Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (5)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
10-06-2016, 15:43
ნანახია: 1874

ვახტანგ დავითაია:

2 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლობის და რადიო „თავისუფლების“ ერთობლივი პროექტით შედგა ინტერვიუ ექს-პრემიერ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ჟურნალისტის კითხვებიდან ზოგიერთი არქიტექტურასაც შეეხებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ არქიტექტორის, პროფესორ ვახტანგ დავითაიას კომენტარს.

ინტერესით ველოდებოდი ანონსირებულ ინტერვიუს. ყურადღებით მოვისმინე. ინტერვიუმ უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა, ალბათ, არა მხოლოდ ჩემზე. რომ არაფერი ვთქვათ ბანალურ, მრავალჯერ პასუხგაცემულ შეკითხვებზე, ინტერვიუ არც კეთილგანწყობილებით და ჟურნალისტური ეთიკით იყო გამორჩეული.

დამრჩა შთაბეჭდილება, ბატონი ბიძინა დაკითხვაზე იყო მიწვეული და არა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ.

ეთიკის "დეტალებზე" არ ვისაუბრებ, ყველამ ნახა და გაიგონა. ვფიქრობ, საზოგადოებრივ ტელევიზიას მეტი სოლიდურობა მოეთხოვება.

ორივე შეკითხვას პასუხი ჟურნალისტმა თავად გასცა. თურმე კომკავშირის ხეივანზე "საცხოვრებელ სასახლეს" დაუფარია ნარიყალა. საინტერესოა, რომელი წერტილიდან უყურებდა ჟურნალისტი "სასახლეს". ის არც ერთი წერტილიდან არ ფარავს ნარიყალას, ასეთი წერტილი ბუნებაში არ არსებობს!

თუ ქალბატონი ჟურნალისტი ძალიან ახლოს მივა და შუბლს მიადებს რომელიმე კედელს, მთელი სამყარო დაიფარება.

მიმაჩნია (ალბათ კოლეგების უმრავლესობაც დამეთანახმება), რეზიდენცია ნარიყალაზე მოცულობით-სივრცობრივი მასშტაბით და ხასიათით, არქიტექტურულ-მხატვრული სახით, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. მან ახალი მხატვრული "ინტრიგა" – ინტერესი, ინტონაცია შეიტანა ქალაქის პანორამაში.

კომპოზიცია დაშლილია, დანაწევრებული, წრიული ფორმები იწვევენ ასოციაციებს ნარიყალას გოდოლებთან, საინტერესოა რაკურსები, ფრაგმენტები!

ავტორიტარიზმის პერიოდში მოღვაწე არცერთ უცხოელ არქიტექტორს ასეთი სიფრთხილე, მოწიწება და რევერანსი არ გამოუჩენია ურბანული გარემოსადმი. მხატვრული მიმართულების – "ჰაი-ტეკი"-სადმი, როგორც სტილის მიმართ, დიდი სიმპატიები არა მაქვს, მისი თანდაყოლილი სიცივის გამო, მაგრამ ეს სუბიექტურია და სრულებითაც არ ამცირებს კომპლექსის მნიშვნელობას.

რაც შეეხება მეორე კითხვა-ბრალდებას, აქაც პასუხი-განაჩენი თავად ჟურნალისტმა გამოიტანა. "რატომ უჭერთ მხარს "პანორამა თბილისის" აგებას, რომელიც ფაქტობრივად მოსპობს ძველ თბილისს?"

 



მე ვესწრებოდი, ამ რამდენიმე წლის წინათ, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში, "პანორამა თბილისის" იდეის პრეზენტაციას. ის იყო არა პროექტის პრეზენტაცია, არამედ განზრახულებათა ვერბალური გაცნობა, ვიდეოს თანხლებით. მომხსენებელმა ჩამოთვალა ობიექტის ნუსხა, რომლებიც უნდა გაშენებულიყო "ოთხ კომპლექსში", რომლებიც ერთმანეთთან საბაგირო გზებით იქნებოდნენ დაკავშირებულნი. საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხდებოდა ქალაქის ისტორიულ ნაწილში აქტიური ჩარევა, რამაც დამსწრეთა უმეტესობის, მათ შორის ჩემი, უკმაყოფილება გამოიწვია, რაც გამოვთქვი კიდევაც პრესაში.

შემდეგ ეტაპზე პროგრამა დაზუსტდა, "სოლოლაკის ბაღების" პროექტიც დაკონკრეტდა. პროფესიული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გულუბრყვილობა და აკვიატებულია, რომ "პანორამა თბილისი", რომლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია "სოლოლაკის ბაღები", "მოსპობს ძველ თბილისს". "სოლოლაკის ბაღების“ პროექტი ინარჩუნებს გორაკის კონტურს, მასას, იქცევა არქიტექტურულ გორაკად. ტერასების ინტენსიური გამწვანების, გარემოსთან შეხამებული ფერებით, შეიძლება გარემოსა და არქიტექტურის სიმბიოზის საუკეთესო მაგალითად მოგვევლინოს.

ყოველ ახალ შენობას მისეული წესრიგი, ინტონაცია შემოაქვს არსებულ განაშენიანებაში. უმთავრესია, რამდენად კონტექსტური და თავაზიანია ახალი ძველის მიმართ. დარწმუნებული ვარ, იმ ფსიქოლოგიით და პოლიტიკური ინტერესებით, რომელსაც იჩენენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის მიმართ "პროფესიონალი" ოპონენტები, დღეს, ვერც ფუნიკულიორს, ვერც მამა დავითის ეკლესიას, ვერც "პრეზიდენტის სასახლეს" ავაშენებდით. რაღაც არ მახსენდება მიტინგები და პიკეტები, როდესაც შენდებოდა ისტორიულ ბირთვში "კუზიანი ხიდი", "შანგრილა", "ბუდა ბარი", ე.წ. საკონცერტო-საგამოფენო დარბაზები რიყეზე, საცხოვრებელი კოლოსი პირველი სკოლის უკან, როდესაც დღისით, მზისით ხდებოდა სპორტის სასახლის არეალის საცხოვრებელი კორპუსებით ამოყორვა, ანჩისხატის მიმდებარე ტერიტორიის მოცულობით-სივრცობრივი მასშტაბის მკვეთრი ცვლა, თბილისის გუმბათიზაცია.

ცალკე თემაა ბათუმი – უფუნქციო "ბათუმი-ტაუერი" და "ანბანის კოშკი", შუშის უსახური სასტუმრო "რედისონი" და შეკვეთილი, სავალდებულო "ისტორიზმი" და სხვა. ზოგადად აღვნიშნავ, ყველა აქცია მიმართული ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივების წინააღმდეგ უკიდურესად პოლიტიზირებული და მართულია, თუმცა, ერთნიშნად კონტპროდუქტიული.