მანანა ნიკოლაიშვილი: პაპავა თავისი ნებით არ გადამდგარა და განათლების სისტემაშიც იმაზე უარესადაა საქმე, ვიდრე ჩვენ გვეჩვენება!

მანანა ნიკოლაიშვილი: პაპავა თავისი ნებით არ გადამდგარა და განათლების სისტემაშიც იმაზე უარესადაა საქმე, ვიდრე ჩვენ გვეჩვენება!

„ივერიონს“ თსუ-ში განვითარებულ მოვლენებზე და განათლების სისტემაში არსებულ დანაშაულებრივ ტენდენციებზე განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრა

 

-ქალბატონო მანანა, როგორ შეაფასებთ სტუდენტურ პროტესტსა და  მათ მოთხოვნას განათლების რეფორმასთან დაკავშირებით?

 

-ის აქცები, რომლითაც სტუდენტებმა პროტესტი დაიწყეს, არ დასრულებულა. როგორც ვიცი, სტუდენტთა ორი დაჯგუფება “აუდიტორია 115“ და “თვითმმართველობა“  განსხვავებულ მოთხოვნებს აყენებენ . უნივერსიტეტის “თვითმმართველობის“ მოთხოვნა თსუ-ს რექტორ პაპავას გადაყენების შესახებ, დაკმაყოფილებულია. სტუდენტთა ორივე მხარე უნივერსიტეტის კანონში ცვლილებებსა და განათლების ძირეულ რეფორმას ითხოვს, რაც ჯერ არ შესრულებულა. ისინი, პაპავას გადადგომის შემდეგ, შეხვდნენ განათლების მინისტრს, რომელთანაც მოილაპარაკეს შესასრულებელ ცვლილებათა შესახებ, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სტუდენტებისთვის მიუღებელია. როგორც გაირკვა, სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილება, დღეს არსებულ კანონზე უარესია. სახელდობრ, რა ცვლილებაზეა საუბარი, მხოლოდ სტუდენტებმა იციან.

 

- “ქართულმა ოცნებამ“ რატომ არ შეცვალა დღეს არსებული კანონმდებლობა?

 

- რაც შეხება სახელმწიფოს, ის, ჯერ-ჯერობით, უგულებელყოფს ამ პრობლემას. მაშინ, როცა “ქართული ოცნების“ პროგრამა მუშავდებოდა, იქ ნათქვამი იყო, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური კომისიები, რომლებსაც  მეცნიერებისთვის, სკოლებისა  და უმაღლესი სასწავლებლებისთვის უნდა ემუშავა. უნდა შეცვლილიყო კანონი უმაღლესი, ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ. არ ვიცი, რატომ არ შეცვალა ძველი  კანონები ამ ხელისუფლებამ!

 

სტუდენტებს მოვუწოდებ, დააყენონ საკითხი უმაღლესი სასწავლებლების შესახებ განათლების კანონის თავიდან მიღების შესახებ, რადგან,  კრიზისული სიტუაცია, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებშია, სწორედ კანონის ბრალია.

 

-დგას თუ არა რომელიმე ძალა სტუდენტური გამოსვლების მიღმა, რომელიც მათ მართავს?

 

-სტუდენტები კარგად ხვდებიან, რომ კარგად არ ასწავლიან, განათლება უხარისხოა, ათასი ხელისშემშლელი პირობა ექმნებათ. მე ვმუშაობ უმაღლეს სკოლაში და კარგად ვიცი, რა სიტუაციაა ამგვარ დაწესებულებებში. ბევრი სრუდენტი ისეთ ფაკულტეტზე სწავლობს, პირდაპირ  უკავშირდება კანონმდებლობას, მაგალითად, სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტები, გგონიათ, ხარვეზებს ვერ ხედავენ?! აქედან გამომდინარე,  როგორ შეიძლება წინა ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების შენარჩუნება! სამწუხაროდ,  ახალიც  მათ გზას აგრძელებს-ანტიმეცნიერული, ანტისახალხო და სხვა ანტრეფორმათა მიღება-შენარჩუბებით.

 

 

ჩემი აზრით, სტუდენტებს მართავენ. თუმცა, ეს უმიშვნელოა იმასთან შედარებით, რასაც ითხოვენ. იქ “ნაციონალების“  დროს არჩეული თვითმმართველობაა და მათ უკან ვინ დგას,  ძნელი გამოსაცნობია?

 

“115-ე აუდიტორიის“  დაჯგუფებაში კი, მე როგორც ვიცი, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებისა და პარტიის წარმომადგენლები არიან. კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ ადამინს თავისი არჩევანი ჰქონდეს, რაც დანაშაული არ არის, მაგრამ საგანმანათლებლო სტუქტურებში პოლიტიკური ძალები არ უნდა ერეოდნენ.

 

-რატომ არ აგვარებს სახელმწიფო ამ პრობლემას?

 

-განათლების სისტემაში  კარგი რეფორმების გატარება სახელმწიფოს ხელს არ აძლევს ან არ უნდა, ან უნდა, მაგრამ “სხვები“  არ აძლევენ ამის უფლებას - ალბათ საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

-როგორ დასრულდება ეს პროცესები?

 

-ჩემი აზრით, მთავრობას ეხმარებიან სტუდენტები, რომ განათლების სისტემა უკეთსობისკენ შეიცვალოს. ძველი  ხელისუფლების გაძევება, მთავრობის შეცვლა და ის მასშტაბური მიტინგები არასაკმარისი გამოდგა, რომ საქართველოში ეროვნული ინტერესებისათვის სასარგებლო რეფორმა გატარებულიყო.  

 

ხელისუფლების შეცვლა, ძირითადად,  მეცნიერებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და პედაგოგებმა დავიწყეთ და რა გამოვიდა? სააკაშვილის რეფორმები უცვლელად შენარჩუნდა. რომელი ჭკუათმყოფელი ხელისუფლება გააკეთებდა ამას, ეს იძულება თუ არ არის?  თუ ეს იძულება არ არის, მაშინ თქვას, რატომ არ ცვლიან კანონს!

 

-თქვენი აზრით, თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა გადადგა თუ გადააყენეს?

 

-პაპავას გადადგომა  უკანგადადგმული ნაბიჯია, რომლის შედეგებსაც ეს ხელისუფლება უკვე იმკის.  ვინც არიან დასახელებულნი პაპავას შემცვლელად, მას ოდნავადაც არ ედრებიან. პაპავა თავისი ნებით არ გადამდგარა, ხელისუფლებამ კი მას  მხარი არ დაუჭირა. ის გაიძახდა, ჩემი ნებით არ გადავდგებიო. კარგად ვიცი, რაც მოხდა და რატომაც გადადგა. იმ სტუდენდების შიმშილობის გამო არ გადამდგარა. სხვათა შორის, სტუდენტთა ძალიან მცირე რაოდენობა ითხოვდა მის გადადგომას, როცა უნივერსიტეში 22 ათასი სტუდენტია.

 

-თუ უნივერსიტეტის თვითმმართველობას ნაციონალები მართავენ, რა გამოდის, ახალ მთავრობას სააკაშვილისეული რეფორმების გარდაქმნისკენ თავადვე უბიძგებენ?

 

-ისინი, რომლებიც  შედარებით კარგ მოთხოვნებს აყენებენ,  “ნაციონალები“ არ არიან.

-უნდა ჰქონეთ  თუ არა სტუდენტებს უნივერსიტეტის მმარველობაში ყოველმხრივი ჩარევის უფლება?

 

-სტუდენტს მოთხოვნის უფლება აქვს, ეს კონსტიტუციური გარანტიაა, თუმცა უმაღლესი განათლების შესახებ კანონის სიმხინჯე და გაუმართაობა სწორედ ისაა, რომ სტუდენტი “დიდი დოზით“  არ უნდა იყოს ჩართული უნივერსიტეტის მმართველობის საკითხებში.

 

მას იქ სწავლა მოეთხოვება და მმართველობაში ჩართვა, რექტორის არჩევნებში მონაწილეობა, მის გადადგომაში  ხმის უფლების ქონა, წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნებში ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს,  რადგან, ის ჯერ არ არის ჩამოყალიბებული  და  ცოდნა და საამისო კომპეტენციაც  არ აქვს!

 

 

                  ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: