კახა კახიშვილი: პატიმრების ნამუშევრები ელეტრონული მაღაზიების საშუალებით გაიყიდება

კახა კახიშვილი: პატიმრების ნამუშევრები ელეტრონული მაღაზიების საშუალებით გაიყიდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უახლოეს მომავალში სისტემაში სიახლეს დანერგავს - კერძოდ, მსჯავრდებულებს საკუთარი ხელნაკეთი ნივთების ელეტრონულად გაყიდვა შეეძლებათ. მინისტრმა კახა კახიშვილმა ამ სიახლის შესახებ დღეს გამართული 3-წლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

"წლების განმავლობაში ციხეებში ხდებოდა სხვადასხვა ნაკეთობების დამზადება. ეს ყველაფერი გამოფენებზე თუ იქნებოდა წარმოდგენილი და ამით მთავრდებოდა. სტიმულირება არ ხდებოდა ამ კუთხით. ამიტომ ვქმნით ელექტრონული მაღაზიის გვერდს, სადაც პატიმრების ნამუშევრების სურათები განთავსდება და ელექტრონული გაყიდვები განხორცილედება. თანხები პირდაპირ პატიმარს გადაერიცხება ბარათზე", - განაცხადა მინისტრმა.

 

კიდევ ერთი სიახლე - 2016 წლიდან საპატიმროებში სახალხო დამცველის წარმომადგენელს ფოტოგრაფირების უფლება მიეცემა.

 

"ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი. სერიოზული პოლემიკის საგანი იყო, გადასცემოდა თუ არა სახალხო დამცველს ფოტოგრაფირების უფლება. ეს ამ სივრცეში რევოლუციური გადაწყვეტილებაა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტმა მას მხარი დაუჭირა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიეცემა მსჯავრდებულის და ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანების ფოტოგრაფირების უფლება; ასევე მათი განთავსების და სანიტარიულ-ჰიგიენური ადგილების ფოტოგრაფირების უფლება. რეგულაცია კანონში უკვე არის, მიმდინარეობს დახვეწა, რომ ეს სურათები გამოყენებული იყოს საქმისთვის და არა რაღაც უაზრო პიარისთვის", - განაცხადა კახიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: