Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (12)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
5-11-2015, 12:51
ნანახია: 703

ლევან ალაფიშვილი :

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

 

- ბატონო ლევან, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და "რუსთავი-2"-ის წილების დაბრუნებაზე ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ტელეკომპანიის ადვოკატები გადაწყვეტილებას არასამართლებრივსა და უკანონოს უწოდებენ. გითხრათ სიმართლე, მაინც მქონდა მოლოდონი, რომ სასამართლო შუალედურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. თქვენ როგორ შეაფასებდით სასამართლოს გადაწყვეტილებას? გამოცხადებული გადაწყვეტილება იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას, როგორც ამას "ნაციონალები ამტკიცებენ? 

 

- ეს პროცესი არაერთი თვალსაზრისით შემორჩება ისტორიას, როგორც სამაგალითო. მათ შორის უპირველესია საზოგადოების ინფორმირების დაბალი დონე. გვახსოვს, დიდი ხნის განმავლობაში ველოდით, რომ სასამართლო ერთ დღეს გამოიტანდა გადაწყვეტილებასაც და დაუყოვლებლივადაც აღსრულდებოდა. თუმცა, აღმოჩნდა რომ საქმის განხილვა ჯერ მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზე იყო და გადაწყვეტილება, მითუმეტეს დაუყოვნებლივ აღსასრულებელი არ იქნებოდა გამოტანილი. ასევე, მოგვიანებით გავიგეთ, რომ მოსარჩელეს საერთოდ არ ჰქონდა დაყენებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნა. დაბალი ინფორმირების ფონზე ჭარბად იყო ინტერპრეტაციები და პოლიტიკური რიტორიკა, რამაც სასამართლო დავა აქცია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებად. ინფორმირების დაბალი დონის, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს, ჯერ წინ არის ზემდგომ ინსტანციებში განხილვები, შეუძლებელია სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეფასება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პროცესს გავლენა აქვს არა მხოლოდ დავის მხარეებზე, არამედ საზოგადოებაზე, ხელისუფლებასა და სახელმწიფოზე. იგი მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის, საკუთრების უფლების კუთხით, აგრეთვე სასამართლო პრაქტიკის შეცვლისა, თუ ჩამოყალიბებისათვის. ამ პროცესის შედეგი განაპირობებს სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში პროკურატურაში წარდგენილი საჩივრების დიდი ნაწილის სასამართლოში გადამისამართებას. ხელისუფლებისა და სასამართლოს მზაობის არარსებობის პირობებში ამან შესაძლოა, სისტემის კოლაფსის წინაპირობები შეიქმნას. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობა და მისი შედეგი შესაძლოა, ყველაზე მეტად ხელისუფლებისთვის აღმოჩნდეს ზიანის მომტანი.

 

- დამკვირებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა, დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა მოსამართლე ურთმელიძე, ვინაიდან რა გადაწყვეტილებაც არ უნდა ყოფილიყო მიღებული, "რუსთავი-2"-ის კუთვნილებასთან დაკავშირებული პროცედურა გაჭიანურდებოდა. ეს პროცედურა კიდევ უფრო გაჭიანურდება, ვინაიდან "რუსთავი-2" გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. შესაძლოა, ამის გამო გამოთქვამდა უკმაყოფილებას ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, როცა აცხადებდა - "საკონსტიტუციო სასამართლოს საჯაროდ არ გაუხდია "რუსთავი-2"-ის სარჩელი და გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამ საკითხზე პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებებიც არ მოუსმენია." მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოყენებული პრაქტიკა შესაძლოა, მომავალში "სახიფათო" აღმოჩნდეს. შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით დაწყებული დავა "ნაციონალებმა" წააგეს და მათ ტელეკომპანიის შენარჩუნების შანსი პრაქტიკულად არ აქვთ?

- ამ ეტაპისთვის, რაც შეიძლება ნამდვილად ითქვას, არის ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დავის ორივე მხარე ნაწილობრივ გამარჯვებული ან ნაწილობრივ დამარცხებულია. ამასთანავე, გაჩნდა არასასურველი კითხვები, თუ წუხილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში. სხვა მხრივ, საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. წინ გასაჩივრების პროცედურებია და, როგორც მხარეებმა განაცხადეს, ისინი ამ გზას გაივლიან. აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, ასეთი მნიშვნელობის მქონე საქმის მიმდინარეობა საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინფორმირების დაბალი ხარისხის პირობებში არანაკლებ დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თვით საქმის განხილვის შედეგი. არადა ჩანს, რომ არსებობს სიმართლე, რომელიც მხარეებმა იციან და, რომელიც არის სხვაგან და არა სასამართლო დარბაზში, თუ საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

- გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები? "რუსთავი-2" აღიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვლენები სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდება, თუ ისევ საკითხის პოლიტიზება და პოლიტიკური პროცესის ქუჩაში განვითარებაა მოსალოდნელი? 

 

- სამართლებრივად კომპანიის თანამშრომლებს ეს დავა არ შეეხება, არც კომპანიასთან მათ ურთიერთობებს. თუკი კომპანიის წილების მესაკუთრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ამ სახით დარჩება ძალაში, ეს ახალ მესაკუთრეს აძლევს კომპანიასთან და კომპანიის დირექტორთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების უფლებას და არავითარ შემთხვევაში თანამშრომლებთან, რომელთანაც შრომითი ურთიერთობები აქვს კომპანიას. ასე რომ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარება კომპანიის მიერ არ არის სწორი ტერმინი, სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და ეს პროცესი დასრულდება წილის მესაკუთრის ცვლილების რეესტრში რეგისტრაციისთანავე. შემდგომში, წილის ახალი მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკვე ამ სასამართლო პროცესის ნაწილი აღარ იქნება, თუმცა შეიძლება იქცეს სხვა, ახალი დავების საგნად. ისე კი პოლიტიკური ქიშპობის გაგრძელება და ტელეკომპანიის პოლიტდებატების საგნად ქცევა შესაძლებელია და მისაღებია კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვაც. მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლოა, გასცდეს კანონის ფარგლებს და იქცეს სამოქალაქო დაპირისპირებად. გონიერება ის იქნება, რომ ამ ყველაფრით კიდევ უფრო არ დაზიანდეს სახელმწიფოს ინტერესები და ჩვენი დასავლური დემოკრატიის ოჯახში დამკვიდრების პროცესი.

 

- შემოდგომაზე საშინაო პოლიტიკაში ვითარების გამწვავებას ბევრი კი პროგნოზირებდა, მაგრამ თუ შიდა პოლიტიკაში პროცესი ისეთ სახეს მიიღებდა, ძნელად წარმოსადგენი იყო. "რუსთავი-2-"ის კუთვნილებასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო დავის შემდეგ პროცესები ნეგატიური ნიშნით ელვის სისწრაფით განვითარდა. სააკაშვილის საუბარმა გვარამიასა და ბოკერიასთან, არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეები, არამედ, "ნაციონალების" მხარდამჭეერებიც კი შოკში ჩააგდო. ასევე არანაკლებ გამაღიზიანებელი აღმოჩნდა სხვა გავრცელებული ჩანაწერებიც. ბევრი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების თაობაზე პოლიტიკურ წრეებსა და გარკვეულწილად საზოგადოებაშიც არსებული დაძაბულობა აშკარად განმუხტა, მაგრამ რა ვადით, ძნელი სათქმელია. თქვენ როგორ შეაფასებდით დღეისათვის ქვეყანაში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ რეალობას და იმ სამართლებრივ ასპექტებს, რომელშიც ეს პროცესები რეალურად ვითარდება?

 

- ვერ ვიტყვი, რომ რეალობა და პროცესების ესკალაცია იმ დონისაა, სამოქალაქო სტაბილურობას საფრთხე ემუქრებოდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ან გაზაფხულზე, თუკი ყველამ, პირველ რიგში ხელისუფლებამ გონიერება არ გამოიჩინა, საფრთხე არ იარსებებს. შესაძლოა, ახალმა პრობლემებმაც იჩინოს თავი. ჩვენისთანა გარდამავალი დემოკრატიისა და სუსტი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნისთვის სამოქალაქო არასტაბილურობას რა შედეგი მოაქვს, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს - შემცირებული ინტერესი და საგარეო მხარდაჭერა, დასუსტებული ეკონომიკა, დამძიმებული სოციალური მდგომარეობა - ეს მხოლოდ ნაწილია. ამ ფონზე კი, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სახელმწიფოს მმართველ რეჟიმს, რომელსაც უკვე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, შეიძლება მიეცეს საუკეთესო შანსი საკუთარი ზრახვების რეალიზებისთვის ყოველგვარი ძალისა და აგრესიის გამოყენების გარეშე. წინ საპარლამენტო არჩევნებია. ფრაგმენტირებული პარლამენტის პირობებში იზრდება მცირე ჯგუფის შანსები, გაატარონ საკუთარი ინტერესები. 

 

- რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტებს. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მმართველ გუნდს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. მისივე მტკიცებით, ფარული ჩანაწერები ხელისუფლებას რუსულმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს. ვიცე-პიკერ მანანა კობახიძის განცხადებით - "ახლა ბევრი რამ პროკურატურის ეფექტურ და სწრაფ მოქმედებაზეა დამოკიდებული". პროკურატურმ კი განაცხადა, რომ გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერების გამოსაკვლევად გამოძიება დაიწყო, მაგრამ თუ ვინ განახორციელა ჩანაწერები და შემდეგ ინტერნეტსივრცეში გავრცელება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. არადა, ეს რომ უმარავ პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს, ფაქტია. გასაგებია, რომ გამავრცელებლის დადგენით ფარულად განხორციელებული ჩანაწერების შინაარსი არ შეიცვლება, მაგრამ ახლა რომ ამის დადგენა ძიების ინტერესებშია, ფაქტია. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ პროკურატურა ვერ ახერხებს ეფექტურად და სწრაფად მოქმედებას?

 

- პროკურატურა ხელისუფლების უსუსტესი რგოლია, როგორც ინსტიტუციურად, ასევე რეფორმირების მიმართულებით. გვახსოვს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავარი პროკურორის გამწესებისა და დაქვემდებარების წესის შეცვლას ეწოდა რეფორმა. ეხლა ეს წესი იცვლება და ესეც ისევ რეფორმად არის მიჩნეული. სამი წლის განმავლობაში ორი რეფორმა. გახმაურებულ საქმეებზე გამოტანილი არაერთი გამამართლებელი განაჩენი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექსტრადირებაზე უარის თქმის შემთხვევები, ნატო-ს და დასავლეთის დემოკრატიის ბოლო პერიოდის რიტორიკაში საჯაროდ გამოხატული წუხილი პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თაობაზე - ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩენს რეალური რეფორმის საჭიროებას და ამაზე საქართველოში ვიზიტისას მკაფიოდ მიანიშნა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ. 

რაც შეეხება ბოლო პერიოდში გავრცელებული ჩანაწერების საკითხს: მათი წარმომავლობა, კანონშესაბამისობა გამოძიებით თუკი არ დადგინდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც და პროკურატურასაც გაუჭირდებათ მხოლოდ ამ ჩანაწერებით ვინმესთვის ბრალის წაყენება და სასამართლოში საქმის წარმატებული დაცვა. ეს კი შეამცირებს ნდობას და გააჩენს დამატებით კითხვებს, როგორც პროკურატურის, ასევე ახლადგამოყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და პროფესიონალიზმის მიმართულებით. 

საქმეს ის ართულებს, რომ ამ ჩანაწერების კანონშესაბამისობა უნდა დადგინდეს საქართველოს და უკრაინის კანონმდებლობასთან მიმართებაში.

 

- პრემიერმა ირაკლი რაღიბაშვილმა განაცხადა - "რევოლუციის მომზადება სააკაშვილის ოცნებად დარჩება"... "სააკაშვილის ადგილი ციხეშია". მინისტრმა წულუკიანმა კი აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი დაიწყო, მაგრამ ორივე მხარე ერთმათენს თითქმის ერთნაირი რიხითა და დამაჯერობლობით მუწოდებს, არ გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან. თვალშისაცემია ის, რომ "ნაცმოძრაობამ" მოქმედების სტრატეგია აშკარად შეცვალა. ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა ამ მოვლენების განვითარებამდე "ინტერპრესნიუთან" ინტერვიუში ბრძანა - "ნაცმოძრაობას" და ხელისუფლებას პოლიტიკური ცხოვრება ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში გადაჰყავთ, რაც შეიძლება დრამატული შედეგებისა აღმოჩნდეს". იმის გათვალისწინებით, რომ "ნაცმოძრაობა" "რუსთავი-2"-ის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ფარულს ჩანაწერებში სოფო ნიჟარძესთან საუბარში მრავალმნიშვნელოვნად აცხადებს - "მანდ სისხლისღვრა იქნება". არადა ცხადია, ვითარებაში, როცა ჩვენ არაერთ არასასურველ ტურბულენციაში მოხვედრის შანსი გვაქვს, პასუხიმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკური ძალის ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანამ წონასწორობა არ დაკარგოს. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს, "რუსთავი-2"თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენი აზრით, უახლოეს მომავალში მოვლენათა განვითარების რა სავარაუდო სცენარები შეიძლება არსებობდეს? 

 

- სხვადასხვა ჯგუფებს შეიძლება, რაიმე სცენარები ჰქონდეთ, მაგრამ სახელმწიფოებრივი მიდგომისა და გონივრულად მოქმედების პირობებში მე ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ უახლოეს პერიოდში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და დაპირისპირებამ იმ დონეს მოაღწიოს, რომ სამოქალაქო არეულობები ვიხილოთ.

 

- პოლიტოლოგისა და კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, "ნაციონალებმა" თავი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს". კონტრუქციულები და ნაკლებად აგრესიულები რომ ყოფილიყვნენ მათთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა. მეტიც, მისივე აზრით, "ნაციონალები" პარტიის შიგნით რებრეიდინგის განხორციელებას ვერ ახერხებენ. "ნაციონალებს" ლიდერის შეცვლის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ პარტიის ფინანსები სააკაშვილის განკარგულებაშია, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ მისგან "განთავისუფლებას". დამკვირებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ უკანსკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სააკაშვილი "ნაციონალებისათვის" უფრო პრობლემაა, ვიდრე "აქტივი". თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები თავად "ნაცმოძრაობაში"?

 

- საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს დასკვნებისთვის, ვერაფერს გეტყვით, რა მოხდება პარტიაში. ვფიქრობ სწორი, ობიექტური თვითშეფასებისა და გადაწყვეტილებების პირობებში "ნაცმოძრაობისთვის" ოპტიმალური შედეგი იქნება დღეს არსებული საპარლამენტო წარმომადგენლობის მეტნაკლებად მაინც შენარჩუნება. მომდევნო საპარლამენტო ციკლისთვის, ამაზე მეტის მოლოდინი არ მგონია რეალური იყოს.

 

- მოგეხსენებათ, 2016 წელი საპარლამენტო არჩევების წელია. არჩევნებამდე ყველაზე ნაკლები 11 თვეა დარჩენილი. უამრავი სოციოლოგიური კვლევები ტარდება, მაგრამ პარტიების რეალური რეიტინგების დადგენა საკმაოდ რთულია. ეს რომ ასეა, შუალედური არჩევნების შედეგებმაც გვანახა, ვინაიდან ისინი საკამოდ დამაფიქრებელი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისათვის". გასაგებია, რომ ამჯერად ელექტორატს აქტივობის მიზეზი არ ჰქონდა და ეს არჩევნები უფრო პარტიული აქტივების შეჯიბრი გახლდათ, მაგრამ მისი შედეგები რომ ყველა პოლიტიკური ძალისაგან მოითხოვს სერიოზულ ანალიზს, ცხადია. თუ საშინაო პოლიტიკაში ახლა არსებული დინამიკა შენარჩუნდა, რომელი პოლიტიკური ძალები შეიძლება იქნან მოაზრებული მომავალი საპარლამენტო არჩენებში გამარჯვების ფავორიტებად? და კიდევ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკურ ველზე "ქართული ოცნებასა" და "ნაციონალებს" სერიოზული კონკურენტები გამოუჩდეთ? თუ კი სავარაუდოდ, რა ტიპის პოლიტიკური ძალა შეიძლება გახდეს ანგარისგასაწევი? 

 

- ჩვენი პოლიტიკური სუბიექტების სიძლიერისა და მათდამი ნდობისა, თუ მხარდაჭერის დონის გათვალისწინებით, ერთი რამ შეგვიძლია ნამდვილად ვივარაუდოთ - 2016 წლის პარლამენტი იქნება არსებულზე მეტად ფრაგმენტირებული. ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ რეფორმების, თუ საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე ექსკლუზივი რომელიმე ერთ პარტიას არ ექნება და ამასთანავე კონსენსუსიც რთულად მისაღწევი იქნება. ეს გავლენას იქონიებს მთავრობის ფორმირებაზე და მისდამი ნდობის ხარისხზეც, არასტაბილური მთავრობა კი ეფექტური ვერ იქნება. 

მიუხედავად ამისა, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სტაბილურობით მისვლა და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება. როგორი რთულიც არ უნდა იყოს და რა გამოწვევებიც არ უნდა გაჩნდეს ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, ეს ჩვენი შანსი და პასუხისმგებლობაა.