ვის მიმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო?

ვის მიმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო?

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს და მედიას მოუწოდებს, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებენ სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს.

 

 

"იმ საზოგადოებრივი ინტერესის და რეზონანსის გათვალისწინებით, რომელიც "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით არსებობს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად მიიჩნევს, განაცხადოს შემდეგი:

ყველას აქვს უფლება, გამოხატოს, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოვლად დაუშვებელად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს და შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს ან/და მოსამართლის დაშინების, ზეწოლის ან მათზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა. ასეთმა განცხადებამ, შეიძლება, ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, ასევე, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, ხოლო მე-8 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებები ემყარება კანონსა და მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოსამართლის მიერ შეფასებულია შინაგანი რწმენის საფუძველზე და ამასთან, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უმთავრესი პრინციპის განუხრელი დაცვით.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს სახელისუფლო თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს, ინტერესთა ჯგუფებს, ისევე მასმედიას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებენ სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვას", - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: