Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-07-2015, 17:31
ნანახია: 2315

ვის ეკუთვნის ფულის „სტანოკი“ და რატომ ემტერებიან მარჯვენასაჭიანებს?!

თბილისის მერია დედააქალაქის მოზღვავებული ავტომანქანებისგან განტვირთვას მარჯვენა მანქანების შეზღუდვით, ან საერთოდ აკრძალვით აპირებს.

როგორც თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია აცხადებს, დედაქალაქმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე უნდა იზრუნოს. ამ მიზნით ახალი ავტობუსების ჩამოყვანაზეა საუბარი, რომელიც ღრმადპატივცემული მერის აზრით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად მუშაობას შეუწყობს ხელს!!!

ნარმანია არ აკონკრეტებს, რა შუაშია მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვა (თუ შეზღუდვა, რაც ჯერჯერობით ბოლომდე გაშიფრული არ არის) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან? კითხვა ლოგიკურია, პასუხი კი მარტივი: შუაში კი არა თავშია.

ამ შემოგდებული თემით დედაქალაქის მთავრობა ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას აპირებს: რომელიღაც ახალდაფუძნებული შპს, ან უკვე არსებული, მაგრამ ვიღაცის კლანურ ინტერესებში ჩამჯდარი, მიიღებს მონაწილეობას მერიის მიერ ფორმალურად გამოცხადებულ ტენდერში, დამაჯერებელი „უპირატესობით“ გაიმარჯვებს და სანდრას ჰოლანდიური ავტობუსებისა არ იყოს, თბილისს ბრჭყვიალა (მტერს თვალს რომ დაბრმავებს და მოყვარეს გულს მოუკლავს), ფერად-ფერადი ავტობუსებით მოამარაგებს.

ფასი კი ისეთი ექნება, მავანთა და მავანთა მადას რომ ეკადრება და ჯიბეებსაც საკმაოდ დაასქელებს!

რაც შეეხება მარჯვენასაჭიანებს, რომელიც ნარმანიას განცხადებით თურმე ქალაქში „მოძრაობას აფერხებს“, ულტიმატუმს წაუყენებენ: კეთილი ინებეთ და გადაიტანეთ მარჯვენა საჭე, სადაც ჯერ არს, ან ქალაქში გასვლას აგიკრძალავთო!

საშუალო სტატისტიკით, დღეს დედაქალაქში რეგისტრირებული (ამას მიამატეთ რეგიონებიდან ჩამოსულიც) მარჯვენასაჭიანი მანქანების რაოდენობა მთლიანი რაოდენობის 30 პროცენტია, რაც ციფრებში საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. როგორ ფიქრობთ, რას უპასუხებენ მარჯვენასაჭიანთა პატრონები მის უდიდებულესობას თბილისის მერიას ულტიმატუმზე?

ბუნებრივია, ისინი აკრძალვას საჭის გადატანას ამჯობინებენ, რაც საშუალოდ 1000 დოლარის ფარგლებში დაჯდება (ალბათ მარკების და მანქანის სიდიდე-სირთულის მიხედვით)

არ გამოვრიცხავ, მერიის ულტიმატუმს ერთი წინაპირობაც მოჰყვეს _ თუ საჭის გადატანას მოიფიქრებთ, ჩვენს მიერ ორგანიზებულ ავტოსერვისში უნდა გააკეთოთ, რადგან, ისინი ამ საქმის პროფესიონალები არიან და ჩვენ მხოლოდ მათ ვენდობითო!

ჭაში ჩავარდნილისა არ იყოს, არ მგონია, ვინმემ წინააღმდეგობა გაუწიოს მერიის იძულებით „რეკომენდაციას“.

ჰოდა, ახლა „კალკულატორები“ მოიმარჯვეთ და გამოიანგარიშეთ, რა კოლოსალურ მოგებასთან ექნებათ საქმე სერვის-ცენტრის მესვეურებს თუ მათ ლობისტებს ამ უწყინარ ოპერაციაში?!

ამოცანა გვეკითხება: ვის ეკუთვნის „ფულის სტანოკი“?

საბა საბახტარაშვილი