემიერის იმდღევანდელი განცხადებები მოწმობს, რომ ქართველი ერის ბედი მის ხელშია - როცა უნდა, მოვა ხელისუფლებაში და როცა უნდა წავა, ვისაც უნდა იმას მოიყვანს, ხოლო ვინც არ სჭირდება, ან გაუშვებს, ან ხელისუფლებას საერთოდ არ გააკარებს (ამაზე ცოტა ქვემოთ) თუ ეს ნამდვილად ასეა, სხვა რა არის ეს - თუ არა ტიპიური დიქტატურა?!

რაც შეეხება მისი მხრიდან ქართული ანდაზის დამოწმების „ზოგი ჭირი მარგებელია“ ძალიან უადგილოდ გამოუვიდა - არ შეიძლება 14 ივნისის ღამის ტრაგედია გამამართლებელი მიზეზი იყოს ზოოპარკის თბილისის ზღვის მიდამოების ტერიტორიაზე გადასატანად. თუ ზოოპარკის გადატანა ადრეც დღის წერიგში იდგა, მაშინ რა შუაშია აქ „ზოგი ჭირი“ და მაინც: რატომ უკავშირდება თბილისის ზოოპარკი ივანიშვილის სახელს, ასე ხშირად რომ აფრიალებენ სოციალურ ქსელში და ქართულ მედიაში?!

14 ივნისის ტრაგიკულმა მოვლენებმა  და მასთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა დაგვარწმუნა, რომ ზოოპარკი საკმაოდ დიდი თავსატეხი ყოფილა ჩვენისთანა არამობილიზებული ქვეყნისთვის და მითუმეტეს, მისი სახელმწიფოს კონტროლიდან მთლიანად გაშვება ასევე დიდ საფრთხეებს შეიცავს, რომლის დასტურადაც ამ ბოლო დღეების ტრაგიკული მაგალითიც გამოდგება!



                             რა შუაშია თამასის აწევ-დაწევა ივანიშვილთან?!

ისევ აქტიურად მიდის საუბრები ივანიშვილის პოლიტიკაში (ხელისუფლებაში) დაბრუნებაზე. დღეს ქუჩაში ადამიანები რომ გააჩერო და ჰკითხო: დაბრუნდეს თუ არა ხელისუფლებაში ივანიშვილი, ყოველი მეორე მაინც გეტყვის, რომ ექსპრემიერი დღესაც კულისებიდან მართავს ქვეყანას და მისი დანატოვარი მთავრობაც მხოლოდ მისი ნების შემსრულებლები არიან!!!

რაც შეეხება თავად ივანიშვილს, იგი არ გამორიცხავს ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანაში ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნება!

ბოლომდე ძნელია მისი რებუსები ამოხსნა და შიგ დამარხული ქვეტექსტებიც გაშიფრო, მაგრამ ნამდვილად არ მესმის! რა საჭიროა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება ფორსმაჟორულ სიტუაციაში?

თუ ეგეთი ყოვლისშემძლეა და ქვეყნის უკიდურესი კრიზისიდან გამოყვანაც შეუძლია, ადგეს ეს ოჯახაშენებული და მანამდე ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში და ერი სამშვიდობოს გაიყვანოს!

სხვანაირად, ეს იგივეა, „უკვდავების წყარო“ მანამ არ გვაღირსონ, სანამ სული არ ამოგვხდება (სულმიხდილს მერე ეს წყაროც ვერ უშველის) არ გამოუვიდა ეს ნათქვამი ივანიშვილს კარგად - ამით ან ერთადერთის და განუმეორებლის (როგორც ამას ვამბობდით ხოლმე ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძეზე) დემონსტრირებას ახდენს, ან პირდაპირ გვეუბნება: საქართველოს ბედ-იღბალი ჩემს ხელშია და როცა ჩავთვლი საჭიროდ, ხელისუფლებაში მაშინ დავბრუნდებიო!

ივანიშვილი ხელისუფლებაში ლამაზი წინასაარჩევნო დაპირებების, ყოველგვარი სახელმწიფოს განვითარების პროგრამის გარეშე მოვიდა. როგორც ვხედავთ, დაპირებების უმეტესობა „ქარმა“ თან გაიყოლა. ქვეყნის განვითარების სტრატეგია კი დღემდე არ ჩანს - საქართველო ისევ ბოლშევიკური მართვის სისტემით იმართება.

მე გამკვირვებია იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთ გამოსავალს ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაში ხედავენ - ჯერ ერთი, არ შეიძლება ენდო კაცს, რომელიც გაუბნება: მე მაშინ დავბრუნდები, როცა ქვეყანა უკიდურესი განსაცდელის წინაშე დადგებაო, მეორეც, თუ მაინცდამაინც უნდა დაბრუნდეს, წარმოადგინოს ბატონო სისტემური ცვლილებების და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამა და დავუჯერებთ!

სხვანაირად, მის მიერ დანატოვარი მთავრობის თამასა აიწევს თუ დაიწევს, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა - ის სოციალურ-პოლიტიკური სურათი, რაც დღეს საქართველოშია თუ მისაღებია ივანიშვილისთვის, გამოდის, რომ იგი პოლიტიკაში არც უნდა დაბრუნდეს, მეტიც, კულისებიდან მართვასაც თავი უნდა დაანებოს!

სხვანაირად რა გამოდის? მთავრობა ისე იქცევა, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება.

P.S. დაკვირვება იმასაც ცხადყოფს, რომ დღეს პოლიტიკური სივრცე მთლიანად მონოპოლიზებულია ივანიშვილის მიერ და მისი მხრიდან ახალი (ეროვნული) ძალების თამაშში შემოყვანის პოლიტიკური ნება არ იგრძნობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნებიც ისეთივე „დემოკრატიული“ იქნება, როგორც აქამდე ყოფილა და ქვეყანაშიც ხალხის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება!

თუმცა, ბოლომდე იმედს არ ვკარგავ და მჯერა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა ხალხის წიაღიდან მაინც გამოვა. ამის სიმპტომები უკვე ჩანს, მთავარია სწორი მიმართულება მიეცეს!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: