Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
26-01-2016, 11:08
ნანახია: 706

გიორგი კვირიკაშვილი: არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია!

"არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

 

პრემიერის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მმართველობის რეფორმა იქნება, რაც გამჭვირვალობის ზრდას და მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

 

„ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კიდევ უფრო მაღალი იყოს. მინდა, ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერმა არასამთავრობოებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ინტენსიური პროცესის შესახებ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად, ყველა მინისტრი ერთობლივად განიხილავს თითოეული სამინისტროს პროექტების პორტფელს, რის შემდეგაც ხდება მათი პრიორიტეტიზაცია.

 

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გაიმართება ერთობლივი პრეზენტაცია ყველა სამინისტროს განხრით, რას თვლის მთავრობა ყველაზე უფრო პრიორიტეტულად.

 

„პროექტების პრიორიტეტიზაცია ხდება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, რომელთა შორის სამი უმთავრესია - საზოგადოებისთვის აქტუალობა, რესურსების არსებობა და სახელმწიფო განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრა. თითოეული სამინისტროსთვის ვირჩევთ 3-დან 5 პრიორიტეტამდე, რაც მთლიანობაში აიკინძება მთავრობის პროექტების ერთიან პორტფელად და მათ შორის აირჩევა მთავრობის მასშტაბით 3-დან 5-მდე პრიორიტეტული პროექტი. ეს პროცესი ალბათ უახლოეს ერთ თვეში დასრულდება", - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ თითოეული სამინისტროს მიმართულებით ორი შეხვედრა ტარდება, რომელთაგან პირველზე განიხილება პორტფელი და გამოიყოფა ყველაზე აქტუალური პროექტები, ხოლო მეორე შეხვედრაზე - პოლიტიკური პასუხები და გამოწვევები.

 

პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, რომელშიც ჩართულია საპარლამენტო წარმომადგენლობაც. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრიორიტეტების განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გაიმართება, რადგან მთავრობის მიზანია ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა.