პოპულიზმი ქართულ პოლიტიკაში და... „გულაჩუყებული“ ჩერნოვეცკი!

პოპულიზმი ქართულ პოლიტიკაში და... „გულაჩუყებული“ ჩერნოვეცკი!

გუშინ პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა, სრულიად უკრაინის საბანკო კავშირის პრეზიდენტმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სოციალურ ქსელში ფრიად გულისამაჩუყებელი სტატუსი გამოაქვეყნა.

 

როგორც ბატონი ლეონიდი გვაუწყებს, პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა წერილი მიიღო ახალგაზრდა ქალბატონისგან, რომელსაც უკიდურესი პრობლემების გამო თვითმკვლელობა გადაუწყვეტია. „ქალი, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას, თვითმკვლელობაზე ფიქრობს, მას შეუძლია ჩაიდინოს ეს უმძიმესი დანაშაული, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება...

არ გადადგა ეს ნაბიჯი, ეს არ გააკეთო“ _ მიმართავს ბატონი ლეონიდი სუიციდის სურვილით შემპყრობილ ახალგაზრდა ქალბატონს და ჩვენ გვამუნათებს, რომ ამაში „მხოლოდ თვითონ კი არ არის დამნაშავე, არამედ დამნაშავეა მის გარშემო მყოფი ადამიანები... ჩვენ ყველანი დუმილით თუ რწმენის არქონით, გულგრილი დამოკიდებულებით, განზე დგომით შესაძლოა ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანების თვითმკვლელობაში ვართ დამნაშავენი. მოდით მოვუსმინოთ და გავუგოთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ეს მრავალ უდანაშაულო, პრობლემებით დატანჯულ სიცოცხლეს გადავარჩენთ...“

 

ამ ბოლო ხანებში სუიციდის შემთხვევები საკმაოდ გახშირდა საქართველოში და ამას გარდა ეკონომიკური სიდუხჭირისა, ღრმა ფესვებიც გააჩნია, მაგრამ ეს არ არის იმდენად ახალი და დამაფიქრებელი, რამდენადაც საქართველოს „გამბედნიერებლის“ პოპულისტური განცხადება.

 

საქმე ისაა, რომ ჩერნოვეცკი ახალს არაფერს გვეუბნება და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს „ბედნიერ მომავალზე“ მაშვრალმა თვითმკვლელობამდე მისულ ახალგაზრდას დახმარების ხელი გაუწოდოს, ჩვენ გვადანაშაულებს და პოპულისტური შეგონებებით გვანებივრებს!

 

ერთ რამეში ვეთანხმები ბ-ნ ჩერნოვეცკის, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები საკმაოდ გაცივდა და მოყვასის სიყვარული საერთოდ დავივიწყეთ, მაგრამ გაჭირვებულმა იმიტომ მიმართა მილიარდერს, რომ მისგან ნუგეში და დახმარება მიეღო და არა „არ გააკეთო, არ გადადგა ეს ნებიჯი“ მოესმინა...

 

მე სიმპატიებით და მადლიერების გრძნობით განვიმსჭვალებოდი ჩერნოვეცკის მიმართ, რომ მას მზადყოფნა გამოეთქვა, გვერდში დადგომოდა არა მარტო იმ კონკრეტულ ახალგაზრდას, რომელიც გამოსავალს მხოლოდ თვითმკვლელობაში ხედავს, არამედ, ღიად დაეფიქსირებინა, რომ იგი მზადაა საკუთარი კაპიტალის გარკვეული ნაწილი გაეღო უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სხვანაირად, როგორ იზრუნებს ბატონი ჩერნოვეცკი ბედნიერ საქართველოზე?!

 

მისი მხრიდან პოპულიზმის აშკარა ნიმუშია ღია წერილი, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გაუგზავნა.

წერილში პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს მოსახლეობის უსინდისი გამოსახლებაზე მათი საცხოვრებლებიდან გადაუხდელი კრედიტების გამო... მათ ყოველდღიურად ყრიან ქუჩებში ბავშვებთან და მოხუც მშობლებთან ერთად. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!..“

 

ჩერნოვეცკი სთხოვს საქართველოს ახლადდანიშნულ პრემიერს, როგორც ძალაუფლების მქონე პირს ერთპიროვნულად, ან კანონმდებლობის დონეზე შეაჩეროს კრედიტორების საცხოვრებლებიდან იძულებით გამოსახლების პროცესი.

 

ღია წერილში ავტორი იხსენებს საკუთარ გამოცდილებას, როცა იყო უკრაინაში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მესაკუთრე, კრედიტსაც ბინის უზრუნველყოფით გასცემდა, მაგრამ მის პრაქტიკაში არ ყოფილა, ვინმე გამოესახლებინოს საცხოვრებლიდან.

 

არ ვიცი, ეს რამდენად  მართალია, მაგრამ უდაოდ გასათვალისწინებელი პრაქტიკაა. სხვა საქმეა, რამდენად გაითვალისწინებს ჩერნოვეცკის რჩევას ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და რამდენად ამოსდებს ლაგამს ბანკებად წოდებულ მევახშეებს!

 

მე არა იმდენად ამ მწვავე და უკიდურესად პრობლემური საკითხის წინა პლანზე წამოწევამ გამაკვირვა, რამდენადაც ამ „მომგებიანი“ თემის გაჟღერებამ ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსის მხრიდან, რომლის ყველა სიტყვაში იაფფასიანი პოპულარობის, დაბნეული და ცრუ  მოლოდინის რეჟიმში მყოფი საზოგადოების გულის მოგების სურვილი იკითხება!..

 

აქვე მახსენდება 2012 წლის წინასაარჩევნო ბატალიები, როცა კრედიტების თემით აქტიურად მანიპულირებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილიც. ოღონდ, ჩერნოვეცკისგან განსხვავებით, ის კრედიტორებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეალურ დახმარებასაც ჰპირდებოდა. სამწუხაროდ, ბევრმა ეს „რეალური დახმარება“ ისე აღიქვა, რომ თითქოს ქართველი მილიარდელი მათი კრედიტების დაფარვას საკუთარი კაპიტალიდან აპირებდა... არადა, მწარედ მოტყუვდნენ!

 

                                    * * *

ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ბატონ ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკურ აქტიურობებს და მივედი დასკვნამდე, რომ მას კარგად აქვს შესწავლილი ქართველი ერის სულიერი მდგომარეობა, შესანიშნავად იცნობს ქართულ რეალობას და სწორედ იმ საკენკს გვიყრის, რომელსაც ჩვენ სიამოვნებით ავკენკავთ!

 

ამის დასტურია სოციალურ ქსელში ჩერნოვეცკის სტატუსებზე გაკეთებული კომენტარები _ „წყალწაღებულნი“ ისევ ხავსს ეჭიდებიან!..

 

ჩერნოვეცკის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში შემთხვევითი მოვლენა რომ არ არის ცხადია. ყველა - პოლიტიკური ბაცილით დაავადებული დიდი თუ პატარა რაღაც მისიას ასრულებს, რომელიც ქართული სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ნამდვილად არ არის ორიენტირებული - პირიქით, ისინი უცხო ქვეყნების სპეცდავალებების უსიტყვო შემსრულებლებუი არიან, რომელთა მიზანი ქართველი ერის დაქსაქსვა და ქართული სახელმწიფოს საყრდენის მოშლა-მოფამფალებაა...

 

სამწუხაროა, რომ დღესაც დიდი გაქანება აქვს პოპულიზმს პოლიტიკაში და საზოგადოება ისევ ცრუ დაპირებების მოლოდინში აგრძელებს ცხოვრებას.

 

ცალკე საუბრის თემაა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, სადაც (გავბედავ და ვიტყვი) ამომრჩეველს უკვე საშუალება არ ექნება არჩევანი გააკეთოს ცუდსა და უარესს შორისაც კი!

 

P.S. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად ყუშიტაშვილმა „ივერიონის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პირდაპირ გაუსვა ხაზი ლეონიდ ჩერნოვეცკის საკმაოდ მძიმე წარსულს და აქცენტები გააკეთა იმ ბრალდებებზე, რომელიც მას წაყენებული ჰქონდა საკუთარ სამშობლოში. აღნიშნულ განცხადებებს ოფიციალურად არავინ გამოხმაურებია არც ცერნოვეცკის და არც მისი გარემოცვის მხრიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაუკავშირდა ბ-ნ ყუშიტაშვილს და მასთან შეხვედრა ისურვა, მაგრამ როგორ დასრულდა შეხვედრა ან, საერთოდ, შევდნენ თუ არა ერთმანეთს, ნამდვილად არ ვიცი. წესით და კანონით, მედიაში გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებს რეაქცია ნამდვილად უნდა მოჰყოლოდა. დუმილი შეიძლება თანხმობის ნიშნად ჩავთვალოთ, ანუ, რაც ყუშიტაშვილმა გაახმოვანა, შეიძლება სიმართლე იყოს!

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: