დავით უსუფაშვილი: სინამდვილეში არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც ყველა საშუალებით უნდა გავუმკლავდეთ...

დავით უსუფაშვილი: სინამდვილეში არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც ყველა საშუალებით უნდა გავუმკლავდეთ...

განცხადებები იმის თაობაზე, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი შიდა მიზეზი პარლამენტის მიერ მიღებული კანონები იყო, არაკვალიფიციურია, - ასეთ შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკეთებს.

 

"საქართველოში ლარის გაუფასურება თურმე იმის ბრალია, რომ საქართველოს პარლამენტმა არასწორი კანონები მიიღო. თან მაქვს მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში ამავე პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, როდესაც მაქსიმალური რყევის ამპლიტუდა საქართველოში 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის სექტემბრამდე 40,6%-ს შეადგენდა, ამავე პერიოდში მაქსიმალურმა რყევამ ევრო-დოლართან მიმართებაში 32,2% შეადგინა. თუ თქვენ მეუბნებით, რომ საქართველოში ევროკავშირზე 10%-ით უარესი კანონები მიგვიღია და დანარჩენ 90%-ში ევროკავშირის სტანდარტებში ვართ, მე ვიქნებოდი ძალიან კმაყოფილი. გადასარევი კანონები მიგვიღია იმიტომ, რომ მივყვებით ცხოვრებას ისე, როგორც უნდა მივყვებოდეთ. აზერბაიჯანზე არ ვიტყვი არაფერს - იცით იქაური რესურსების თაობაზეც. მაგალითად, თურქული ლირა - 47%-იანი რყევა იყო ამავე პერიოდში, ჩვენთან 41%. ე.ი. თურქეთი წასულა და დაუწყია არაეკონომიკურად სწორი კანონების მიღება. არაფერს ვამბობ სხვა მეზობლებზე - ყაზახეთზე, სომხეთზე. დიდ ბრიტანეთშიც კი, ცუდად წასულა საქმე, დაახლოებით ნახევრად, იქ 17%-იანი რყევა იყო. თითქმის ნახევრად არასწორი კანონები მიუღიათ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილის თქმით,ასეთი რთული საკითხებისადმი ასეთი მარტივი დამოკიდებულება, არასწორია. "პარლამენტმა არასწორი კანონი მიიღო და იმიტომ არის ლარი ასე დოლართან მიმართებაში, ან იმიტომ, რომ მხოლოდ გარეთ არის პრობლემები და ჩვენ რა შუაში ვართ, ან მხოლოდ ეროვნული ბანკია ამაში დამნაშავე და ჩვენ რა შუაში ვართ, ან მთავრობაა მხოლოდ დამნაშავე და ჩვენ, ეროვნული ბანკი რა შუაში ვართ, ეს არის ძალიან არაკვალიფიციური მსჯელობა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ამას ამტკიცებს. სინამდვილეში არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც ყველა იმ გზით და საშუალებით უნდა გავუმკლავდეთ, რაც ჩვენს ხელთაა. საქართველოს პარლამენტს რა შეუძლია აქ გააკეთოს? ინვესტიციებს ვერ ჩამორიცხავს საქართველოში. ჩვენ კანონმდებლობა უნდა გავაუმჯობესოთ. თუ სადმე ძველ კანონში, ან ახალ კანონში არის ხარვეზი, ის უნდა გავასწოროთ, მაგრამ საკითხის ასე დაყენება, რომ პარლამენტის კანონებმა მოიტანა ის, რაც მოიტანა, ეს არ არის ფაქტებით დადასტურებული და არც კვალიფიკაციის დონეზე სწორი. იმას კი არ გეუბნებით, რომ რაც კანონები მივიღეთ, ყველა სწორია - კანონებში ცვლილებებით ვართ დაკავებული 80%-ში, დანარჩენი არის ახალი კანონები. ცვლილება როცა შეგვაქვს, იმ ცვლილების დროს რაღაცის შეცვლა გვინდა. დიახ, 2012 წელს მე არ ვიცოდი, რომ ქვეყნის გარშემო ეს ეკონომიკური ვითარება იქნებოდა. მე არ ვიცოდი, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა აუცილებლად და ჩვენი უმთავრესი და სავაჭრო პარტნიორი იმ ვითარებაში იქნებოდა, სადაც დღეს არის. ამიტომ იმ დროს 2012-შიც და 2013-შიც, როცა კანონს ვიღებდი, ეს ვერ გავითვალისწინე. თუ ვინმემ იცოდით, ეს უნდა გეთქვათ. ამასობაში არ ვამბობ, რომ კანონმდებლობის დონეზე ყველაფერში წესრიგია, მაგრამ თუ ქვეყნის გადარჩენა გვინდა, ასე არ უნდა გავიშვიროთ თითები - ეროვნულმა ბანკმა შენი ბრალია, არა, ფინანსთა სამინისტრო, შენი ბრალია, არა, პარლამენტო, შენი ბრალია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: