ვინ ვის ბიოსტანშია გადასული, ანუ, გამოიძერწება თუ არა გიგი უგულავასგან ახალი „რევოლუციური“ გმირი?!

ვინ ვის ბიოსტანშია გადასული, ანუ, გამოიძერწება თუ არა გიგი უგულავასგან ახალი „რევოლუციური“ გმირი?!

მოკლედ: საქართველოში ნამდვილად არ მოიწყენ _ მართალია, პური არ არის, მაგრამ სანახაობებს ნამდვილად არ გვამადლიან...

გაუბედურებული ლარი და აზვირთებულ-ჩაწყნარებული „კახური ბუნტი“ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ჩაანაცვლა: სასამართლომ დაადგინა, რომ გიგი უგულავა უკანონოდ იხდის სასჯელს და იგი უნდა განთავისუფლდეს.

საკონსტიტუციო განაჩენი ვერც მერაბ ტურავას ავადმყოფობამ თუ „სიმულიანტობამ“ (როგორც ამას „ნაციონალები“ და მათი „მამალი“ მხარდამჭერები ამტკიცებდნენ) გადაავადა. ვერდიქტი გამოტანილია და კასაციას არ ექვემდებარება!..

მთავარი ის კი არ არის, გამოვა თუ არა გიგი უგულავა ციხიდან, მთავარი ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი „ისტორიული“ გადაწყვეტილებით (აბა გაებედათ მსგავსი რამ „ნაციონალური“ რეჟიმის პირობებში) კიდევ ერთხელ ახადა ფარდა დღევანდელი ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ თუ შენიღბულ უსუსურობას.

ის, რომ გიგი უგულავას ჯერჯერობით დანაშაული არ უმტკიცდება, არ ნიშნავს იმას, რომ მისი სახით ფრთაშესხმულ ანგელოზთან გვაქვს საქმე, არც იმას, რომ პროკურატურაში და სხვა სამართლებრივ სტრუქტურებში მხოლოდ არაპროფესიონალები და ჩანერგილები არიან, არამედ იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს წინა ხელისუფლების პერიოდში დაშვებულ დანაშაულობათა სისტემას, რომლის ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი სწორედ გიგი უგულავაა.

თუ საზოგადოების ერთი ნაწილი (ნაციონალები“ და მათი „მამალი“ თუ ბრმა მხარდამჭერები) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ანუუგულავას დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვენ, მეორე ნაწილი აღშფოთებულია ხელისუფლების უსუსურობით და იმუქრება, რომ ვერდიქტს მმართველ კოალიციას მომავალ არჩევნებზე გამოუტანს!..

ისმება კითხვა: რა ხდება სინამდვილეში, რატომ წარმოაჩენს თავს ასე უსუსურად დღევანდელი ხელისუფლება და სადამდე მიგვიყვანს ასეთ გაუთავებელი სანახაობა?!

ძველი ფორმულა, რომ ყველა უბედურება „ნაციონალებს“ დაბრალდეს, უკვე აღარ მუშაობს _ ამჯერად საუბარი არა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებულ საქმეზე და მათი მხრიდან მუდმივ პრესინგზე (საბოტაჟზე) შეიძლება იყოს, არამედ იმ გაფუჭებული საქმეების სამართლებრივ შეფასებაზე, რომელიც საზოგადოებაში სამართლიანობის განცდის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

მე მგონი სამი წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ „ნაციონალების“ მიერ დატოვებული „ხვრელები“ ამოვსებულიყო და ნაცვლად პერმანენტული შეტევისა, „ნაცმოძრაობა“ თავდაცვის რეჟიმზე გადასულიყო. პირიქით კი ხდება, რაც დღევანდელი მთავრობის არა მარტო არაეფექტურობას, არამედ, სრულ უუნარობასაც უსვამს ხაზს.

თუმცა, შეიძლება ეს ყველაფერი მოჩვენებითია და მმართველი კოალიცია ისე იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს! ანუ, მუდმივად “ნაციონალების“ ხელისუფლებაში მობრუნების აჟიოტაჟს ქმნის, რითაც აბალანსებს (ყოველ შემთხვევაში სურს დააბალანსოს) მათ მიმართ საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას -  ხელისუფლება დაიმედებულია, რომ ხალხი ძველი რეჟიმის დაბრუნებას არ დაუშვებს...

არის მეორე კოზირიც, რომელსაც „ქართული ოცნება“ შესანიშნავად იყენებს - ჰორიზონტზე არ ჩანს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთსაც და მეორესაც („ნაცებსაც“ და „ქოცებსაც“) პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაუძახებს!

თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ხალხის მოთმინების ფიალა აივსოს და ამ გულისამრევ თამაშს და ხელოვნურად დაგვირისტებულ „სანახაობას“ წერტილი დაუსვას.

ნიშანდლობლივია ერთი ფაქტორიც: ეს ყველაფერი შეგნებულად ხომ არ კეთდება იმისთვის, რომ მასების უკმაყოფილების ტალღამ საშიშ ნიშნულს მიაღწიოს, რამაც შეიძლება სახელმწიფოს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლამდეც კი მიგვიყვანოს - ხელოვნური პროვოკაციების მოწყობა და დესტაბილიზაციის ორგანიზება დღეს საკმაოდ მარტივია... (პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლაში „ჩრდილიეთური სიმპტომები იგულისხმება, რომელიც თანდათან ძლიერდება)!

რაც შეეხება „ნაციონალების“ მხარდამჭერთა პროპაგანდას, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ სწორედ გიგი უგულავა ჩაუდგება სათავეში ოქტომბერში დაანონსებულ სახალხო მღელვარებას, ეს მხოლოდ გულუბრყვილო ბავშვმა შეიძლება დაიჯეროს - უგულავასნაირი დემაგოგები დღეს ლიდერობას ვერ  გაქაჩავენ - ხალხი უკვე ამას აღარ ჭამს!

თუმცა, ერისთვის უფრო დიდი პრობლემაა, რომ ნამდვილი წინამძღოლი (ლიდერი) არ ჩანს, რომელიც საზოგადოებაში დაგროვილ უკმაყოფილებას (მუხტს)სასურველი მიმართულებით წაიყვანს!

მინაწერი: რაც არ უნდა იფურთხონ საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით და მას „ნაციონალების“ მხარდაჭერა დააბრალონ, ერთი რამ ფაქტია: მან კონსტიტუციური კონონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღო. სხვა საკითხია, ვის აწყობს ეს და ვის არა. თუმცა, რა შუაშია სასამართლო?!

 

                          საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: