Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
6-09-2016, 17:26
ნანახია: 1561

ზაურ ნაჭყებია: გამსახურდიადან ივანიშვილამდე, ანუ რატომ არ არის ხელისუფლებისთვის მთავარი საკუთარი ქვეყნის სიყვარული?!

საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა გუშინ გურიის რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის შეფასებას.

 

ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა გამოხმაურებებმა დამარწმუნა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამსახურდიას ივანიშვილისეული შეფასება შეურაცხყოფად მიიღო. ყოველ შემთხვევაში, ნეგატიური კომენტარები 100-ჯერ მეტია, ვიდრე პოზიტიური...

 

შეიძლება ივანიშვილს შეფასებაში დავეთანხმოთ, ან არ დავეთანხმოთ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ის ლექსიკა (საკუთარ თავს და მკითხველსაც უნდა ვცეთ პატივი!), რითაც ქართველ მოლიარდერს და ექს პრემიერ-მინისტრს „ამკობენ“.

 

გავიხსენოთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიაზე: „მე პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას ცოდნა უნდა. ისე არაა, მარტო გიყვარდეს, ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს!“

 

ერთი შეხედვით, უწყინარი შეფასებაა. მართვას (მითუმეტეს სახელმწიფოს მართვას) ნამდვილად სჭირდება ცოდნა, ამასთან, სათანადო გამოცდილებაც უნდა გქონდეს (შესატყვის მანერებზე რა მოგახსენოთ - „შესატყვისი მანერები“, ანუ ქარიზმა გადაჭარბებულად ჰქონდა ზვიად გამსახურდიას, იმდენად გადაჭარბებულად, რომ ჩვენი ქვემძრომიალე მხედართმთავარიც კი ბაძავდა!), მაგრამ, ერთმა სიტყვამ მთლად გააფუჭა ყველაფერი - „ისე არაა, მარტო გიყვარდეს“(?!)

 

ზვიად გამსახურდიას საქართველოს სიყვარულში ვერავინ შეეცილება. ჩვენი უბედურებაც სწორედ იქიდან დაიწყო, როცა სახელმწიფოს სათავეში „გამოცდილი და მცოდნე“, მაგრამ სულით და მრწამსით გამყიდველ-მოღალატეები მოვიდნენ - მერე რა, თუ შევარდნაძე გამოცდილი იყო, მისმა პოლიტიკურმა „ალღომ“ და „საერთაშორისო ავტორიტეტმა“ რა ხეირი მოუტანა საქართველოს, ეს ხომ ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ - მან თავისი მლიქვნელობით თუ „შორსმჭვრეტელობით“ იმდენად დაამყაყა ხელისუფლება, ხალხი იმაზეც თანახმა იყო, გიჟი და გადარეული მოეყვანა ქვეყნის სათავეში, ოღონდ, ის წასულიყო. ასეა, ბოროტება ყოველთვის შობს ბოროტებას!

 

თუმცა, ახალგაზრდა, ენერგიული, ქარიზმატული სააკაშვილის მოყვანაში შევარდნაძეზე მეტი პასუხისმგებობა ქართველი ერის კისერზეა - იმ ერის, რომელმაც „ვარდების რევოლუცია“ (ხელისუფლების უსისხლოდ, მაგრამ ძალადობით დამხობა) ნორმალურ მოვლენად შეაფასა და „გიჟი“ და „შეურაცხადი“ სააკაშვილი (ეს თემურ მირიანიშვილის სიტყვებია) „დიდების“ კვარცხლბეკზე ტრიუმფით აიყვანა!

 

აბა გაიხსენეთ რამდენი პროცენტით ავირჩიეთ სააკაშვილის ხელისუფლება?!

 

სააკაშვილს ე.წ. ქარიზმა და სასიცოცხლო ენერგია ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ აკლდა ის, რაც აუცილებელია სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის - ქვეყნის და საკუთარი ხალხის სიყვარული!

 

ის შესანიშნავად გაერკვა ქართველი ერის ფსიქიკაში და ხბოს აღტაცებით გამოწვეული ნდობის მაქსიმალური მანდატი ისევ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა. საოცარი მოვლენის მოწმენი გავხდით - „ხალხის რჩეული“ პრეზიდენტი საკუთარ ამომრჩეველს ლამის სულს ხდიდა და ზომბირებული მასა ამას ქვეყანაში „წესრიგის დამყარების“ აუცილებელ პირობად მიიჩნევდა!

 

ეხ, რაც იყო, იყო...

 

ახლა ისევ გამსახურდიას დავუბრუნდეთ: ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომ მას სახელმწიფოს მართვისთვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა (ან საიდან უნდა ჰქონოდა?!), მაგრამ მას ჰქონდა უმთავრესი - სამშობლოს სიყვარული, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა მერყევი და 30 ვერცხლად სულგაყიდული თანამოქალაქეების ხელში. მას დროც არ ჰქონდა გამოცდილება შეეძინა და ამ გამოცდილებასთან შეზავებული სამშობლოს სიყვარულით ერი სამშვიდობოს გაეყვანა - ჩვენ ჩვენს მიერ ლამის 100%-ით არჩეული პირველი პრეზიდენტი ჯერ სამშობლოდან გავაქციეთ, შემდეგ კი სამეგრელოს ტყეში მოვკალით. დიახ, მას მთელმა საქართველომ ესროლა!

 

ზვიად გამსახურდიას შეიძლება ტაქტიკური შეცდომები დაუწუნო, მაგრამ სტრატეგიაში მას ბადალი არ ჰყავდა. ის წინასწარ ჭვრეტდა იმ მოსალოდნელ ჯოჯოხეთს, რა ჯოჯოხეთიც ჩვენ პირველი პრეზიდენტის დამხობის შემდეგ გავიარეთ!

 

რა თქმა უნდა, იყო საკადრო შეცდომები (რასაც მას საყვედურობენ) და ემოციებზე აგებული პოლიტიკაც, მაგრამ მას, შემდგომი ხელისუფლებებისგან განსხვავებით, საქართველო არ გაუყიდია. პირიქით, ის სწორედ ეროვნული ღირებულებების ერთგულებას ემსხვერპლა!

 

მას ვერავინ დასწამებს, რომ საკუთარ სკამს საქართველოს ინტერესები ანაცვალა - ვერც სამაჩაბლოს და აფხაზეთის გაჩუქებას დასწამებს ვინმე, ვერც ქართული მიწების „უპრაგონოდ“ გაყიდვას და სხვა ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლითაც „გვანებივრებდნენ“ და დღესაც გვანებივრებენ უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეშილი ნაძირლები (მაპატიეთ ასეთი მკვეთრი გამოთქმისთვის)!

 

ზემოთ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ უყვარს - არ შეიძლება ქვეყანა ერთი ხელით ფაშიზმისგან იხსნა (როგორც ამას ხშირად გვახსენებენ) და მეორე ხელით ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, საყდრისი ააფეთქო, უცხოელებზე მიწების შეუზღუდავად გაყიდვა დააკანონო, განათლების სისტემას ეროვნული საძირკველი გამოაცალო („მე და საზოგადოება“), მშობლებისა და შვილების ტრადიციულ ურთიერთობას დიდი კითხვის ნიშნები დაუსვა და შენივე (შენს მიერ მოყვანილი პარლამენტარების) წყალობით მიღებულ კანონს მშობლებისთვის ბავშვების წართმევის უფლებამოსილება მიანიჭო (კანონი „იუვენალური იუსტიციის შესახებ“).

 

ამის შემდეგ მე არ მაინტერესებს რა „მანერები“ და „ცოდნა-გამოცდილება“ გაგაჩნია, არც ის, სააკაშვილი მოაშორე თუ არა ხელისუფლებას,  ქვეყნის სიყვარულში გამსახურდიას არა თუ გაეჯიბრები, არამედ, ახლოსაც ვერ დაუდგები!

 

დანარჩენი უკვე მესამეხარისხოვანია...