Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
13-12-2015, 14:32
ნანახია: 163142

დიმიტრი ქუმსიშვილი: პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლა საქართველოში, აბრეშუმის გზის რეალიზაციის პრაქტიკული დადასტურებაა!

 

„დღევანდელი დღე არის აბრეშუმის გზის რეალიზაციისა და გამოყენების პრაქტიკული დადასტურება“ - აღნიშნული განცხადება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საქართველოს, ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის მთავრობებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„მოგეხსენებათ, რომ ეს ტვირთი კორეიდან წამოვიდა, გაიარა მთლიანად ჩინეთი, შემდეგ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ახლა არის თბილისში და ჩავა თურქეთში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ტვირთის მფლობელები არიან ძალიან მსხვილი კომპანიები, ისეთები, როგორიც არის „ვესტელი,“ ასევე „სამსუნგი“ და რეალურად, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კორიდორს აქვს უდიდესი პოტენციალი. ჩვენ დავიწყეთ ამ პოტენციალის გამოყენება, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენს ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარება და წინსვლა“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

21 კონტეინერში ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი სატრანზიტო მატარებელი 29 ნოემბერს ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოვიდა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი, რომელიც ჩინეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სტამბოლში 14-15 დღეში ჩავა. როგორც საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის შესანიშნავი შედეგი იმ პირობებში, როცა იგივე დანიშნულების მისაღწევად საზღვაო ხაზის გემს 40-45 დღე ესაჭიროება.

 

პირველი მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რამდენჯერმე აღინიშნა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონისთვის, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ამ პროექტის განხორციელებისთვის და ის მნიშვნელოვანი ვიზიტები, რომელიც ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, რის დამადასტურებელ მემორანდუმსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გასულ კვირას პეკინში ვიზიტისას მოაწერა ხელი.

 

„ჩინეთში ჩემი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. მათ შორის ერთ-ერთი არის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს მოლაპარაკების დაწყებას თავისუფალ ვაჭრობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, რეგიონში ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩინეთი ოფიციალურად გახსნის ამ ამ მოლაპარაკებებს. მისასალმებელია, რომ ჩინეთი თავად არის ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები. იანვარში თბილისში გაიმართება ამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლის მანძილზე მოლაპარაკებებს დავხურავთ. აქვე მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ტურიზმის ნაწილში - ჩვენ შევთანხდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას ორ ქვეყანაას შორის. ასევე ეკონომიკურ კომისიაზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიც არის ინვესტიციები, კორიდორის პოტენციალი, ტრანზიტი და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ანაკლიის პორტი, სადაც ჩინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიესალმება და ინტერესი აქვს ამ პროექტის მიმართ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ჩინეთიდან საქართველოში წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტრანზიტული მატარებელი შემოვა, ხოლო 2016 წლიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღნიშნული დერეფნის გამოყენებით, რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა განხორციელდება.