Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (12)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
5-11-2015, 13:03
ნანახია: 596

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალ_ღონეს არ დავიშურებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად

"საქართველოსა და ლიტვას 20 წელზე მეტია, დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებთ და ამ პერიოდში ჩვენ თანამშრომლობის მტკიცე საფუძველი შევქმენით; დღევანდელი შეხვედრა ისტორიული მოვლენაა", - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ვილნიუსში.

 

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

 

"საქართველო მზად არის, სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი ჩვენ შორის ენერგორესურსების, ასევე ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საქმეში. ამ სფეროებში ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლა. სასიხარულოა, რომ 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 54 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო საქმიანობისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველო მზად არის, ძალ-ღონე არ დაიშუროს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, რომლებიც ადგილს დაიმკვიდრებენ საერთაშორისო არენაზე და ამ გზით გახდებიან საქართველოსა და ლიტვის მეგობრობის დესპანები", - განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს დისკუსიებს ვიწრო სპეციალიზაციის კონკრეტულ საკითხებზე.

 

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული გზები და საჭიროებისამებრ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით.

 

"დაბრკოლებების გადალახვა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრა ჩვენი ეკონომიკური საქმიანობის სასურველ შედეგებსა და ორმხრივ სარგებელს მოიტანს. გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებასა და გააქტიურებას", - მიმართა პრემიერმა მთავრობათაშორისი კომისიის წევრებს.

 

საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრის გახსნაში ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტველ კოლეგა ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

 

ლიტვის პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობასა და სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი ლიტვის პრემიერ-მინისტრის თბილისში ვიზიტისას მოეწერა. დოკუმენტი ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში თანაშრომლობის გააქტიურებას, ასევე კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.