ეხ, ბიძინა, ბიძინა!

ეხ, ბიძინა, ბიძინა!

ორი დღის წინ „ივერიონში“ საკმაოდ პოლემიკური სტატია გამოვაქვეყნე სათაურით: „ივანიშვილის „მეორედ მოსვლა“ და კიდევ ერთხელ გაცუცურაკებული საქართველო!“

 

პოლემიკურს ვამბობ, თორემ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩემს პროგნოზებში არ მეთანხმება, საჯაროდ არავის გავუკრიტიკებივარ.პირად საუბრებში კი მირჩევენ - ასეთი მწვავე შეფასებებისგან თავი უნდა შევიკავო, რადგან, არავინ იცის, რას იზამს მომავალში ივანიშვილი.

 

„ოცნების“ „მამალ“ მხარდამჭერებს რომ თავი დავანებოთ, პროგნოზების „უტყუარობაზე“ პრეტენზიის მქონე ადამიანებიც კი ხავსს ეჭიდებიან და „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერის მხრიდან მოსალოდნელ არაორდინალურ ნაბიჯებზე საუბრობენ - მათ სჯერათ (ალბათ უფრო გუშინდლამდე სჯეროდათ), რომ ბატონი ბიძინა „წმენდას“ ჩაატარებს პარტიაში და „ახალი სისხლის“გადასხმის პროცედურით დაკავდება. იყო მოსაზრებაც, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება („მეორედ მოსვლა“) რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებითაც შეიძლებოდა დაგვირგვინებულიყო!

 

მავანს დღემდე ისიც სჯერა, რომ ბატონი ივანიშვილი სულიერად „განწმენდილი“ ბრუნდება პოლიტიკაში და საკუთარ ძალისხმევას, უპირველესად, ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ მიმართავს!

 

თუმცა, ეს ილუზია სულ რამდენიმე დღეში საპნის ბუშტივით გაქრა - გუშინ „ქართული ოცნების“ განახლებული პოლიტსაბჭოს გამოცხადებამ ფარდა ახადა ივანიშვილის მზაკვრულ ჩანაფიქრს - ზოგი უბრალოდ იმედგაცრუებული დარჩა, ზოგმა კი ემოციები ვერ დამალა და პრეტენზიები საჯაროდაც დააფიქსირა: საეჭვოც არ არის, რომ ეს ყველაფერი ფარსია და საზოგადოების კიდევ ერთხელ დაბოლებას ემსახურება!

 

ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის , „ოცნების“ მიერ პოლიტიკური ველიდან განდევნილი, მწერალ მერაბ შათირიშვილის ღია ბარათი ივანიშვილისადმი, სადაც იგი გულისტკივილით საუბრობს პოლიტსაბჭოს სოროსის გვრიტებით გაძლიერებაზე და ადრინდელისგან განსხვავებით, ღიად აფიქსირებს, რომ ეს გზა დამღუპველია საქართველოსთვის!

 

ბატონი მერაბი, მიუხედავად იმისა, რომ იგი, როგორც პარტიის დამფუძნებელი და აქტივისტი უფუნქციოდ დატოვეს, დღემდე ჩემს თვალში მაინც „ოცნების“ და შესაბამისად, ივანიშვილის მხარდამჭერად მოიაზრებოდა - მას დღემდე სჯეროდა, რომ ბატონი ბიძინა „ხმალს“ ღონივრად მოიქნევდა და საკუთარ პარტიას სარეველებისგან გაასუფთავებდა!

 

სჯეროდა, მაგრამ, როგორც სხვებს, მასაც იმედი გაუცრუვდა.

 

სხვათაშორის, გუშინ საღამომდე საკუთარ თავს ვებრძოდი: ზედმეტი ხომ არ მომივიდა პროგნოზებში, ივანიშვილის ახალი ნაბიჯის შეფასებებში და საკუთარი პროგნოზების უკან წაღება ხომ არ მომიწევს-მეთქი.სამწუხაროდ, არა. პირიქით, ვიგრძენი, რომ ფრჩხილები ბოლომდე არ გამიხსნია და სათქმელი კიდევ დავიტოვე...

 

ასეა თუ ისე, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით აღტკინებულებს გეტყვით: გამოდით ილუზიების ტყვეობიდან და თვალი გაუსწორეთ რეალობას - ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს.დაიჯერეთ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას თავისი რადიკალ-ლიბერასტებით ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს!

 

იმასაც გეტყვით, ამაოდ ელოდებით ივანიშვილის წყალობას - მავრმა თავისი საქმე უკვე გააკეთა და ახლა მეორე წრეზე ახალ დავალებას ასრულებს. უნდა გამოიცნოთ, რა შედეგი მოჰყვება ამ დავალების შესრულებას!

 

P.S. გუშინწინ, რუსთაველზე ცნობილი პოლიტიკოსი, ბატონი მამუკა გიორგაძე შემხვდა; ჩემი სტატია წაკითხული ჰქონდა თურმე. ყველაფერში დამეთანხმა, მაგრამ, უკვე მერამდენედ მისაყვედურა - ზაურ, პროგნოზების დიდოსტატი ხარ, მაგრამ, იმას არ გვეუბნები, რა უნდა გავაკეთოთო. სწორი ბრძანებაა - ერთია, ხედავდე, რა ხდება ჩვენს თავს და მეორე, კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლის გზებს ეძებდე.

 

პირობას ვდებ, ამ გზებზეც ვიფიქრებ და თქვენც გაგანდობთ!

 

ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: