ეს სასწაულმოქმედი „ელიავა“!

ეს სასწაულმოქმედი „ელიავა“!

აბა გაიხსენეთ, ელიავას ბაზრობა რომ ყალიბდებოდა, მისმა დამფუძნებელმა და შემქმნელ-ჩამომყალიბებელმა სულ რამდენიმე ჯიხური დადგა, მტკვრის სანაპიროზე, იმ ხრიოკ ადგილას. კაცი არ ეკარებოდა - აქ რა ბაზრობა უნდა გაჩაღდეს, მორჩით ბაზარს, რაო! – „ბაზრობდა“ ხალხი ერთმანეთში და სასაცილოდ არ ყოფნიდათ, ვიღაც „შერეკილის“ წამოწყება და ინიციატივა!

თანაც რა დროი იყო, 90-იანი წლები - მამა შვილს არ აიყვანდა ხელში! რამდენმა წყალმა ჩაიარა, რა რევოლუციები და ომები არ გადაგვხდა, ბევრი რამე შეიცვალა და გადასხვაფერდა! ...არ შეცვლილა მხოლოდ ელიავას ბაზრობა!

მიუხედავად პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმებისა, ეს საოცარი ფენომენი, სტაბილურად ვითარდება და იფურჩქნება!

ნახეთ რა სავაჭრო ცენტრები შენდება ყოფილი სასაცილო ჯიხურების ადგილას!

ხალხო, ადამიანებო! ამ ეკონომიკური კრიზისებიდან გამოსავალს რომ ვეძებთ და ვერ გვიპოვნია, თვალი გაახილეთ! მხსნელი ჩვენს გვერდითაა - ელიავას ბაზრობის „ხრიოკზე“ დამფუძნებელი და ბიზნესის ოაზისად გადამქცეველი! მოვძებნოთ ეს კაცი, ჩავაბაროთ ეკონომიკა, ეროვნული ბანკი და თუ ველურ პირობებში ბაზრობა ლამის ამიერკავკასიის სავაჭრო მექად აქცია, ხელის შეწყობისა და მხარდაჭერის პირობებში სასწაულებს მოახდენს? „ელიავა“ ხომ ეკონომიკის ქრესთომატია და ვაჭრობის უკვდავი ფენომენია!

თამაზ ჭეიშვილი


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: