უპირველესად, ერმა ღირსება უნდა დაიბრუნოს!

უპირველესად, ერმა ღირსება უნდა დაიბრუნოს!

დღეს ჩვენს სამშობლოს, როგორც არასდროს შველა ჭირდება!

 

გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით რომ ქვეყანა უფსკრულის პირასაა - საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი უკიდურესად დაცემულია. ქართველები მეოთხედი საუკუნეა გარბიან საქართველოდან, მაშინ, როდესაც დედაქალაქი და სხვა ქალაქები, უცხო ტომის შვილების სათარეშო, საჯირითო არენადაა გადაქცეული. ერთი მუჭა, შემორჩენილი ქართველებისთვის სამშობლოში ცხოვრება გაუსაძლისი გამხდარა და დღითიდღე უარესდება.

აქედან ,,გამოსავლად“ კი ხელისუფალთ მშობლიური მიწის გაყიდვა განუზრახავთ. ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა. იმდენად გაუსაძლისი ხდება ცხოვრება, რომ ხალხს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და მთავრობასაც არ შესწევს უნარი (თუ სურვილი არა აქვს) ქვეყანა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან!

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი სამოქალაქო ძალისმიერი დაპირისპირება (რასაც ქვეყანა ძნელად თუ გადაიტანს) და მშვიდობიანი გზით მოხდეს ქვეყნის გამოყვანა კრიზისული მდგომარეობიდან, საჭიროდ მიგვაჩნია საზოგადოების გამოფხიზლება, სამოქალაქო აქტიურობა, პატრიოტულ ძალთა გაძლიერება/შეკავშირება.

საქართველოში საკმაოდ არიან პატრიოტი ადამიანები, რომელთაც ადგილზე უნდა დაიწყონ გაერთიანება: თანამოაზრეობის, საცხოვრებელი ადგილის, სამეგობრო წრისა თუ საგვარეულო ნიშნით, ალტრუისტური მიზნით - საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კავშირების ჩამოყალიბების გზით. შემდეგ ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან მწვავე, უპირველესი პრობლემატური (როგორც ეროვნული ასევე სოციალური) საკითხების დაყენებით.

თუნდაც ერთი პრობლემის მოგვარება მათ გარშემო საზოგადოებას გაუჩენს საკუთარი ძალებისადმი რწმენას და იმედს, რომ ერთიანი ძალისხმევით სასიკეთო ცვლილებები შესაძლებელია. ეს შედარებით აქტიურ ნაწილს ამ პროცესის თანამონაწილეობის სურვილს გაუჩენს, ხოლო, დანარჩენ პასიურ მასას კი გულშემატკივარსა და მომხრეს გახდის, რაც ქვეყნის აღორძინებისთვის მასების საკმარის ჩართულობას გამოიწვევს.

ვიმოქმედოთ იმავე მეთოდით, რომლითაც მოქმედებდა საქართველოს ე.წ. „მეგობარი ძალები“. შევქმნათ მთელი ქვეყნის მაშტაბით რაც შეიძლება მეტი, თუნდაც რამდენიმე კაციანი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც არ იქნება ვინმესგან დაფინანსებულები და მართული.

სიმრავლე და იმავდროულად შემადგენლობრივი სიმცირე იქნება მათი უკონტროლობის გარანტი, განსხვავებით დიდი პატრიოტული გაერთიანებებისა, რომელიც ხშირად მისი ლიდერის დამორჩილება/გაკონტროლებით მთავრდება, რაც დიდი ეროვნული ენერგიის ფუჭად გახარჯვას და საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს.

არაქართული ძალების მიერ შექმნილი, დაფინანსებული და მართული სამოქალაქო სექტორი, ჩავანაცვლოთ ეროვნული იდეებით ნასაზრდოები სამოქალაქო საზოგადოებით. აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენდა სასარგებლოდ გამოვიყენოთ მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე დიდი ცვლილებები, რომლებიც, როგორც წესი, ერთმნიშვნელოვნად ცუდი ან კარგი არასოდესაა (უფრო ჩვენს მზაობაზეა დამოკიდებული).

შემდგომ ეტაპზე უკვე შესაძლებელია ამ საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდაცია (და არა მექანიკური გაერთიანება) საერთო პრობლემების გადაწყვეტის მიზნით. რაც მთელი ქვეყნის მაშტაბით ანალოგიური პრობლემების გადაწყვეტის გზებისა და მეთოდების რეალურ საშუალებათა მიგნების სწორ მიმართულებებს განსაზღვრავს. ამ და სხვა ანალოგიური ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება პატრიოტულ ძალთა თავმოყრა და გაერთიანება. რაც ყველაზე უმთავრესია, ჩამოყალიბდება ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებების ერთიანი სახალხო ხედვა და მოთხოვნა.

ყოველივე ამის დაწყების მაგალითად, ვიმედოვნებთ ჩვენი გამოცდილება გამოდგეს:

ჩვენ, თანამოაზრეების ერთმა ჯგუფმა, შევაფასეთ რა ჩვენი, ქართველი ადამიანის, ქართული საზოგადოების ღირებულებებისა და ფასეულობების შელახვის ხარისხობრივი მაჩვენებელი, ჩავთვალეთ, რომ ის კრიტიკულ ზღვარზეა.

არსებული რეალობის შესაცვლელად კი აუცილებლად მივიჩნიეთ, პროგრესულად, ჭეშმარიტად დემოკრატიულად მოაზროვნე და აუცილებლად ეროვნული ცნობიერების მქონე ადამიანების, საზოგადოების კონსოლიდაცია.

ამასთან, ქართული პარტიების უუნარობის, უპრინციპობის და შესაბამისად მათდამი ხალხის სრული უნდობლობის გამო, მათთან ურთიერთობა თავიდანვე გამოვრიცხეთ, სხვა გზით წავედით და შევქმენით კავშირი „ღირსება" (იხ. გვერდი facebook-ზე https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90--488683457978520/?fref=nf&pnref=story). რომლის წევრობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ეროვნული იდეების პრიორიტეტად აღიარება, ამა თუ იმ სფეროში პროფესიონალიზმი, პოლიტიკური პარტიებიდან დისტანცირება.

საპარლამენტო არჩევნებისას, მიუხედავად პოლიტიკური ძალების მხრიდან საკმაო მცდელობისა, შევძელით მათგან და ამ პროცესიდან, სრული დისტანცირება მოგვეხდინა და ჩვენ გეგმას მივყოლოდით!

დიდი სურვილი გვაქვს ყველანაერად შევუწყოთ ხელი მსგავსი ორგანიზაციების ქვეყნის მაშტაბით შექმნას. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ამ კუთხით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.

ზურაბ გაგუა,
დავით სვანიძე
კავშირი ,,ღირსება“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: