დავით მეჭურჭლიშვილი: საატესტატო გამოცდების დევალვაციას მოქნილი საგამოცდო სისტემა სჯობს!

დავით მეჭურჭლიშვილი: საატესტატო გამოცდების დევალვაციას მოქნილი საგამოცდო სისტემა სჯობს!

 

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

 

ასლი:

ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის დირექტორს ქალბატონ მაია მიმინოშვილს!

 

ასლი:

საქართველოს მე-12 კლასელებს!

 

                          ღია მიმართვა

/საატესტატო გამოცდებზე სანუგეშო გამოცდის შემოღების შესახებ/

 

ბატონო გიორგი, ქალბატონო მაია!

 

რამდენიმე კვირაში იწყება საატესტატო გამოცდები. საატესტატო გამოცდებზე მრავალწლიანი დაკვირვების, მოსწავლეთა და მშობელთა აზრის შესწავლის საფუძველზე მოგმართავთ თხოვნით, შეიტანოთ მცირე ცვლილება საატესტატო გამოცდების მიმდინარეობის პროცესში.

 

კერძოდ,საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ დაუშვათ ეგრეთწოდებული სანუგეშო გამოცდა იმ მოსწავლეთათვის,რომლებიც ჩაიჭრებიან მხოლოდ ერთ საგანში.

 

იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები იჭრებიან შემთხვევით; ფსიქოლოგიური სტრესის, გადაღლის, უძილობის,  კონცენტრაციის უნარის დაკარგვის, არასაუნივერსიტეტო გამოცდის მიმართ არასათანადო ყურადღების, ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებითი გაუარესების გამო და ასე შემდეგ.

 

შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინაა! ოლიმპიურ თამაშებზეც კი მონაწილეებს ეძლევათ სანუგეშო ცდის შანსი!

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შემთხევით ჩაჭრილი მოსწავლეები კარგავენ მთლიან წელს, ენგრევათ ყველა გეგმა, ხოლო ოჯახები იძულებულნი ხდებიან ხელახლა დაიქირავონ რეპეტიტორები საუნივერსიტეტო საგნების ხელმეორედ გავლისთვის,რაც მათ ისედაც მწირ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება!

 

აქვე შევნიშნავთ,რომ საატესტატო გამოცდების დევალვაციას მოქნილი საგამოცდო სისტემის შეთავაზება ჯობს!

 

ჩვენთვის გასაგებია,რომ დამატებითი გამოცდის ჩატარება დამატებითი  ხარჯია და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ასეთი ხარჯის გაღება არ შეუძლია.ამიტომ,საჭიროა დაწესდეს გადასახადი ასეთ გამოცდაზე მოსწავლეთა ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სოციალურად დაუცველები უნდა გათავისუფლდნენ გადასახადისგან!

 

იმისათვის,რომ დადებითად გადაწყვიტოთ საკითხი,შეგახსენებთ, მე-12 კლასელები წარმოადგენენ საარჩევნო ელექტორატს, რაც თქვენთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს!

 

წინასწარ გიხდით მადლობას და ვიტოვებთ იმედს რომ გულთან მიიტანთ მე 12 კლასელთა პრობლემას და ოპერატიულად გადაწყვიტავთ საკითხს!

 

 

დიმიტრი მეჭურჭლიშვილი

სკოლების დაცვის კავშირი

 

p.s.პატივცემულო მე-12 კლასელებო მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ თქვენი უფლებების დაცვაში -მიიღოთ მონაწილეობა საკითხის განხილვაში. ნებისმიერი თქვენთაგანი,ან თქვენი თანაკლასელი  შეიძლება გახდეს ასეთი გაუგებრობის მსხვერპლი. გახსოვდეთ, კარს მათ უხსნიან,ვინც კარზე აკაკუნებს!

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: