თანამედროვე ლუციფერი და შუაზე გახლეჩილი საზოგადოება!

თანამედროვე ლუციფერი და შუაზე გახლეჩილი საზოგადოება!

2007 წელს გამოვიდა საკმაოდ საინტერესო წიგნი „ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი“ (ავტორი: პროფესორი ვაჟა შუბითიძე). გარდა იმისა, რომ წიგნი ჩემი უშუალო ძალისხმევით მომზადდა, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე მისი საბოლოო სახის ფორმირებაშიც.

 

წიგნმა სათანადო რეცენზირება გაიარა და მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დისკუსიის საგანი გახდა, თუ რამდენად გამართლებული იქნებოდა ისტორიაგამოვლილ ქართველ კორიფეთა გვერდით თანამედროვე ადამიანებიც დაგვეყენებინა. ჩემდა სამწუხაროდ, მაშინ ავტორის პოზიცია გავამყარე და საჭიროდ ჩავთვალე, რომ „ყველა დროის 100 ქართველში“ მის უწმინდესობასთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც შესულიყო.

 

ჩემი პოზიცია ემყარებოდა იმ მოსაზრებას, რომ ივანიშვილი სწრუპოვარი ქართველი ქველმოქმედი იყო, რომელმაც უანგაროდ ააშენა სამების გრანდიოზული ტაძარი და ქართველი ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკურად გადაარჩინა.

 

მაშინ ვერავინ მოიფიქრებდა, რომ იგი აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებდა საკუთარ რეპუტაციას - მეტიც, მისი პოლიტიკური და სოციალურ-რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, ბევრ კითხვის ნიშანსაც დატოვებდა...

 

სამწუხაროდ შევცდით!

 

 

საქართველოს მანამ არ ეშველება, სანამ სახელისუფლო ვერტიკალზე

 

ურწმუნოები იქნებიან!

 

2011 წლის ოქტომბერში მეც იმ ადამიანთა რიგებში აღმოვჩნდი, ვინც კრიტიკულად შეხვდა ბიძინა ივანიშვილის პირველ პოლიტიკურ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის იგი სააკაშვილის რეჟიმის ერთადერთ საპირწონედ შეიძლება მოგვეაზრებინა, მისი აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლა საქართველოსთვის მაინც სახიფათო ნაბიჯად მიმაჩნდა!..

 

საქმე არა იმდენად ივანიშვილის ნდობა-არნდობის საკითხს ეხებოდა, რამდენადაც  იმ ვალდებულებებს, რომლითაც დატვირთულია ნებისმიერი მილიარდერი!

 

ივანიშვილის პირველი პოლიტიკური განცხადება საკმარისი იყო გვეფიქრა, რომ ბატონი ბიძინა ამ მისიის შესასრულებლად ეტაპობრივად ემზადებოდა.

 

უდავოა, რომ ასეთი პრაგმატული ხასიათის ადამიანები სერიოზულ გადაწყვეტილებებს სპონტანურად, ემოციის დონეზე არ იღებენ. მათი ნებისმიერი ნაბიჯი ან მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელზეა გათვლილი, ან იძულებული ხდებიან გარკვეული დავალება შეასრულონ!..

 

არ შემიძლია ვამტკიცო, რომ ივანიშვილმა თავისი ნაბიჯი ეკონომიკურ სარგებელზე ააგო და საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრება გადაწყვიტა, მაგრამ წყალი არ გაუვა, რომ იგი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა და გარკვეული დავალებაც შეასრულა.

 

რაც არ უნდა საპირისპირო ამტკიცონ, დაუჯერებელია ასეთი ფრთხილი და „მძიმეწონიანი“ ფიგურა „აზვირთებულ ზღვაში“ ისე შესულიყო, ყველა მოსალოდნელი შედეგი არ გაეთვალისწინებინა. ყველაზე საჩოთიროდ  მისი სამმაგი მოქალაქეობა მეჩვენება, რომელმაც „დაჩაგრულის“ (არადა, სავსებით კანონიერად ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა. ვის, ვის და ბატონ ბიძინას უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია სამმაგ მოქალაქეობას არ ცნობს!) იმიჯი შეუქმნა, რასაც, თავის მხრივ, პოლიტიკური ტემპერატურის აწევა მოჰყვა...

 

განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლის დასაწყისი, რომელმაც საზოგადოება მის გარშემო გააერთიანა და 1 ოქტომბრის შედეგებით დაგვირგვინდა!..

 

დღეს ყველა ამტკიცებს, რომ არჩევნების ბედი ციხის კადრებმა გადაწყვიტა და ამ შედეგს სხვათაშორის, არც ივანიშვილი ელოდა (არის მოსაზრება, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ტრიუმფალური გამარჯვება არ შედიოდა დამკვეთის ინტერესებში). ეს რომ ნამდვილად  ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ ივანიშვილის გუნდი სავსებით მოუმზადებელი მოვიდა ხელისუფლებაში - ყოველგვარი სტრატეგიისა და პროგრამის გარეშე. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ ივანიშვილის გეგმებში არ შედიოდა საზოგადოების, უპირველესად პოლიტიკურ ძალების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო - პოლიტიკური სივრცე გაგვენთავისუფლებინა სააკაშვილის ნარჩენებისგან.

 

არსებითად არ შეიცვალა იდეოლოგიაც - იგივე საგარეო ვექტორი, იგივე ლიბდერალური მიდგომები, რაც საკმაოდ შორს დგას ეროვნული ცნობიერებისგან!..

 

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი გრანდიოზული სამების ტაძრის დამფინანსებლად მოგვევლინა, ეკლესიისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება უცვლელი დარჩა. პირიქით, მეტი გასაქანი მიეცა ურწმუნოთა (სატანის მოციქულთა) რევანშს ეკლესიის წინააღმდეგ!..

 

თანდათან იმსხვრევა მითი, რომ ივანიშვილმა ხალხის დაკვეთა შეასრულა - დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის, რა რეალობაც 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მივიღეთ, ნამდვილად არ ყოფილა ხალხის დაკვეთა - „ქართული ოცნების“ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ არავის ეგონა დამნაშავეთა კასტა ქვეყანაში ასე გალაღებულად  იგრძნობდა თავს და ხელისუფლებაში დაბრუნებით დაგვემუქრებოდა. თუ რას ნიშნავს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება ეს ძნელი წარმოსადგენი არ არის!..

 

ისმება კითხვა: არის თუ არა ივანიშვილი პასუხისმგებელი ქვეყანაში მოვლენების შესაძლო გართულებაზე და რამდენად შესაძლებელია ჩიხში შევიდეს სიტუაცია?!

 

თუ დღევანდელი მდგომარეობით შევაფასებთ, გამორიცხული არ არის, საქართველო ახალი დილემის წინაშე აღმოჩნდეს. სხვა საკითხია, რამდენად მომზადებული იქნება საზოგადოება აღნიშნული დილემის გადასაწყვეტად.

 

სასაცილოა, როცა მავანი და მავანი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ვადაზე ადრე წასვლას  ვაჟკაცურად აფასებს („სხვებივით არ ჩამოეკიდა ხელისუფლებას!“) და არაორდინალური ნაბიჯის კვალიფიკაციას აძლევენ. მე კი პირიქით მგონია - ამ გადაწყვეტილებით მან ქვეყანა მაღალი რისკის ქვეშ დააყენა და კომპასდაკარგულ გემს დაამსგავსა - ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ დავაღწიოთ თავი მოსალოდნელ კატაკლიზმებს და როგორ აღმოვჩნდეთ სამშვიდობო ნაპირზე...

 

საკამათო არ არის, რომ ჩვენ აღფრთოვანებული ვიყავით ქველმოქმედი ივანიშვილით, მაგრამ არ მოგვწონს ივანიშვილი პოლიტიკოსი, რომელმაც ქვეყანა გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა. არ მოგვწონს მისი ხმამაღალი განცხადებაც, რომ მან „ხალხი მაქსიმალურად გამოიყენა!“. ამ შემთხვევაში მისასლმებელია ივანიშვილის გულწრფელობა, მაგრამ ეს სიტყვები ნათლად მეტყველებენ იმაზე, რომ ქართველმა მილიარდერმა ხალხის დაკვეთა კი არ შეასრულა - პირიქით, ხალხი გამოიყენა საკუთარი დავალების შესასრულებლად!..

 

მკითხველს არ გადავღლი მისი საარჩევნო დაპირებების შეხსენებით, თუმცა, ზოგადად კი ვიტყვი, რომ ივანიშვილის ლოზუნგები იყო ტიპიური წინასაარჩევნო ავანტიურა, რომელსაც ადვილად წამოეგო „დიდი ფულის“ ყოვლისშემძლეობით გაბრუებული საზოგადოება.

 

დიახ, ჩვენ ძირითადი ორიენტაცია (სწორება) გავაკეთეთ „დიდ ფულზე“ და ამ ფულიდან გამომდინარე, გავლენებზე, სახელმწიფოს რანგში ავიყვანეთ მისი ქველმოქმედების მასშტაბები, უპირობო ნდობის ორიენტირად დავისახეთ გრანდიოზული სამების ტაძრის მშენებლობა, მაგრამ, ერთხელაც არ დაგვისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა: ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, რამდენად სუფთაა მისი „სულიერი ტაძარი“ და მიგვიყვანს თუ არა ის გზა, რომელიც მან აირჩია (თუ თავს მოგვახვია) სწორედ იმ ტაძრამდე, სადაც ქართული მართლმადიდებლური სული ტრიალებს?!

 

გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი:  საქართველოს მანამდე არ ეშველება, სანამ მართლმადიდებელი ერის საჭე ურწმუნო ადამიანების ხელში იქნება მოქცეული. სანამ ერის ულმნათი მამის - დიდი ილიას იდეები მხოლოდ ჩვენი ეროვნულობის შესაფუთად გვჭირდება, საქმით კი ეშმაკისკენ ვიყურებით!..

 

 

 

არ შეიძლება ერთი ხელით ფოჩიან კანფეტებს არიგებდე,

 

მეორეთი კი ზარბაზნებს ისროდე!

 

ჩემთვის ვერ მიპატიებია, რომ ივანიშვილს საკუთარი ენჯეოს პრეზენტაციაზე სახელდახელოდ მოფიქრებული კითხვები არ დავუსვი და დარბაზიდან მძიმედ ნაცემივით გამოვედი. მიკროფონისკენ რაღაც უხილავი ძალა არ მიშვებდა. არ მიშვებდა მაშინაც კი, როცა თავს უფლება მისცა და ჟურნალისტებს პატრიარქის კრიტიკისკენ მოგვიწოდა.

 

ერთ რამეში ვეთანხმები ბატონ ბიძინას, რომ არავის გაფეტიშება არ შეიძლება, მათ შორის პატრიარქის, მაგრამ, როცა ეკლესიის და მისი საჭეთმპყრობელის კრიტიკას იწყებ, მინიმუმ ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს!

 

ვეთანხმები საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში გამოთქმულ მოსაზრებას (რომელიც შემდეგ თითქოსდა უარყვეს), რომ სამების ტაძრის აშენება არ ნიშნავს - თავს ეკლესიის შვილად თვლიდე!

 

როგორც მისმა წინამორბედებმა (ედუარდ (გიორგი) შევარდნაძეს და სააკაშვილს ვგულისხმობ), ეტყობა, ივანიშვილმაც ვერ მოინელა ერში მისი უწმინდესობის დამსახურებული ავტორიტეტი, რომელიც მან უდიდესი ღვაწლით მოიპოვა.

 

საკამათო არ არის, რომ როგორც დედამიწაზე მოსიარულე ადამიანი, პატრიარქიც უშეცდომო ვერ იქნება, მაგრამ, მისი საშობაო ეპისტოლეს ხელაღებით კრიტიკა, თუნდაც ის სუროგაციის გზით გაჩენილ პატარებს ეხებოდეს, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარ თავზე ენით აუწონავი  სიმძიმის აღებას ნიშნავს - ეს ის სიმძიმეა, რომელსაც მილიარდებიც ვერ ასწევს!

 

კარგ მთქმელს უნდა კარგი გამგონისა არ იყოს, პატრიარქმა საკუთარი ეპისტოლე ქრისტაინულ დოგმებზე დაყრდნობით გაამყარა და იგი ვალდებულიც იყო ასე მოქცეულიყო. მას არ უთქვამს, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი პატარები შევიძულოთ - ყურადღება თვით სუროგატი დედების მორალურ ასპექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ სწავლებასთან, რაც თავისთავად ცოდვაში ჩავარდნას იწვევს!

 

ბედის ირონიაა: პატრიარქს და ზოგადად ეკლესიას აკრიტიკებს ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ უყვარს კრიტიკა და რომელიც თვლის, რომ ყოველთვის  ჭეშმარიტებას ღაღადებს და საკუთარ თავს აძლევს უფლებას ყველაფერში თავი იმართლოს!

 

რაც არ უნდა პარადოქსად მოგვეჩვენოს ივანიშვილის იმდრღევანდელმა კრიტიკამ მიზანს მიაღწია - ურწმუნოებმა და მცირედ მორწმუნეებმა მართლაც დაიჯერეს, რომ საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა უმძიმესი შეცდომა დაუშვა - მან უარი თქვა ახალ სიცოცხლეზე, რომელშიც უფლის ხელი ურევია.

 

მე არ ვამტკიცებ, რომ ეკლესიაში ყველაფერი რიგზეა და იგი კრიტიკას არ იმსახურებს, მაგრამ გააჩნია როგორ იტყვი, ვის და რისთვის აკრიტიკებ და რამდენად დგას შენი კრიტიკა ჭეშმარიტებასთან ახლოს...

 

დასკვნა მარტივია: არ შეიძლება ცალი ხელით ფოჩიან კანფეტებს არიგებდე (ქველმოქმედებას ეწეოდე, ეკლესიას აშენებდე) და მეორე ხელით ზარბაზნებს ისროდე. უფალი ასეთ საჩუქარს არ შეიწირავს!

 

 

 

 

კერპები უნდა დაიმსხვრეს!

 

 

 

სახარება გვასწავლის, რომ ანგელოზთა დასის წევრმა - ლუციფერმა უფალთან გატოლება (გაჯიბრება) მოინდომა და ძირს დაენარცხა. ამით მორწმუნეებს მიგვანიშნებენ იმაზე, რომ უფალი უძლეველია და მასთან შერკინება ყოველთვის მარცხით მთავრდება!

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პატრიარქი უფლის რჩეულია დედამიწაზე, გამოდის, რომ ლუციფერის ფუნქცია ბიძინა ივანიშვილმა იკისრა, როცა ჟურნალისტებს და საზოგადოებას პატრიარქის და ეკლესიის ღია კრიტიკისკენ მოგვიწოდა!.. (თან გაგვაფრთხილა ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდესო!).

 

 

დიახ, ყველაფერს უნდა აეხადოს ფარდა, მაგრამ სახარებისეული იგავისა არ იყოს, პირველი ქვა იმან უნდა ისროლოს, ვინც ყველაზე მართალია! თუ გულწრფელად ვიტყვით, ივანიშვილის ღვაწლი არ არის საკმარისი იმისთვის, თავს ყველაფრის უფლება მისცეს!

 

თუმცა, ამაში თავად ბიძინა ივანიშვილი ნაკლებადაა დამნაშავე. ქართველმა ხალხმა მისგან კერპი შექმნა და ირწმუნა, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს, რომ ის ყველაზე „მაღალია“.

 

ერს ავტორიტეტები სჭირდება და არა კერპები. ავტორიტეტი კი უდიდესი ღვაწლით მოიპოვება, რომელიც მარტო მატერიალურ განზომილებაში არ აისახება.

 

ვჩქარობთ ჩვენ, ადამიანები - ვჩქარობთ და ვქმნით ახალ ახალ კერპებს. მერე კი ვწუხვართ, რომ ჩვენმა მოლოდინმა არ გაამართლა.

 

ადამიანის გაკერპება თავისთავად ცოდვაა და ამ ცოდვისგან განკურნება მხოლოდ კერპების მსხვრევით შეიძლება.

 

დიახ, კერპები უნდა დამსხვრეს!

 

 

P.S. რაც შეეხება თანამედროვე ლუციფერს, არ მინდა მან უფალზე ამხედრებული ზეციური ანგელოზის ხვედრი გაიზიაროს. თუმცა, უფლის რჩეულთან შერკინება ხეირს რომ არავის მოუტანს, ცხადია!

 

და კიდევ: დღეს საზოგადოება შუაზეა გახლეჩილი. ერთი ნაწილი გამოსავალს დაბერებულ და გახრწნილ ევროპასთან თანაზიარობაში ხედავს, მეორე ნაწილი კი რუსეთისკენ იშვერს ხელს და ამტკიცებს, რომ შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველს და პოზიციის გასამყარებლად ერთმორწმუნეობას ასახელებს.

 

სამწუხაროდ, ოქროს შუალედის პოვნა გვიჭირს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ერის სულიერ საჭეთმპყრობელს უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ და ჩვენს ტრადიციულ სიწმინდეში ბზარის შეტანას ცდილობენ!

 

 

ზაურ ნაჭყებია,

 

ჟურნალისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: