Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
28-12-2015, 22:46
ნანახია: 3021

არჩილ ჭყოიძე:  დროზე შევაჩეროთ აჭარის თურქეთიზაციის მზაკვრული პროცესი!

   პარტია "ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს" ლიდერი არჩილ ჭყოიძე  საზოგადოების ყურადღებას აჭარაში შექმნილ სახიფათო მდგომარეობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუ დღეს არ ჩამოიკრა განგაშის ზარები და არ შეჩერდა აჭარაში თურქეთიზაცია, ხვალ უკვე გვიან იქნება...

 

   ჭყოიძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას დაინტერესდნენ აღნიშნული თემით,  მითუმეტეს, რომ "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარე საფრთხეც საკმაოდ აქტუალურია.

 

  -"დღეისათვის აჭარაში ძალიან სერიოზულად აქვს ფეხი მოკიდებული თურქულ გავლენას, რეალურად რეგიონის თურქეთიზაციას აქვს ადგილი. ასლან აბაშიძის დროს აჭარაში თურქები მცირე რაოდენობით იყვნენ, ახლა კი მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ბათუმში თურქული ქუჩებიც გაჩნდა, ასევე ყვავის თურქული ბიზნესი, თურქეთიდან სპეციალურად იგზავნება სუბსიდიები იმისთვის, რომ გაიხსნას თურქული სავაჭრო ცენტრები, აშენდეს სასტუმროები, სადაც ქართველების დასაქმება წარმოუდგენელია...

 

   საკმაოდ ბევრია აჭარაში თურქების მიერ მიწების შეძენის ფაქტები, განსაკუთრებით, მაღალმთიან აჭარაში. იგივე შეიძლება ითქვას ბათუმსა და ქობულეთზე.

 

   თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ქართული მიწების გასხვისება, შესაძლოა, აჭარაში ქართული მოსახლეობა უმცირესობაში აღმოჩნდეს! პრობლემა რაც არ უნდა ვმალოთ, პრობლემა იმდენად მწვავეა, შეიძლება ითქვას, კატასტროფის პირას ვართ, რამაც შესაძლოა აჭარის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს!

 

   გასაგებია, რომ ადრეც იყო პრობლემები. მხედველობაში მაქვს  ჩოლოქის ხიდი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხედრიონის და სხვა კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ გაკეთდა, რომლებიც პირწმინდად ძარცვავდნენ და აყაჩაღებდნენ მოსახლეობას.

 

ნამდვილად შეცდომა იყო ა ფორმირებების დაშლის შემდეგ ბლოგპოსტების დატოვება, მაგრამ აი იმ კუთხით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აბაშიძის დროს სიტუაცია ნორმალიზებული იყო-აჭარა იყო თავიდან ბოლომდე ქართული.

 

   გამუდმებით გვესმის-აჭარაში აშენდა, გაკეთდა, გაიხსნა, მაგრამ გადახედეთ ერთი, ნებისმიერ სასტუმროს თუ სავაჭრო ცენტრს, ან იგივე მსხვილ ბიზნესს, ეს ხომ არ არის ქართველების! გეკითხებით - ძვირადღირებულ სასტუმროებში ქართველები შედიან?

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქულ კომპანიებში ქართველების დასაქმებაც კი დიდი პრობლემაა. შეხედეთ რა ტემპით შენდება საქართველოში მეჩეთები...

 

   უნდა გამკაცრდეს კონტროლი საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან და სერიოზულად უნდა იქნეს შესწავლილი ის ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან ისლამის პროპაგანდას აჭარაში, აფინანსებენ სკოლებს თუ საინფორმაციო ჯგუფებს! ამავე დროს რაღაცნაირად უნდა მოხდეს თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესის შეჩერება. სააკაშვილმა ათასობით თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ეს მაშინ, როცა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს არ აძლევდა ორმაგ მოქალაქეობას.

 

   კიდევ ვიმეორებ: უნდა შეჩერდეს თურქებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ აჭარაში ეთნიკურ უმცირესობად ვიქცეთ! სააკაშვილი ასრულებდა დასავლეთის შეკვეთებს, აშშ-ს აწყობდა და ახლაც აწყოს თურქეთის გაძლიერება, რომ გამოეყენებინა რუსეთისა და სხვა ქვეყნების, იგივე სირიის, ირანის  წინააღმდეგ.

 

   საჭიროა რაც შეიძლება მეტი ეროვნული პროგრამა განხორციელდეს აჭარაში, წინ უნდა წამოიწიოს ეკლესიის როლი, უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში საქართველოს საპატრიარქო.  

 

   ერთი სიტყვით, რეალურად დღეს ჩვენ ვდგავართ აჭარის დაკარგვის საშიშროების  წინაშე. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ აჭარა გადავარჩინოთ, ამიტომ ყველა პოლიტიკური ძალა, სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდეს და ერთად მოინახოს გამოსავალი არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

 

   ჩვენ ყველამ ერთად  დღესვე უნდა დავიწყოთ დიალოგი ამ თემაზე, რომ შევაჩეროთ აჭარის თურქეთიზაციის  პროცესი, შევაჩეროთ ქართული მიწების გაყიდვის პროცესი, თორემ ხვალ უკვე გვიან იქნება!"