ხარი დაკლეს - მე დამაკლეს, გოჭი დაკლეს - მე დამაკლეს, ანუ, რა შუაშია ივანიშვილი?!

ხარი დაკლეს - მე დამაკლეს, გოჭი დაკლეს - მე დამაკლეს, ანუ, რა შუაშია ივანიშვილი?!

პირველად რაც ვიფიქრე, უდანაშაულო ადამიანების ადგილას მე უნდა დავეკავებინე...

 

შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის (იგულისხმება სასამართლო სისტემა) არქიტექტორი - ის ახლა არის ბიძინა ივანიშვილი“ - აცხადებს ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით აღშფოთებული თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და იგი საპროტესტო აქციებით იმუქრება. ალასანია მზად არის, რომ სიცოცხლის ფასად იბრძოლოს, რომ „ეს ბიჭები ტყვეობიდან დაიხსნას“!

 

პარტიის ლიდერი იმუქრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი.

 

პოლიტიკური პარტიის ლიდერს არც თანაპარტიელი ნინო გოგუაძე ჩამოურჩება და ივანიშვილს აფრთხილებს, რომ ამიერიდან მისი დაუძინებელი მტერი იქნება, ხოლო კონკრეტული საქმის („კაბელების საქმე“) მოსამართლე ბუგიანიშვილს ბიძინა ივანიშვილის პირად მონად მიიჩნევს!..

 

„თავისუფალი დემოკრატები“ საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ე.წ. „კაბელების საქმეზე“ თავისუფლებააღკვეთილი საჯარო მოხელეები პოლიტიკური პატიმრები არიან და ამ ყველაფრის უკან ქართველი მილიარდერის სილუეტი იკვეთება...

 

საქართველოსნაირ ქვეყანაში სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტია, მითუმეტეს, დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო (თუ არ მოინდომა) სააკაშვილის ზონდერ-მოსამართლეებისგან გაენთავისუფლებინა სასამართლო სისტემა, მაგრამ ყოველი კონკრეტული (მავანისათვის მიუღებელი) განაჩენის გამო ივანიშვილისკენ თითის გაშვერა ვერ არის მთლად სერიოზული საქმე, მითუმეტეს, თუ ობიექტური წანამძღვრები არ გააჩნია!

 

ციხე უდანაშაულო ადამიანების ადგილსამყოფელი არ უნდა იყოს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მსჯავრდებულთა ხვედრს ადამიანურად განვიცდი, მაგრამ ივანიშვილისკენ თითის გაშვერას და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას სჯობს არგუმენტებით დაამტკიცონ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა უდანაშაულობა - კონკრეტულად ის, რომ მათ „სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს“ (ირაკლი ალასანია).

 

თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეა საუბარი, მაშინ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საზოგადოებას უნდა აუხსნან ვისგან, რატომ წამოვიდა ეს ანგარიშსწორება და ვის გამო იქცა თავდაცვის უწყების ხუთი თანამშრომელი განტევების ვაცად!.. სხვათაშორის, საკმაოდ დამაფიქრებელია ირაკლი ალასანიას სიტყვები: „პირველად რაც გავიფიქრე, უდანაშაულო ადამიანების ადგილას მე უნდა დავეკავებინე“. რას გულისხმობს ექს-თავდაცვის მინისტრი (ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი) და დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბატონი ირაკლი ალასანია ამ სიტყვებში?

 

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უბრალო შემსრულებლები იყვნენ, ხოლო რეჟისორები და მთავარი მოქმედი პირნი, რომელთაც იმუნიტეტი იცავთ, თავისუფლად დადიან?!

 

სასამართლოს კომპეტენციაში ვერ შევიჭრებით, ვერც იმას დავამტკიცებთ (არც ვართ ვალდებულნი), რომ მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ უდევს საფუძვლად, მაგრამ საზოგადოება პოლიტიკური ბალ-მასკარადებისგან უნდა განთავისუფლდეს და კანონიერების დაცვა სამართლებრივ სიბრტყეში უნდა გადავიდეს!

 

მოკლედ, პოპულიზმს და ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს ბოლო არ უჩანს. ხალხი არა მარტო დაიღალა ამ წინასწარ დაგეგმილი სანახაობებით, არამედ უკვე მიხვდა კიდეც, რომ ეს ყველაფერი მისთვის თვალში ნაცრის შეყრას ემსახურება.

 

არაფერი არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდების!

 

ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: