ირაკლი ღარიბაშვილი: ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია!

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "თავს ვერ მოვიტყუებთ, თითქოს კონფლიქტებს მსოფლიოს სხვა კუთხეებში ჩვენთან არაფერი აქვთ საერთო".

 

"ალბათ, თავისთავად ცხადია, რომ საფრთხეები, რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ, თავიანთი არსით ცვალებადია. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ძალადობა ეთნიკური ნიშნით, ტერორიზმი და მიწებსა და რესურსებზე კონტროლისთვის ბრძოლა საფუძვლად დაედო კონფლიქტების უმრავლესობას. ჩვენ ასევე გვიწევს პროპაგანდისა და საინფორმაციო ომის ახალ ტიპებთან ბრძოლა. ჰიბრიდული საფრთხეები და ომი დღევანდელობის ნორმად იქცა. ამ საფრთხეებთან საბრძოლველად ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი მიდგომა არსებული პირობების შესაბამისი სხვადასხვა ინსტრუმენტით. სტაბილიზაცია ისეთ ადგილებში, როგორიცაა ავღანეთი და ერაყი, მოითხოვს სამხედრო და სამოქალაქო მონაწილეობის კომბინაციას. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენასა და გაძლიერებას, რათა სახელმწიფოებმა იარსებონ და განვითარდნენ. სირია და შუა აღმოსავლეთი მზარდი შეშფოთების საგანია. რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ ახალ საფრთხეებთან ბრძოლაში? პირველია ჩართულობა. მსოფლიოში, რომელიც სულ უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება, ჩვენ გვჭირდება ჩართულობა. ჩვენ ვერ ჩავიკეტებით და თავს ვერ მოვიტყუებთ, თითქოს კონფლიქტებს მსოფლიოს სხვა კუთხეებში ჩვენთან არაფერი აქვთ საერთო. პირიქით, მათ აქვთ გავლენა ჩვენზე. მეორე პრინციპია პარტნიორობა. დღევანდელ მსოფლიოში, როცა ძალაუფლება სულ უფრო ფრაგმენტირებულია, გლობალური უსაფრთხოება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი თუ იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის განცხადებით, პარტნიორობა ქართულ გენშია ჩადებული და სწორედ ამიტომაც ვისწრაფვით ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

 

"სულ რაღაც 20 წლის საქართველო იყო სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული იზოლირებული ქვეყანა, სადაც თანამედროვე სახელმწიფოს სულ რამდენიმე ინსტიტუტი ფუნქციონირებდა. 2012 წელს მთავრობამ მიღო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის, როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტის, გატარების მკაფიო მანდატი. დღეს ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს წინსვლას, რასაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. წინ კიდევ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ დღეს უკვე ჩავუყარეთ საფუძველი მტკიცე პარტნიორობას, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენი ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენი მზარდი ეკონომიკა მუშაობს საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერებულია, ხოლო ჩვენი საგარეო პოლიტიკის წყალობით ცხოვრება უფრო უსაფრთხოა. მართალია ჩვენი უსაფრთხოების წინაშე იდგა მნიშვნელოვანი საფრთხეები, ჩვენ წინ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა იმავე სულისკვეთებით, როგორც ჩვენი წინაპრები ათასობით წლის წინ.

როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო გახდება მშვიდობისა და სტაბილურობის კონსტრუქციის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი მეზობლებისათვის და რომელიც მხოლოდ გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

ღარიბაშვილის განცხადებით, ამაყობს, რომ შარშან საქართველომ მიიღო პირველი ამომწურავი გრძელვადიანი ადამიანის უფლებათა სტრატეგია და დაამტკიცა ანტიდისკრიმინაციული კანონი.

 

მისი თქმით, მტკიცე უსაფრთხოება მიიღწევა მხოლოდ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე, ასევე მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება. პრემიერის განცხადებით, ამ უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: