თინათინ ხიდაშელი: საქართველო დიდი ხანია იმსახურებს NATO-ს წევრობას

თინათინ ხიდაშელი: საქართველო დიდი ხანია იმსახურებს NATO-ს წევრობას

ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "ბარიერის" პირდაპირ ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში 8 ოქტომბერს დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ნატოს შტაბ-ბინაში საფრანგეთის, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართავს შეხვედრებს.

 

"პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან საქართველოსა და პოლონეთს შორის საიდუმლოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გავაფორმებ, რომელიც ჩვენ ნატოს არსებითი პაკეტის უფრო ეფექტურად იმპლემენტაციაში დაგვეხმარება. აქამდე, ჩვენ სხვადასხვა პროექტების წარმატებით განხორციელების სფეროში ტექნიკური ბარიერი გვქონდა. ორი კვირის წინ ჩემი პოლონეთში ვიზიტის დროს, მე და პოლონეთის თავდაცვის მინისტრი შევთანხმდით, დავიცავით შეთანხმებას, დავასრულეთ პროცედურები და 7 ოქტომბერს ამ ხელშეკრულების ხელმოწერა იქნება", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

 თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ სტოლტენბერგი საქართველოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს: "ნატოს გენერალურ მდივანს აშშ-ში ერთი კვირის წინ შევხვდი. ძალიან ბევრი მიმდინარე საკითხი და დეტალია, რომელზეც ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი, რომ ამდენ დროს უთმობს საქართველოს. ის რამდენიმე ხნის წინ იყო საქართველოში, როდესაც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. ვიზიტი მქონდა მანამდე ბრიუსელში, სადაც საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა; ერთი კვირის წინ ამერიკაში შევხვდით და ხვალ კიდევ მექნება მასთან საუბრის შესაძლებლობა. ეს თავისთავად მნიშვნელოვანია. ეს მეტყველებს ყურადღებაზე და მნიშვნელობაზე, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს ანიჭებს. ამისთვის მას მხოლოდ დიდი მადლობა შემიძლია ვუთხრა".

 

თინათინ ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც 28+1-ის ფორმატში გაიმართება: "შესაძლებლობა მექნება ნატოს ყველა მინისტრის წინაშე წარვსდგე ყველა იმ პრიორიტეტით, რომელიც ამ წუთებში საქართველოს გააჩნია პოლიტიკურად ანუ რა პოლიტიკური მოლოდინები აქვს საქართველოს ვარშავის სამიტიდან, დეკემბრის მინისტერიალიდან, ასევე ვისაუბრო იმ პრაქტიკულ ასპექტებზე, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში გვაქვს, პრობლემებზე, წინაღობებზე, წარმატებებზე იმიტომ, რომ ეს პროცესი არის ძალიან დინამიური. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი დახმარება, რომელსაც მუდმივად ვიღებთ მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენ კიდევ მორიგი ასეთი შეთავაზებები გვექნება ნატოს მინისტრებისთვის".

 

გადაცემა "ბარიერის" პირდაპირ ეთერში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს შეეხო.

 

"მჯერა, რომ საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ნატოს წევრობას. მაგრამ ეს არ არის საინტერესო, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები, ეს გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს, რომელიც მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ზის. ჩემი მთავარი ამოცანაა ნატოს წევრობა. ტაქტიკური ამოცანა არის ის, თუ როგორ უნდა მივიდეთ მთავარ სტრატეგიულ ამოცანამდე. საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მაპ-ის მიღება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, გასავლელი ნაბიჯი. მაპ-ის ნაბიჯს რომ გაივლი, ამის შემდეგ დადგები წევრობის გზაზე. ვამბობ, რომ საქართველომ გაიარა მაპ-ის გზა. საქართველო დღეს ახორციელებას ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტს, რომლის მაგვარიც, მიახლოებულიც კი არცერთ ქვეყანას საქართველოს გარდა არ ჰქონია. ჩემი ტაქტიკური ამოცანა სტრატეგიული ამოცანის მისაღწევად არის ის, რომ საქართველომ უნდა გამოტოვოს მაპ-ის ეტაპი. ჩემი სტრატეგია, ასევე ტაქტიკა არის აბსოლუტურად ღია და მე ეს გზა სრულიად შეგნებულად ავირჩიე იმიტომ, რომ საქართველოს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ დახურულ კარს მიღმა რაღაც თემებზე ჩუმად ილაპარაკოს. საქართველოს სჭირდება ძალიან ღია, ნათელი პოლიტიკა, რომელიც ღია და ნათელი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის და ყველას გვეცოდინება ვის რა მოლოდინები აქვს. ჩვენ ვითხოვთ მაპ-ზე გადახტომას. თუმცა, მაპ-ს თუ მოგვცემენ უარს არ ვიტყვით. ეს არის პოლიტიკური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს. პოლიტიკურად იქ ვართ, რაც გვითხრეს ბუქარესტში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი მაპ-ის შესრულების შემდეგ. ხვალ რომ იყოს ის მომენტი, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაუდგათ, ჩვენ ხვალ ნატოში არ მიგვიღებენ იმიტომ, რომ ვალდებულებად გვიწერია მაპ-ი უნდა გავიაროთ. ჩემი ამოცანაა ქვეყანა იმ მომენტისთვის იყოს მზად, როცა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ სტრატეგიული მომენტი დადგება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომენტი ძალიან მალე დადგება ძალიან სამწუხარო რეალობის გამო, რაც დღეს ხდება სირიაში, სამწუხარო ამბების გამო, რომელიც დღეს მსოფლიოში ხდება. მე ძალიან ოპტიმისტურად და რეალისტურად ვუყურებ ამ შესაძლებლობას. ოღონდ გზაზე ბარიერი არ უნდა გვქონდეს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: