დავით ქობალია: ომისთვის და სტიქიური უბედურებებისთვის მშვიდობიანობისას ემზადებიან!

დავით ქობალია: ომისთვის და სტიქიური უბედურებებისთვის მშვიდობიანობისას ემზადებიან!

ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების დღეებში, შეგნებულად ვარიდებდი თავს მომხდარის შეფასებას - კრიტიკული აზრის გამოთქმას, მაგრამ იმდენი არაკომპეტენტური და ტრაგედიის გაშარჟებამდე მისული წერილები და კომენტარები წავიკითხე, რომ იტყვიან, _ ცდუნებას თავი ვერ დავაღწიე!

ვერეს ხეობის კატასტროფას, სოციალურ ქსელში და სხვა მედიასაშუალებებში, უამრავი, _ პოლიტიკოსი, პოლიტიკიდან წასული (თუ გაგდებული), პოლიტიკაში მოსვლის მსურველი, ე.წ. არასამთავრობოები და ვინ მოთვლის, ვინ არ გამოეხმაურა!

თავდაჯერებულ "მწერალ-ექსპერტთა" შორის, აშკარად გამორჩეული ფანტაზიით, ყველაზე შორს ბატონი თამაზ ჭეიშვილი წავიდა.

უცვლელად გთავაზობთ მის ნააზრევს, მომხდართან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც იხილავთ, მკითხველი არ მოკლებია:

"რატომ არ გამოიყვანეს შვეულმფრენებით ადამიანები ვერეს ხეობიდან?
17-06-2015, 12:59

ნანახია: 1325
შედით "იუთუბზე" და ნახეთ, როგორ ოპერატიულად მოქმედებს ავიაცია და როგორ გამოჰყავთ შვეულმფრენებით დასახრჩობად განწირული ადმიანები ევროპაში, ამერიკაში, რუსეთში!

ნახეთ, როგორ ეშვებიან ბაგირებით მაშველები და პირდაპირ ავტომობილის და წყალში ჩაძირული სახლების სახურავებიდან აყავთ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანები.

უამრავი ზარი შედიოდა ვერეს ხეობიდან 112-ის ოპერატორებთან! რატომ არ მიიღეს ზომები, რატომ არ გამოიყენეს შვეულმფრენები ხალხის გადასარჩენად?
ვეკითხები ამ ხელისუფლებას, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს!
რატომ?! რატომ?!

თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, ბევრი მაღალჩინოსანი უნდა გადადგეს თანამდებობიდან ამ ტრაგედიის შემდეგ! "ნაციონალურმა" რეჟიმმა თავისი ცოდვებისთვის უნდა აგოს პასუხი, ამ ხელისუფლებამ კი დოყლაპიობისა და არაოპერატიულობისთვის!

ტალახში ღორებიც კი დააბოტებენ!

თამაზ ჭეიშვილი"

ბატონო თამაზ, არ გამიბრაზდეთ და შეურაცხყოფად ნუ ჩამითვლით, რასაც ახლა გეტყვით:


_რატომ ერევით იმ საქმეში, რაზედაც წარმოდგენა არ გაქვთ?
 
სად ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობით გამოწვეული სტიქია და სად უკუნ ღამეში შვეულმფრენის შესაძლებლობა?!.

_თუ ამ მთავრობის გაშავება გინდათ, სხვა, უფრო დამაჯერებელი ფაქტები შეგიძლიათ მათ  გადმოულაგოთ, თუნდაც, რამდენიმე კვირის წინ, იმავე ვერეს ხეობაში, შედარებით მცირე მასშტაბის წყალდიდობა, რომელმაც ელიზბარაშვილების ცხოველთა თავშესაფარი დააზიანა!

რატომ არ ჰკითხავთ მათ, _ რა ღონისძიებას მიმართეს ამ მცირე სტიქიის მიზეზების გამოსაკვლევად?

_თუნდაც, მდ. ვერეს ხეობა და სათავე თუ გამოიკვლიეს?

დარწმუნებული ვარ, ეს რომ მაშინვე გაეკეთებინათ, აუცილებლად შეატყობდნენ ცვლილებებს ხეობასა და მთის კალთებს. არამც თუ პროფესიონალი სპეციალისტი, _ ხეობაში, მთაში გაზრდილი გლეხიც კი შეამჩნევდა მოსალოდნელ საშიშროებას, მზადყოფნაში დავხვდებოდით სტიქიას, ნგრევას თუ არა, სიკვდილს მაინც ავიცილებდით თავიდან და გაცილებით იოლად გადავურჩებოდით მომხდარ ტრაგედიას!

_იქნებ ეს უნდა გეკითხათ მთავრობისთვის და, _არა შვეულმფრენები, რემბო და დევიდ ჰასსელჰოფი მოგეთხოვათ თავის "მაშველებიანაd"?!.

_1989 წლის 19 აპრილს აჭარაში მომხდარ სტიქიას 42 ადამიანი შეეწირა. ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში სოლგომანის მთა ჩამოიქცა, სამოცდაათი მეტრის სიღრმის ხეობა ამოავსო წარღვნამ და მთელი სოფელი ქვეშ მოიყოლა. მაშინდელი სტიქიის მასშტაბები გაცილებით დიდი იყო, ღმერთმა ყველა ძეხორციელს აშოროს მსგავსი!

საქართველოს ტელევიზიის "სახალხო მეურნეობის გადაცემათა რედაქციის" გადამღებმა ჯგუფმა ფეხით მოვიარეთ მაშინ მთიანი აჭარა (იხ. ჩემს ფეისგვერდზე "აჭარა-ჯავახეთი" დოკუმენტური მასალა რუბრიკიდან "ოდეს კაცსა დაეჭირვოს" 1989წ.). მახსოვს, წაბლანის გარდა, ყველა, მეტ-ნაკლებად საშიში ადგილი გადავიღეთ და იგი საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ მივაწოდეთ ტელემაყურებელს!

_ეტყობა გული მიგრძნობდა, რაღაცა ცუდი უნდა მომხდარიყო, _ 26 წლის შემდეგ, ვერეს ხეობის ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, 11 ივნისს გამოვიტანე ფეისგვერდზე, ისტორიულ, დოკუმენტურ მასალად ქცეული ტელეგადაცემა!

ერთსულოვნება და თანადგომა იმას ჰქვია, მაშინ რომ გამოვლინდა საქართველოში!
ეს სხვა საუბრის თემაა და სხვა დროს მივუბრუნდები მას, მაგრამ, როცა წარმოვიდგენ იმ დღეებთან დაკავშირებულ ყველა წვრილმანს, არ მახსენდება, აჭარის რაიონების ხელმძღვანელებთან ერთად (რომლებიც მოსახლეობის დიდ ნდობასთან ერთად, ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ თავიანთ საგამგებლო ტერიტორიას), გეოლოგების და სეისმოლოგების გარდა, თავდაცვის, შსს-ს მინისტრი,  პრემიერმინისტრი და მითუმეტეს ცეკას პირველი მდივანი (მაშინ პრეზიდენტი არ ჰყავდა საქართველოს) სადმე შეგვხვედროდეს!

_არა იმიტომ, რომ გული არ შესტკიოდათ მომხდარზე, _ არა ბატონებო, მაშინ ყველა დარგს კომპეტენტური და პროფესიონალი ხელმძღვანელი ჰყავდა, გეოლოგის საქმეს გეოლოგი აკეთებდა, სეისმოლოგისას სეისმოლოგი, ექიმისას ექიმი... და ნდობა და გარანტია ერთმანეთის ადექვატური იყო!

ბოდიშს ვიხდი, თემას გადავუხვიე. შვეულმფრენებს მივუბრუნდეთ, _ ბატონო თამაზ, თქვენ თუ ეს განცხადება იმიტომ გააკეთეთ, რომ ხელმოცარული, ნაფტალინის სუნად ქცეული, ხშირ შემთხვევაში ტვინნაკლული ე.წ. პოლიტიკოსები და ინტრიგანები აიყოლიოთ და თქვენ გვერდიდან უყუროთ ამ სეირს, სხვა ამბავია, მაგრამ იგი მაინც უადგილოა და არ უხდება იმ ტრაგედიას, რომელიც ყველა ჩვენგანს დაგვატყდა თავს, ეს სახუმარო და საოხუნჯო არ არის!

_რას ნიშნავს თქვენი მოწოდება, _ "თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, ბევრი მაღალჩინოსანი უნდა გადადგეს თანამდებობიდან ამ ტრაგედიის შემდეგ!"
_თქვენ თუ ეჭვი გაქვთ, რომ დღევანდელმა "მაღალჩინოსნებმა" დააგუბეს ვერეს წყალი ხეობაში და მოსახლეობისგან მოულოდნელად დაუშვეს ღვაცოფი ადამიანთა და ცხოველთა წარსახოცად, დაგვარწმუნეთ და ხვალვე ჯოხებით გავრეკოთ  დამნაშავე ძაღლისშვილები!

რაც შეეხება თქვენი წერილის დასასრულს ნათქვამს, _ "ნაციონალურმა" რეჟიმმა თავისი ცოდვებისთვის უნდა აგოს პასუხი, ამ ხელისუფლებამ კი დოყლაპიობისა და არაოპერატიულობისთვის!"

_იგი გამოსაძიებელია, ოღონდ, _ შვეულმფრენების, რემბოების და ჰასსელჰოფების მოთხოვნის გარეშე!

სიტყვამ მოიტანა და არ შემიძლია ღრმა გულისტკივილი არ გამოვთქვა მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიური და სახანძრო კატასტროფების სიმრავლეთა გამო.
გერმანელებს, ასეთი შემთხვევებისადმი მიდგომის და თავიდან აცილების, ზედმიწევნით მისადაგი გამოთქმა აქვთ, _ "ომისთვის მშვიდობიანობისას ემზადებიან!"

იგივე ითქმის, _წყალდიდობაზე, ხანძარზე, მიწისძვრაზე და ზოგადად სტიქიურ უბედურებებზეც!

წელს, კატატროფის პირველმა ზარმა ქობულეთში ჩამოჰკრა, სადაც _ "მშვიდობიანობისას დავიწყებული სამზადისის გამო" სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა ხანძარმა!

როგორც ხანძრის მიზეზების შესწავლამ ცხადყო (იგი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებზეც ნათლად ჩანს), ქობულეთის სახანძრო სამსახურს, თანამედროვე, ხანძარსაქრობი ტექნიკა რომ ჰყოლოდა, ჩვენი დროის უსახელო გმირები, _ ქართველი მეხანძრეები, სტიქიას დაამარცხებდნენ და სამი მოზარდის სიცოცხლესაც იხსნიდნენ!

...სამწუხაროდ, მას შემდეგ, ხანძარმა, კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა!

_ექსტრემალური შემთხვევის გარდა, როგორც არ უნდა ვუწოდოთ, _ "ცხოველს, მხეცს" გასაუვნებელყოფლად, სასიკვდილოდ კი არ ესვრიან, აძინებენ მას!

_ამაზე უნდა ვწეროთ ბატონო თამაზ და შევაჯანჯღაროთ, როგორც თქვენ ბრძანებთ, _ "დოყლაპია და არაოპერატიული ხელისუფლება"!

ვრცელ წერილს ვამზადებ, ქვეყნის ამ გასაჭირზე და გპირდებით, პირველ რიგში თქვენ წაგაკითხებთ!

დავით ქობალია

მინაწერი: გულმა ვერ მომითმინა და შარშანდელი სახანძრო შემთხვევების სტატისტიკა მოვიძიე ინტერნეტში.

_გაოგნებული დავრჩი შედეგით:

"2014 წელს საქართველოში ხანძრის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში გასულ წელს 11040 რეგისტრირებული ხანძარი დაფიქსირდა, რაც 2015 ხანძრით მეტია 2013 წელთან შედარებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად შარშან ქვეყანაში 68 ადამიანი დაიღუპა.
2013 წელს დაღუპულთა რიცხვი იყო – 48, ხოლო ტრავმირებული – 98.
2014 წელს ხანძრის შედეგად ტრავმირებული იყო 135 ადამიანი. განადგურდა 677 შენობა-ნაგებობა, ხოლო ხანძარს 82 მსხვილფეხა საქონელი ემსხვერპლა."

იმავე წყაროზე დაყრდნობით, ისიც შევიტყვე, რომ, წელს, საქმე "უკეთესად" მიდის, _  "6 თვეში ხანძარს 38 ადამიანი შეეწირა" და დიდი შანსი აქვს ქვეყნის კატასტროფებისა და სახანძრო სამსახურს, შარშანდელი შედეგი "გააუმჯობესოს"!
_სიმწრის ხუმრობად ჩავთვალოთ ზემოთთქმული, მაგრამ, როგორც ვხედავთ მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია!

ბუნებრივია ისმის კითხვა:

_რატომ ხდება ასე?

სამწუხაროდ, დიდი ტვინის ჭყლეტა არ არის საჭირო სწორი პასუხის მისაღებად:

_უმწიფრობის, უვიცობის და ერთი ებრაული წყევლის, _ "შენი არ იცოდე და სხვისი არ შეგესმინოსო!" ქართველებზე ახდენის გამო ხდება ასე!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: