Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (16)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
21-01-2016, 16:44
ნანახია: 1328

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ჩვენ არც „ნატოში“ შეგვაყოფინებენ ფეხს და არც ევროკავშირში!

 

„ივერიონს“ ევროკავშირის დებატებზე, საქართველოს მისამართით გამოთქმულ დადებით და უარყოფით შეფასებებზე და ამ განსხვავებული მიდგომების მიღმა ჩადებულ ნაღმებზე პოლიტოლოგი, ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო ჰამლეტ, ევროპარლამენტის სხდომაზე, ევროპარლამენტის დეპუტატმა, ჰავიერ ნარტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ოლიგარქი მართავს და წამყვან თანამდებობებზე მაღალჩინოსნები „ქართუ ბანკიდან“ ინიშნებიან.

 

თქვენის აზრით, რას ნიშნავს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან მსგავსი განცხადების გაკეთება. ხომ არ არის ეს იმის დასტური, რომ ივანიშვილის „მეურვეობა“ ვიღაცეებს ყელში გაეჩხირათ?!

 

-საქმე ისაა, რომ ჯერ ერთი ის, რასაც აკეთებს ივანიშვილი, საერთოდ, ნორმალური საზოგადოებისთვის, რომელსაც ჩვენ დემოკრატიულს ვუწოდებთ, მიუღებელია!

 

მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, ვერსად ვნახავთ ისეთ სურათს, რომ ვიღაც ბიზნესმენი (მილიარდერი იქნება ის, თუ მილიონერი) იატაკქვეშიდან მართავდეს ქვეყანას -  ეს წარმოუდგენელია!

 

ივანიშვილს არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური თანამდებობა. არა თუ პოლიტიკური, არამედ, მას არავითარი თანამდებობა არ აქვს! ის ზის სახლში და ამ პოლიტიკურ ფიგურებს ისე ალაგებს და აწყობს, როგორც თვითონ გაუხარდება - ზოგს უცბად დანიშნავს, ზოგს მოხსნის და ა.შ.

 

ვინაიდან, მსოფლიოში მსგავსი რამ არ ხდება, შესაბამისად, ეს თვალშისაცემია და აშკარად მიუღებელია მთელი მსოფლიოსთვის - იმათთვის, ვისაც ესმის დემოკრატია და ის, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა და მმართველობა. 

 

ის, რომ ივანიშვილი მილიარდელია და მან გადაარჩინა საქართველო სააკაშვილის ბანდიტიზმს და საშინელებებს - ეს სულაც არაა უცხოელებისთვის მხედველობაში მისაღები. უცხოელი ამას ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს, რადგან, თუ ქვეყანაში არსებობდა გაუსაძლისი პირობები სააკაშვილის მიმართ, ხალხს უნდა გადაედგა შესაბამისი ნაბიჯი და არ აერჩია ის არანაირ თანამდებობაზე. მაგრამ, ჩვენთან სხვანაირი გაგებაა საერთაშორისო პოლიტიკის და საერთაშორისო ცხოვრების... 

 

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ ევროპულ ორგანოებში, სადაც საუბარია ამის თაობაზე, იქ ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ „ნაციონალები“. 

 

„ნაციონალები“ წარმოდგენილნი არიან ევროსაბჭოში და დარბიან, როგორც ევროპარლამენტარებთან, ისე, საბჭოს წერვრებთან და ყველაფერ ამას „უკაკლავენ“ იქაურ დეპუტატებს და ევროსაბჭოს წევრებს. ცხადია, ამ ყველაფერს აქვს გამოხმაურება, მაგრამ, ეს გამოხმაურება ნაწილობრივ ეფუძნება იმ არსებულ და არასწორ მიდგომას პოლიტიკისადმი, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. მთელი მსოფლიოსთვის კი ეს მიუღებელია!

 

-სხვათაშორის, იგივე ტრიბუნიდან გაკეთდა საპირისპირო განცხადებაც, რომ საქართველომ შეუძლებელი შეძლო და წინ წაიწია დემოკრატიული პროცესების და რეფორმების წარმატებით ჩატარების თვალსაზრისით. რასაც, მათი აზრით, ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერელიზაციის თემაზე დიალოგის დაწყება მოჰყვა...

 

თქვენი აზრით, რატომ კეთდება საპირისპირო ხასიათის განცხადებები?

 

ამ ურთიერთგანსხვავებული აქცენტების მიღმა ხომ არ არის მინიშნება რუსეთის ფაქტორზე?

 

-ცხადია, აქ მინიშნებაა რუსეთზე. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს.

 

მოგეხსენებათ, რომ რუსეთის დელეგაციებს ევროსაბჭოში შეჩერებული აქვთ მუშაობა. თვითონ რუსმა ევროსაბჭოს წევრებმა თქვეს უარი სესიებზე მონაწილეობაზე და მთელი წლის მანძილზე არ აპირებენ მონაწილეობას.

 

ჩემის აზრით, ევროსაბჭოს ხელმძღვანელების მხრიდან ასეთი რამ დიდი შეცდომაა. ისინი კი არ უნდა აიძულებდნენ რომელიმე ქვეყანას, უარი თქვას ევროსაბჭოში მუშაობაზე, არამედ, პირიქით, ხელს უნდა უწყობდნენ მის მუშაობას. რამეთუ, პირისპირ მოლაპარაკების და მუშაობის დროს, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია რუსეთთან მიმართებაში, უნდა მოხდეს დიალოგის დროს და არა შორიდან ლაპარაკით...

 

რაც შეეხება იმას, რომ უარყოფითთან ერთად ითქვა დადებითიც და ის, თუ რატომაა ასეთი განსხვავებული მიდგომა საკითხებისადმი, მინდა ვთქვა, რომ არავითარი განსხვავებული მიდგომა არაა. ცხადია, ითქვა დადებითი იმასთან მიმართებაში, რომ აქ იდგმება დემოკრატიული ნაბიჯები, მაგრამ, რა დემოკრატიულ ნაბიჯებზეა საუბარი, თუ კი, საერთოდ , პოლიტიკური სისტემა ყალიბდება ერთი პიროვნების მიერ, რომელიც საერთოდ არაა პოლიტიკაში და უბრალოდ მილიარდერია?! როგორ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასეთ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულია და წინ გადადგმული ნაბიჯია?!.. ეს აბსურდია!

 

მაგრამ, აქ მხედველობაში მისაღებია რუსეთის ფაქტორი. ვინაიდან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მიუხედავად მისი გარკვეული ლმობიერი დამოკიდებულებისა რუსეთის მიმართ, მაინც ანტაგონისტურადაა განწყობილი და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიულ გადადგმულ ნაბიჯად სწორედ ეს ითვლება - სწორედ რუსეთის ფაქტორი იწვევს იმას, რასაც აცხადებენ ევროსაბჭოში, რომ საქართველომ მიუხედავად ამისა და იმისა, მაინც, წინსვლა განახორციელა და გადადგა დემოკრატიული ნაბიჯები. 

 

არადა, სახელმწიფოს სტრუქტურა, რომელსაც ერთი კაცი აყალიბებს, ის ვერაფრით ჩაითვლება დემოკრატიულად! რომ არ იყოს რუსეთის ფაქტორი, საერთოდ არ იქნებოდა დადებითი განცხადებები საქართველოზე.

 

რუსეთის ფაქტორი ევროსაბჭოს დეპუტატებში იწვევს იმას, რასაც მათი მინიშნებით ჰქვია - დემოკრატიული აღმავლობა!

 

-არსებობს ასეთი გამოთქმა - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო...“

 

ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტის დებატებზე საქართველოზე საუბრისას ისეთი სურათი შექმნა, რომ თითქოს ჩვენ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, რაც საკმაოდ შორს დგას არსებული რეალობისგან.

 

რა აიძულებთ, ევროპარლამენტარებს გააკეთონ ასეთი განცხადება, მაშინ, როცა ხშირად საკმაოდ, მწვავე კრიტიკა ისმის დღევანდელი ხელისუფლების მისამართით?

 

რატომ შეცვალეს მათ ტაქტიკა, თუ რიტორიკა?!

 

-საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით აბსოლუტურად არ წასულა წინ! 

 

მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს სიღატაკე, ეკონომიკური მდგომარეობა ნულის დონეზეა, სოციალური თვალსაზრისით მძიმე პირობებია - აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ უნდა ვთქვათ რომ დემოკრატია წინ წავიდა?

 

ის, რასაც აცხადებენ მაღალი ტრიბუნებიდან, ეს უბრალოდ იმის დაფიქსირებაა, რომ საქართველომ დემოკრატიული თვალსაზრისით წინ წაიწია იმიტომ, რომ კავშირი აქვს ევროპულ ინსტიტუტებთან და იზიარებს მათ ნაკარნახევს და აქედან გამომდინარე, მიიღებს ვიზალიბერალიზაციას და ა.შ. და ა.შ...

 

საუბარი იმაზე, რომ საქართველომ ნაბიჯი გადადგა ვიზალიბერალიზაციისკენ  - ზედმეტია! საქართველომ კი არ გადადგა ნაბიჯი, არამედ, ევროკავშირი და ევროპის ინსტიტუტები, რომელთაც პოლიტიკური მიზნებისთვის უნდათ საქართველო, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ერთეული, მას ახალისებენ, იმით, რომ აძლევენ ევროპაში სამთვიანი უვიზოდ მიმოსვლის უფლებას!

 

შესაბამისად, ეს არა საქართველოს, არამედ, ევროკავშირის დამსახურებაა, რომელიც ამას თავისი  მიზნებისთვის აკეთებს. მისი მიზანი კი ისაა, რომ ჰყავდეს რუსეთის სამხრეთში, რუსეთის მოწინააღმდეგე ქვეყანა, რომელიც სისხლს გაუშრობს რუსეთს. ასეთად კი ევროკავშირი მიიჩნევს -საქართველოს!

 

აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა, როგორც ძვალი სახრავად, ისე მიუგდო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია! ის არასოდეს მიიღებს საქართველოს თავის რიგებში, რადგან, არაფერში არ სჭირდება გაჩანაგებული და გაპარტახებული ქვეყანა. მაგრამ, საიმისოდ, რომ ის არ მოსწყდეს ევროკავშირის ორბიტას და არ მიუერთდეს ევრაზიულ კავშირს, სწორედ ამისთვის ახალისებს საქართველოს მოქალაქეებს და აძლევს უვიზოდ მიმოსვლის საშუალებას.

 

ცხადია, მათი მხრიდან ტაქტიკის შეცვლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მიზნებითაა განპირობებული. ევროკავშირი არ გაგვიღებს საკუთარ კარებს და ვიქნებით უბრალოდ ასოცირებული წევრები. თურქეთი 50 წელია ასოცირებული წევრია, მაგრამ ვინ უშვებს?! ევროკავშირმა უკვე იწვნია საკუთარ თავზე ისეთი ღატაკი ქვეყნების თავის რიგებში მიღება, როგორიცაა: ბულგარეთი, რუმინეთი და ბალტიისპირა ქვეყნები...

 

რაში სჭირდება ევროკავშირს ღატაკი ქვეყნები და მათი რჩენა! მითუმეტეს, არ სჭირდება: მოლდოვეთის, უკრაინის და საქართველოს თავის თავზე აკიდება. საქართველო ვთქვათ პატარაა, მაგრამ, 45 მილიონიანი, მშიერი და მწყურვალი, უკრაინა, მათ არაფერში არ სჭირდებათ!

 

ჩვენ არც „ნატოში“ შეგვიშვებენ, რადგან, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ისეთ დონეზეა, რომ არცერთი ევროპული დაწესებულება და ისეთი სერიოზული ორგანიზაციები, როგორიცაა: „ევროკავშირი“ და „ნატო“, ფეხს არ შეგვაყოფინებენ შიგნით! გამოიყენებენ ჩვენს ხორცს ჯარისკაცების თვალსაზრისით, თავზე ხელს გადაგვისვამენ; გვეტყვიან: კაი ბიჭები ხართო და ესაა და ეს! ერთადერთი, ხელს შეუწყობენ იმ ხელისუფლებას, რომელიც დღესაა და ხვალ იქნება ქვეყნის სათავეში, დააპურებენ მათ, მაგრამ, არა საქართველოს!

 

   ესაუბრა კარინა გრიგორიანი