სოსო ცინცაძე: საქართველოს დღეს ქართველი ბენგურიონი სჭირდება!

სოსო ცინცაძე: საქართველოს დღეს ქართველი ბენგურიონი სჭირდება!

„ივერიონს“ წინასაარჩევნო ბატალიებთან დაკავშირებით პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

 

-ბატონო სოსო, როგორც ცნობილია,  პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. ხელისუფლების განმარტებით, კვალიფიციური სუბიექტის განსაზღვრისთვის ბარიერი 2%-მდე დაიწევს, ხოლო, წინა არჩევნების გათვალისწინებით, 2%-ის მქონე პარტია 100 000 ლარს და საარჩევნო უბანზე ერთ დაფინანსებულ წევრს მიიღებს. ამას ემატება უფასო საეთერო დრო. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს?

 

- ბენგურიონმა სიცოცხლე შეალია ისრაელის ოპოზიციური პარტიების რაოდენობის შემცირებას,  რომელმაც ისრაელი კინაღამ დაღუპა. დღეს ჩვენ იმავე გზით  მივდივართ?!

 

ყველა მარგინალი, რომელსაც პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირება მოუნდება, დილას შეიტანს განცხადებას და შუადღეს უკვე პარტიის პრეზიდენტი ან თავმჯდომარეა. პარტია, რომელსაც ოფისი, ბინა, მისამართი და ფული არ აქვს, თავმჯდომარის ოფისი სახლის სამზარეულოა, წევრები და ელექტორატი არ ჰყავს, პარტიად დასარეგისტრირებელია?

 

 დღე საქართველოში ყველა შეაგროვებს იმდენ მეგობარს, ძმაკაცს, მეზობელს და ნათესავს, რომ დამფუძნებელი კრების გახსნაზე მოვიდნენ და დელეგატებსაც დაირქმევენ.  ესენი შემდეგ წავლენ სახლში და დაივიწყებენ, რომ ოდესღაც პარტიის დამფუძნებლები იყვნენ. ამ პარტიებს არანაირი ძალა არ აქვთ, მაგრამ ესენი დააწვებიან ბიუჯეტს. ჩვენი ხელისუფლება კი,  ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, 2-კაციან  ტუსოვკა-პარტიებზე ზრუნავს. ეს პარტიები ყოველდღე სადღაც იკრიბებიან და  მხოლოდ ერთმანეთს უმტკიცებენ თავიანთ ძლიერებას! 

 

-რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმა?

 

-როგორც ჩანს, კვირიკაშვილისთვის ხალხის აზრი კი არ არის მთავარი, არამედ, ამ პარტიების აზრია, რომლებიც ამ უკანასკნელ ხანებში გააქტიურდნენ, ოღონდ, არა ხალხთან მუშაობით, არამედ სადღაც ერთ ოთახში ჩაკეტვით. კვირიკაშვილს მათი “მოწოლა“  ხელს არ აძლევს მაჟორიტარობის გაუქმების საკითხში და ყველაფერს თმობს.

 

-როგორც ცნობილია, მამუკა კაციტაძემ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ამ თემაზე უკვე ისაუბრა.

 

-ძალიან ცუდი, თუ ისაუბრა! ვინ არის კაციტაძე, რას ან ვის წარმოადგენს, მითხარით! ვინ არის მისი ელექტორატი? 100 %-ით სწორად წერდა ჩერჩილი სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის განსხვავებულობაზე - პოლიტიკოსი მხოლოდ მომავალ არჩევნებზე, სახელმწიფო მოღვაწე კი მომავალ თაობაზე ფიქრობსო. მომავალ თაობაზე ჩვენთან არავინ ფიქრობს, საქართველში დღეს სახელმწიფო მოღვაწე არ არის, არიან მხოლოდ ფსევდო პოლიტიკოსები.

 

-ადრე ოპოზიციას მილიონებზე გაყიდულს ეძახდნენ, დღეს რას დაუძახებენ მათ?

 

-ქართულ ენაში რაც  საგინებელი სიტყვა მოიძებნება, ყველა დაერქმევა!

 

-ხელისუფლება “პატრიოტთა ალიანსს“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის ყოლის უფლებას არ აძლევს და მის  სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც არ აპირებს. რატომ?

 

-ხელისუფლებას “პატრიოტთა ალიანსის“ ეშინია, რადგან,  ის უთუოდ, ბურჯანაძის მსგავსად,  თავისი რესურსით შევა პარლამენტში. მაგრამ კუკავას პარტია,  “ედპ“ , “საქართველოს გზა“, კაციტაძის  და ჯოჯუას პარტიები ხელისუფლების მადლიერნი და  ლოიალური სატელიტები იქნებიან, როგორც სააკაშვილის დროს “ქრისტიან-დემოკრატები“ იყვნენ. ეს პარტიები ხელისუფლების დახმარების გარეშე ისე ვერ ნახავენ პარლამენტს, როგორც საკუთარ ყურებს. მოკლედ, “ქართულ ოცნებას“ ისე ეშინია არჩვენების, რომ მისი დათმობები მარაზმამდე მივიდა.

 

            ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: