დიმიტრი ქუმსიშვილი: "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კერძო დავა მიმდინარეობს

დიმიტრი ქუმსიშვილი: "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კერძო დავა მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპარლამენტარების განცხადების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხო განცხადება გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კერძო დავა მიმდინარეობს.

 

"მინდა, სრულად გავემიჯნო იმას, რომ ვინმე ხელში იგდებს "რუსთავი2"-ს. ჩვენი ხელისუფლება არანაირ მონაწილეობას არ იღებს ამაში. ეს არის კერძო დავა - ორი დამფუძნებელი ერთმანეთში დავობს. მათ უნდა გაარკვიონ და სასამართლომ უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ სარედაქციო პოლიტიკას, ქვეყანაში ნებისმიერ სარედაქციო პოლიტიკას აქვს უფლება, რომ იყოს, მათ შორის სუბიექტურს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ევროპარლამენტის წევრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ. ისინი საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ:

 

"გვსურს, გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება საქართველოში ახლახან განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.

 

უკიდურესად გვაღელვებს საქართველოს წამყვანი და ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი ტელეარხის "რუსთავი 2"-ის შესაძლო ხელში ჩაგდება და შესაბამისად, მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

 

ჩვენი მოსაზრებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკურ არეალს და საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას.

 

კვლავ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გრძელდება ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერთა და წევრთა სამართლებრივი დევნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ექს-პრეზიდენტის, თავდაცვისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრების, თბილისის ყოფილი მერისა და ადგილობრივი ხელმძღვანელების ჩათვლით.

 

შეშფოთებას გამოვთქვამთ წინასასამართლო დაკავების ხშირად ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, საგამოძიებო ქმედებებში პოლიტიკური ჩარევის, მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით წინასწარ შერჩევისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატურად დარღვევის გამო", - ნათქვამია ღია წერილში. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: