Iverioni
«    სექტემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
აპრილი 2017 (5)
29-03-2016, 10:10
ნანახია: 705

ბატონო პრემიერო: გთხოვთ მომიხსნათ სტიგმა, რის გამოც განწირული ვარ ოჯახთან ერთად სიკვდილისთვის!

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ხათუნა გერგაია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს.

წერილში საუბარია იმ მახინჯ ტენდენციებზე და განუკითხაობაზე, რომელსაც ადგილი აქვს განათლების სისტემაში და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. აქტუალობიდან გამომდინარე ვბეჭდავთ შემოკლების გარეშე.

“თქვენმა განცხადებამ, საჯარო სამსახურში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების საჭიროებისა და იმის შესახებ, რომ ვერ შეეგუებით ფაქტს, საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, მომცა დიდი სტიმული, მომეწერა თქვენთვის. მე გახლავართ ამ ქვეყნის ის მოქალაქე, რომელიც საჯარო მოხელეების არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების მსხვერპლია. დღემდე მინდა სიმართლე გავარკვიო, მაგრამ ამაოდ. ჩემი და ჩემნაირების სახით, ზოგიერთი ,,ვაი“ საჯარო მოხელის არასწორი მიდგომისა და თანამდებობრივი ძალაუფლების არასახელმწიფოებრივად გამოყენების გამო, ხელისუფლებას უმრავლდება უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი.

რომ არა მძიმე ოჯახური სიტუაცია, მოვუფრთხილდებოდი ნერვებს, გავეცლებოდი აქაურობას და ვეცდებოდი სხვაგან მეძებნა ოჯახის საზრდო. თქვენ ხართ ჩემი ბოლო იმედი, იმის მტკიცებულებად, რომ ჯერ კიდევ არსებობს სამართალი ამ ქვეყანაში.

მყავს მეუღლე, პირველი ჯგუფის ინვალიდი. ოთხი წლის წინ მიიღო ინსულტი, ოთხივე კიდურის პარეზით, არის სრულიად პარალიზებული. მყავს სამი შვილი, მათ შორის, ორი სტუდენტი. უფროსი ქალიშვილი – ჯერჯერობით უმუშევარი.

1990 წლიდან უწყვეტად ვსაქმიანობ საგანმანათლებლო სფეროში. 25 წელი – სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, 9 წელი – ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად, თითქმის 2 წელი- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა მიმართულების ტრენერად. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული არაერთი პროექტის დანერგვაში მიმიღია აქტიური მონაწილეობა. საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით დამიგროვდა ცოდნა და გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ კიდევ ბევრი შემიძლია ვაკეთო სისტემაში მიმდინარე რეფორმების გასატარებლად.

ვეცდები მოკლედ და ქრონოლოგიურად დავალაგო ჩემთან დაპირისპირების ბოლო ეტაპი: დაპირისპირება ჩემსა და ხობის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებს შორის დაიწყო იმით, რომ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პირად საუბარში მითხრა, უნდა გამეთავისუფლებინა ქ. ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, რაზეც ჩემგან უარი მიიღო. მიხვდა რა, რომ მისი სურვილების თანამშრომლად ვერ გამოვდგებოდი, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების უფროსების საშუალებით ცდილობდა, ჩარეულიყო განათლების სფეროში.

მოგეხსენებათ, 2015 წლის 13-15 მარტს ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ თეატრებსა და დარბაზებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენება. მიუხედავდ იმისა, ოჯახში მიცვალებული მესვენა, გავიგე რა იმის შესახებ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პირადი დავალებით (სოფლის გამგებლებს დაავალა) იგეგმებოდა მოსწავლეების ორგანიზებული წაყვანა, სასწრაფოდ ვაცნობე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სკოლები გაფრხილებულ იქნა რესურსცენტრის თანამშრომლების მიერ, თუმცა კინოჩვენებაზე მაინც მოხვდნენ არასწრულწლოვანები (მათ შორის, ხობის გამგებლის მეუღლის დაქვემდებარებული სკოლიდან). მოსწავლე სიუჟეტშიც კი ამბობს, რომ დირექტორმა წამოიყვანა, თუმცა აუდიტთან ახსნა-განმარტებისას სხვა ჩვენება მისცა.

ფილმის ჩვენებით გამოწვეული ხმაურის გამო მეორე დღესვე სამეგრელო-ზემო სვანეთის რესურცენტრების უფროსები დაგვიბარეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ეს იყო მინისტრის პირველი შეხვედრა რესურსცენტრებთან მისი მინისტრობის განმავლობაში. ქალბატონი მინისტრი არათუ სახეზე ვერ გვცნობდა, ჩვენი სახელებიც არ იცოდა. მისი მიმართვა იყო ასეთი: ხობი, გისმენთ… გავეცი პასუხი, შემომხედა და გაარკვია, რომელი იყო ჩვენ შორის ხობი… ზუგდიდი, გისმენთ… ფოთი, გისმენთ და ა.შ.

ამას მოჰყვა ახსნა-განმარტებები აუდიტთან, ჩამოვიდნენ რაიონებში და ჩვენება ჩამოართვეს სამივე მუნიციპალიტეტის სკოლის დირქეტორებს, რესურსცენტრის თანამშრომლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს… შედეგად, ფოთის რესურსცენტრს, ფოთისა და ზუგდიდის დირექტორებს გამოუცხადეს სასტიკი საყვედური, მათ შორის, ფოთის რესურსცენტრს ხელფასის დაქვითვით; მოგვიანებით ჯერ ხობში შემოვიდა აუდიტის სამსახური, შემდეგ – ზუგდიდში (გასაგებია რა მიზნითაც); მე დავწერე განცხადება, ზუგდიდი გაანთავისუფლეს აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

ჩემთან აუდიტი შემოვიდა ხობის რაიონში მცხოვრები ჯულიეტა ხვითარიას განცხადების (პ/ნ 58001008920) საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოქალაქე ბოლო 9 წლის განმავლობაში ცხოვრობს მოსკოვში და საზღვარი მხოლოდ მაშინ გადმოკვეთა, როცა გაიგო, რომ მისი სახელით სამინისტროში შესულია საჩივარი.

მოქალაქე ჯულიეტა ხვითარიამ 2015 წლის 10 ივნისს განათლების სამინისტროში გააგზავნა წერილი, რომ ეს საჩივარი მას არ ეკუთვნოდა, იმავდროულად, 2015 წლის 30 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურორსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს მისწერა განცხადება იმის შესახებ, რომ ეს საჩივარი მას არ ეკუთვნოდა, რომ მოცემულ მომენტში დოკუმენტი გააყალბეს და ითხოვა შესაბამისი რეაგირება. დღემდე პასუხი არ ჩანს.

მე ქალბატონი თამარ სანიკიძისათვის აღმოვჩნდი განტევების ვაცი, თორემ თავად, სულ მცირე დროში, ზარზეიმით შეხვდა კინოჩვენების ორგანიზატორს, შემდგომში დაწინაურებულ გურიის გუბერნატორს.

სექტებრიდან ხობის N1 საჯარო სკოლაში გავაგრძელე მუშაობა (ამ წლების განმავლობაში სკოლაში მუდმივად ვმუშაობდი) მათემატიკის მასწავლებლად, ჩაბარებული მაქვს ყველა გამოცდა, ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი. მხოლოდ მასწავლებლობის ხელფასით ვერ ვახერხებ ჩემი ოჯახის საარსებო მინიმუმის დაკმაყოფილებას, რადგან ეს ხელფასი ვერ ფარავს ბანკის იმ ვალებსაც, რომლებიც ჩემი მეუღლის ავადმყოფობიდან მოგვყვება. ამიტომ უკვე მე-10 თვეა, ვცდილობ, რამე ალტერნატიული სამსახური ვიშოვო, მუდმივად ვაგზავნი რეზიუმეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპების მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე. ყველა მხრიდან ვიღებ უარს. სამინისტროს კულუარებიდან მითხრეს, რომ მიზანმიმართულად ვიბლოკები, მითუმეტეს ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი მასწავლებელთა სახლთან და ვიყავი რამდენიმე პროგრამის ტრენერი.

სიტუაციაში გასარკვევად მინდოდა შეხვედრა ქალბატონ თამარ სანიკიძესთან, მაგრამ მითხრეს, რომ არ ხვდება არავის.

მინისტრისთვის როგორმე ჩემი ხმა რომ მიმეწვდინა, დავრეგისტრირდი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში. წარმატებით გავიარე ტესტირება და გასაუბრების კომისიას გადავეცი ჩემი ,,მესიჯი“ ქალბატონი თამარ სანიკიძისათვის:- რომ არასოდეს არასახელმწიფოებრივად არ მიმოქმედია და რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე მუდმივად ვახორციელებდი საგანმანათლებლო პოლიტიკას; რომ მაქვს საკმაოდ კარგი და ღირებული გამოცდილება და სახელმწიფოს არა აქვს იმის ფუფუნება, გამოცდილი კადრები სანაგვეზე მოისროლოს.პასუხად ისევ უარი მივიღე რესურსცენტრის უფროსის არსებულ ვაკანსიაზე და მეტიც, სულ რაღაც ერთ კვირაში მასწავლებელთა სახლის ტრენერთა 99 პროცენტს შესთავაზეს თანამშრომლობა, მათ შორის, სამეგრელოდან ყველას, ჩემ გარდა.

ეს უკვე გასაგები ,,მესიჯია“, რომ სანამ ხობში იქნება ედიშერ ჯობავას და გოჩა ქაჯაიას ხელისუფლება, სანამ მათ მიერ გაცემული ინფომაციით ხელმძღვანელობს სამეგრელოს გუბერნატორი და პირადად არ იცნობს არცერთი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს, სანამ განათლების სამინისტროს მართავს თამარ სანიკიძე თავის ოდეერებთან ერთად, რომლებიც სავარაუდოდ, ინფორმაციას ადგილობრივებიდან იღებენ, მე, ხათუნა გერგაია, ხობშიც და განათლების სფეროშიც ყველა ვაკანსიაზე ვიქნები მიუღებელი კანდიდატურა.

მაქვს თქვენთან რამდენიმე შეკითხვა, როგორც საქართველოს მოქალაქეს საქართველოს პრემიერ- მინისტრთან:

• რა უნდა გააკეთოს ჩემმა ოჯახმა? პარალიზებულ ადამიანზე როგორ ვიზრუნო და როგორ მივცე განათლება შვილებს, როცა ყველა გზას მიკეტავენ?..

• როცა ჩემი სამსახური ჩემი ოჯახისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ირღვევა თუ არა ჩემი კონსტიტუციური უფლება, როცა ვერ მიცავს კანონი?

• ირღვევა თუ არა ჩემი უფლება, როცა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დაწესებული უსამართლო თამაშის წესებს ვერ ვიზიარებ და მდევნიან ამის გამო?

• ირღვევა თუ არა ჩემი შვილის უფლება, რადგან უსახსრობის გამო, იძულებული ვარ, შევაწყვეტინო განათლების მიღება?

• ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ჩემი მეუღლისნაირ ადამიანებზე სახელმწიფო განსაკუთრებულად ზრუნავს, მე კი მიჭრიან ყველა გზას, თავად მაინც უზრუნველვყო მისი სიცოცხლე?

უმორჩილესად გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩემი მდგომარეობით და იქნებ თქვენი შემწეობით მაინც გახდეს შესაძლებელი, მომეხსნას ის სტიგმა, რომელიც მხოლოდ პირადი, სუბიექტური მოსაზრებებით მომაკერეს ხობის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმა და რის გამოც განწირული ვარ ოჯახთან ერთად სიკვდილისთვის”, – აღნიშნულია ხათუნა გერგაიას მიმართვაში