Iverioni
«    აპრილი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აპრილი 2018 (8)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
25-06-2015, 16:15
ნანახია: 987

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან, ანუ რატომ გათავხედდა ნატა ლომოური?!

აირია მონასტერი და ვინაიდან, ამ არეული „მონასტრის მრევლი“ გახლავართ, არ შემიძლია გულგრილად ვუცქირო, როგორ გვეშლება ქვეყანა თავზე.

"ენა, მამული, სარწმუნოება" - ეს ის მცნებებია, რაზედაც საუკუნეებია დგას ჩვენი სამშობლო. დიახ, სამივე ერთად, საქართველოს საძირკველს წარმოადგენს.

საკმარისია, ერთ-ერთი გამოაცალო, დააკნინო, შეავიწროვო, რომ შედეგიც კატასტროფული იქნება.

ფაქტი სახეზეა.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართველმა მწერლებმა დაკარგეს დანიშნულება, რაც საუკუნეების მანძილზე ჰქონდათ დაკისრებული: მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში ხომ მწერალი პირდაპირ მონაწილეობს?! ახლა ვეღარ გაიგებ, ვინ არის მწერალი და ვინ მწერლის მანტიაში გამოწყობილი "ვითომ მწერალი".

სამწუხაროდ, მავანთა და მავანთა მიერ, ხდება იმ ვაი მწერლების გაპიარება და განდიდება, რომლებიც ყველა ხელისუფლების მომღერალ-მეხოტბეებად გვევლინებიან.

ამ ყველაფერმა გარკვეული როლი ითამაშა იმ თაობების აღზრდა-განათლებაში, რომლებიც ჩვენს შემდეგ მოდიან...

სამწუხაროდ, ნამდვილი მამულიშვილები სანთლით საძებარი გაგვიხდა. წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე, (უფალმა იცის, კიდევ რამდენ ვითომ მხსნელებს შევიცვლით) მიმდინარეობს ნამდვილი მწერლებისა და პოეტების შევიწროება და დევნა: ჯერ იყო და მწერლებს სახლი წაართვეს, რომელიც მათ საჩუქრად გადასცა ჭეშმარიტად ღირსეულმა ქართველმა დავით სარაჯიშვილმა. იგი ნათლად გრძნობდა და ხედავდა, თუ რაოდენ დიდი იყო მწერლის დანიშნულება ქვეყანაში.

 

ნაჩუქარის წართმევა რომ არ შეიძლება, ეს ბავშმაც კი იცის - სამწუხაროდ, ეს არ იცოდნენ „ნაციონალური“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ყველაზე უარესი კი ის გახლავთ, რომ ეს დღემდე ვერ გაიგო 2012 წელს ზარ-ზეიმით მოსულმა ახალმა მთავრობამ, რომელიც ვითომ მიზნად ისახავდა ძველი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოსწორებას და სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში.

სად არის სამართალი?!

აგერ უკვე სამი წელია, ამ " ოცნებად " ქცეულ სამართლის მოლოდინში, იმედის თვალით შევყურებთ ახალ "მხსნელ-მმართველებს", მაგრამ, როგორც იტყვიან, სამართალმა პური ვერ ჭამა.

მწერალთა წართმეული შენობა, დღემდე წართმეულად რჩება. მეტიც, „ნაციონალების“ მიერ დანიშნული ჩინოვნიკები, რომლებიც დღემდე გვევლინებიან ამ შენობის გამგებლად, თავიანთი სურვილისამებრ, ჭრიან და კერავენ და ისეთ საჩოთირო გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც სადაც სამართალია მწერლებთან და პოეტებთან ერთად შესათანხმებელ-გადასაწყვეტია.

გუშინ, სრულიად შემთხვევით გავხდი ერთი ისეთი ფაქტის მოწმე, რამაც შემძრა და უარყოფითი ემოციები აღმიძრა. მწერლის სახლის, ან უფრო სწორედ, ჩვენი მწერალთა კავშირის შენობასთან არსებული ბაღი, სადაც, მწერლებსა და პოეტებს ყოველთვის შეეძლოთ სიმშვიდეში, წინამორბედი გამოჩენილი მწერლებივით თავშეყრა და  აზრების გაზიარება, მწერალთა სახლის დიასახლისის (დირექტორის), ქალბატონი ნატა ლომოურის ნებართვით არენდით იქნა გაცემული ვინმე მაკა გაჩეჩილაძეზე. ეს ისტორიული ბაღი გადააქციეს კაფე-ბარად, სადაც ერთი ფინჯანი ყავა, სულ მცირე 5 ლარი ღირს!

მოგეხსენებათ, რომ მწერალთა ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა და ამ თანხებს ნამდვილად ვერ წვდება. ამიტომ, ღარიბი პოეტის ადგილი, ამ ბაღ-კაფე-ბარში არ არის. სიმყუდროვე კი, რომელიც აქამდე სუფევდა, გარედან შემოსულ დროსმატარებელთა მიერ აშკარად დარღვეულია...

მე პოეტმა დალი ყარაულაშვილმა, ადგილი უნდა დავუთმო გარედან შემოსულ ეგრეთწოდებულ "კლიენტს", რომელიც ნატა ლომოურის და მაკა გაჩეჩილაძის ჯიბეებს ასქელებს. როდესაც ჩემი აზრი, ანუ პროტესტი, ამ საკითხთან დაკავშირებით ღიად გამოვთქვი, ვიღაცას წამოსცდა: "ბოლოს და ბოლოს, თავად ლომოურის ქალიშვილია, მას ყველაფრის უფლება აქვსო"!

ვეკითხები საზოგადოებას: ვინ არის ლომოური და მისი ქალიშვილი?!

რატომ მიეცათ მათ ამხელა უფლებები?!

რატომ მოქმედებენ თავის ნებაზე და რატომ არ ეკითხებიან რამეს, ამ სახლის ნამდვილ მემკვიდრე-მესაკუთრეებს?!

რატომ შეგვიზღუდეს უფლება, ჩვენ - მწერლებსა და პოეტებს, როცა გვინდა შევიდეთ და როცა გვინდა გამოვიდეთ ჩვენს საკუთრებაში და დღეს უკვე სამწუხაროდ კაფე-რესტორნად ქცეულ მწერლების ბაღში?!

რას ფიქრობს ამაზე ახალი ხელისუფლება, რომლის სამართლიან გადაწყვეტილებას უკვე კაი ხანია ველოდებით?!

როდემდე უნდა გვაცხოვრონ ილუზიების ქვეყანაში?!

აქვე აღვნიშნავ, რომ ნატა ლომოურმა თურმე ჩაატარა „საერთაშორისო მწერალთა ფესტივალი".

გვაინტერესებს, რა კრიტერიუმებით შეარჩია, ამ ყოვლად უფლებამოსილმა ქალბატონმა, ფესტივალში მონაწილე მწერლები და პოეტები?

რას დადუმებულა მწერალთა სამყარო?! ბოლოს და ბოლოს, ამოიღებს ვინმე ხმას თუ არა?!

დღეს ბაღი გაიცა არენდით, "კაფე-ბარად“, ხვალ შენობის გარკვეულ ნაწილს გასცემენ არენდით შესაძლებელია სასტუმროდ, ზეგ მივაკითხავთ ამ ისტორიულ საკუთარ სახლს და ალბათ გაყიდული დაგვხვდება. რას ფიქრობს ამაზე ქვეყანა? რას ვფიქრობთ ამ საკითხზე "ჩვენ, პოეტები საქართველოსი"?!

დალი ყარაულაშვილი, პოეტი

 


„ივერიონისგან“: როცა „სამშობლოდან“ ჟურნალისტები კინწის კვრით გამოყარეს, უმრავლესობამ პირში წყალი ჩაიგუბა და ამ დამცირებას ადვილად შეეგუა. როცა მწერლებს საკუთარი სახლი წაართვეს, ესეც ხახვივით შერჩათ „ნაციონალებს“. არადა, ჟურნალისტი და მწერალი ის კატეგორიაა, ვისაც ნორმალურ ქვეყანაში ყველა ხელისუფლება ერიდება.

მიკვირს, ახლა მაინც რატომ აძლევენ ამდენი თავხედობის უფლებას „ნაციონალების“ ხელდასხმულს, მწერალთა „რისხვას“ ნატა ლომოურს იგივე მწერლები და პოეტები, რატომ არ ითხოვენ მწერალთა სახლის მწერლებისთვის მთლიანად გადაცემას და რატომ არ მიაბუნძულებენ უტიფარ დირექტორს იქ, სადაც ჯერ არს!

თუ მწერლები და ჟურნალისტები პირში წყალჩაგუგებულნი იქნებიან, რა ქნან მაშინ რიგითმა მოქალაქეებმა?!