მოხდა ის, რაც ამ ეტაპზე სასურველი იყო საქართველოსთვის

მოხდა ის, რაც ამ ეტაპზე სასურველი იყო საქართველოსთვის

    პარტია „თეთრების“ პოზიცია  არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით

ჩვენ, თანმიმდევრული ვართ ჩვენს შეფასებებში,   პოზიციას არ ვიცვლით  პოლიტიკური  ამინდის მიხედვით, ვრჩებით ოპოზიციურ  პარტიად,  მაგრამ არა ჩასაფრებასა და დაპირისპირებაზე, არამედ მომავლის საქართველოსათვის თანამშრომლობაზე ორიენტირებულ პარტიად, იმ პარტიად,  რომელსაც მიაჩნია, რომ დაპირისპირება ანგრევს, თანამშრომლობა გულისხმობს ოპოზიციონერობას, ქვეყნის შენებას, ხალხის ინტერესების დაცვას. სწორედ ამიტომ პირდაპირ ვაცხადებთ:  მოხდა ის, რაც ამ ეტაპზე სასურველი იყო საქართველოსთვის, ანუ ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით და ამას სახალხოდ და საჯაროდ ვამბობდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მოხდა ის, რაც ამ ეტაპზე სასურველია  საქართველოსათვის.

ერთი მხრივ, დასრულდა კოჰაბიტაცია და დამნაშავე პარტიის პარპაში.

მეორე - ხალხი ბუნებრივად გახდა მთავარი ოპოზიციური ძალა, ანუ  უაზრო პოლიტიკით დაღლილმა ხალხმა,  არჩევნებზე მისვლით თუ არმისვლით, თქვა რომ, იგია ქვეყნის ბატონ-პატრონი და ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება.

მესამე - ამ არჩევნებმა პოლიტიკურად გააკოტრა ყველა პოლიტიკური ძალა, ქვეყანაში სრულიად თავისუფალია პოლიტიკური ველი, რაც შესაძლებელს ხდის რომ ჩამოყალიბდეს კლასიკური ტიპის პოლიტიკური ძალები  (სასურველია ორი) და  ქვეყანაში   დაიწყოს დიდი დემოკრატიული პროცესი.

არჩევნების შედეგებით ორს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა: ხალხის არნახული მხარდაჭერით გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას“ და უშუალოდ ხალხს, საზოგადოებას.

მოქმედებაში მოდის, ხაზგასმით ვამბობთ, ჯერ მხოლოდ  მოდის, დემოკრატიული მსოფლიოს მთავარი პრინციპი:

„ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს და მართავს საზოგადოება, საზოგადოებას  მართავს ინტელექტი და ზნეობა“.
 
სწორედ აქ არის გამოკვეთილი გამარჯვებულის და გამმარჯვებელის პასუხისმგებლობაც.

„ქართულ ოცნებას“, დრომ და ხალხმა მისცა დიდი შანსი, იყოს ხალხის განწყობის გამომხატველი, იმოქმედოს რადიკალურად,  აამოქმედოს დღემდე იგნორირებული და მიძინებული ქვეყნის ინტელექტუალური (მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა), ბუნებრივი, გეოგრაფიული, ეკონომიკური და ხალხის რესურსი, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩათვლით  და  პარალელურად, საზოგადოებას დააკისრა პასუხისმგებლობა,  მართოს  ხელისუფლება,  რათა  ამ უკანასკნელმა  შეასრულოს დაკისრებული მისია  - იყოს ხალხის მსახური და არა უფროსი (როგორც ეს დღემდე იყო),  არ იფიქროს ძალაუფლების უზურპაციაზე, რომლის შიშიც გაჩნდა საზოგადოებაში.
 
პირდაპირ ვთქვათ, იმედდაკარგული  ხალხი, სწორედ ის ხალხი, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ყველა ხელისუფალი: ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი დღემდე არწმუნებდნენ, რა ვქნათ, გვინდა ბევრის გაკეთება, მაგრამ ხელს გვიშლიანო, დღეს „ქართულ  ოცნებას“ ეუბნება: „გაქვთ  ნდობის სრული  მანდატი, გვიჩვენეთ, ვინ ხართ,  ჰა, ბურთი და მოედანი!“

ჩვენ, „თეთრები“ ვიზიარებთ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის, „ეროვნული თანხმობისათვის“  პოზიციას, რომ არჩევნებიდან ექვსი თვის განმავლობაში, „ქართული  ოცნების“ მეგობარმაც, მტერმაც და მოყვარემაც ყოველმხრივ დავუჭიროთ მხარი მას, რათა ეფექტურად დაიწყოს ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება - განსაკუთრებულად ის, რასაც ჰქვია ქვეყანაში სამართლიანობის დადგენა და ეს დაიწყოს 1991-92 წლებისა და შემდგომი გადატრიალებების  სამართლებრივი შეფასებით, როგორც ეს ძალიან სერიოზულად გამოკვეთა ერთობლივ მიმართვაში საქართველოს პირველი უზენაესი საბჭოს და შემდგომი პარალმენტების და მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა.

სწორედ ამ შედეგების საჯაროდ და სახალხოდ  შეჯამება აქვს  გათვალისწინებული  მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფს კონგრესზე და ამავე კონგრესზე აპირებს განისაზღვროს  ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების შემდგომი პროგრამა.

ჩვენ, „თეთრები“ ვიქნებით საზოგადოების  იმ ნაწილთან, იმ  პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ ძალებთან, ვინც ფიქრობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი განწყობის ძალთა კონსოლიდაციაზე და ასეთივე განწყობის პოლიტიკური ძალის შექმნაზე.

არ ვაკეთებთ დრამატიზებას, მაგრამ გარკვეული ეჭვით ვუყურებთ პოლიტიკურ ლიდერთა  გაქცევებს საკუთარივე პოლიტიკური პარტიებიდან და პარალელურად მათ განცხადებებს, რომ რჩებიან პოლიტიკაშიც და ოპოზიციაშიც. ეს კი ნიშნავს, რომ მათი უცხოელი პატრონები ფიქრობენ, რომ დღემდე მათ მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალებს უკვე აღარ აქვთ მომავალი  - ყველა გაკოტრებულია  და საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირება, იმავე მიზნებითა და ამოცანებით, რაც აქამდე ჰქონდათ ქვეყნის გარედან მართულ პოლიტიკურ ძალებს.

დაიწყო საინტერესო პოლიტიკური პროცესი. მისი  სისტემატიური ანალიზია საჭირო, რათა დაცული იქნას ქვეყნის ინტერესები და დასრულდეს იმ პარტიების პარპაში, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან, ემსახურებიან სხვათა ინტერესებს, ან მხოლოდ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს და პოლიტიკა ბიზნესად აქციეს.

ამ პროცესში უდიდესია მეცნიერთა, ზნეობრივი ავტორიტეტების და ინტელიგენციის პასუხისმგებლობა,  სამწუხაროდ ხალხში, გაძლიერებულია აზრი, რომ ინტელიგენცია გაყიდულია და უღალატა ხალხის ინტერესებს,  შიშით ცხოვრობს და ემსახურება ხელისუფლებას და არა ქვეყანას.

ხალხის ამ განწყობის შეცვლას მეცნიერთა და საერთოდ, ინტელიგენციის გაბედული ქმედებები სჭირდება. დემოკრატიული მსოფლიოს გამოცდილება ბევრს გვეუბნება: ინტელიგენცია და მეცნიერება ერთდროულად ხელისუფლების ბუნებრივი პარტნიორი და ოპონენტია.  სხვათა შორის, ეს განწყობა საქართველოში კანონმდებლობითაც კი არის განმტკიცებული: მეცნიერებათა აკადემია, ზოგადად მეცნიერება, მიჩნეულია ხელისუფლების მრჩევლად. სამწუხარო ის არის, რომ დღემდე ეს პასუხისმგებლობა კარგად არ არის გაცნობიერებული არც ხელისუფლებაში და არც მეცნიერებაში.

ჩვენ, „ თეთრები“ ვისურვებდით, რომ ხელისუფლება სრულად ეყრდნობოდეს მეცნიერებას. მეცნიერები კი რეალური გაბედული რჩევებით კვებავდეს ხელისუფლებას. პასუხისმგებლობა მარტივად უნდა ჩამოყალიბდეს: მეცნიერები აძლევენ რჩევებს, ამის თაობაზე საზოგადოება, ინფორმირებულია   თუ ხელისუფლება ითვალისწინებს და შედეგი არ დადგა, ეს მეცნიერების სერიოზულ პასუხისმგებლობას უნდა ნიშნავდეს და ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებული უნდა იყოს მაშინ, თუ საპირისპირო პროცესთან გვაქვს საქმე, ანუ მეცნიერებს ან არაფერს ეკითხებიან, ან მათ რჩევებს არ ითვალისწინებენ. ესეც ხმამაღლა უნდა ითქვას და საზოგადოება მზად უნდა იყოს, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დააკისროს სწორედ ხელისუფლებას და იფიქროს მის შეცვლაზე.

დასკვნის სახით

ჩვენ „თეთრები“, ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნების შედეგებით, არ  დარჩა საზოგადოების არც ერთი ფენა, არც ერთი რგოლი, იქნება ეს სახელისუფლებო თუ მის გარეთ, უფრო მეტიც, არ დარჩა საქართველოს ერთი მოქალაქეც კი, რომლის პასუხისმგებლობა არ არის გამოკვეთილად განსაზღვრული.

ახლა გამოჩნდება, ვის რა პასუხისმგებლობის გრძნობა გაგვაჩნია ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე.

ჩვენ, „თეთრები“, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმითაც, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღეთ, სახალხოდ  და საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ამ ეტაპზე სასურველი იყო არჩევნებზე მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნებისთვის“ ... ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ასევე სახალხოდ და საჯაროდ მეორე ტურის არჩევნების წინ, მხარი დავუჭირეთ „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის მიღებას.

ჩვენ სწორედ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ: ყველა კარგ საქმესა და წამოწყებას დავუჭერთ მხარს, უკომპრომისო ვიქნებით იმის შეფასებაში, რასაც ქვეყნისთვის მიუღებლად ჩავთვლით, ყველა საშუალებით ვიბრძოლებთ, რომ დასრულდეს ქვეყნის გარედან მართვა, ვიქნებით იქ, სადაც იზიარებენ უმთავრეს პრინციპს:

ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს - ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა…გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები!


პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
31.10.3016წ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: