Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (8)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
22-10-2018, 11:03
ნანახია: 107

ვერ წარმომედგინა, სამეგრელოში სააკაშვილის რეჟიმისადმი ნოსტალგია დღესაც თუ არსებობდა!

 

ღია ბარათი ჩემს სამეგრელოს

 

სიყვარულითა და პატივისცემით მივესალმები ჩემს სამეგრელოს

 

საპრეზიდენტო არჩევნების კვირაძალზე ჩემს უძვირფასეს სამეგრელოსთან საჯარო შეხმიანება ექსპირველი ლედის სანდრა რულოვსის ზუგდიდში ვიზიტმა და ადგილობრივი მოსახლეობის „ნაციონალებისადმი“ ჩემთვის დამამცირებელმა დამოკიდებულებამ მიკარნახა (შეიძლება ითქვას, მაიძულა!).

 

ვერ წარმომედგინა, სამეგრელოში სააკაშვილის რეჟიმისადმი ნოსტალგია კიდევ თუ არსებობდა.

 

ვერ წარმომედგინა, ასე ადვილად თუ დაგვავიწყდებოდა, თუ რა ჯოჯოხეთის კუპრში ჰყავდა ჩაგდებული ახალაიას კლანებს სამეგრელო და მეგრელები.

 

ვერ წარმომედგინა, დიდი ცოტნე დადიანის შთამომავლები სააკაშვილის ნარჩენებს „დაფითა“ და „ნაღარით“ თუ შეეგებებოდნენ!

 

მე ზუსტად 2 წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას ორჯერ მივმართე ღია ბარათით ჩემთვის ძვირფას ზუგდიდელებს და მოვუწოდე: ღმერთი არ გაგიწყრეთ და ზუგდიდელები სანდრა რულოვსის გადეპუტატებას ნუ დაუშვებთ-მეთქი! როგორც სარწმუნო წყაროებიდან მატყობინებდნენ, მაშინ ამის რეალური საშიშროება არსებობდა. არადა, სანდრა რულოვსის ზუგდიდში გამარჯვება ცეცხლთან თამაშის ტოლფასი იქნებოდა! არ გამოვრიცხავ, ეს მიუტევებელი შეცდომა დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის გაღიზიანების, მეტიც, დაპირისპირების საფუძველიც შეიძლება გამხდარიყო.

 

ღია მიმართვა სწორედ საზოგადოებაში დაგროვილი უარყოფითი მუხტით იყო განპირობებული. ისეთი მკვეთრი შეფასებები და იარლიყები წამოვიდა, გაჩუმება დანაშაულად ჩავთვალე...

 

აი, რას წერდა მაშინ ზუგდიდის მკვიდრი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ზურაბ ხასია: „სანდრა რულოვსის ზუგდიდიდან გადეპუტატება ვერაგული ჩანაფიქრია სამეგრელოსა და დანარჩენი საქართველოს დასაპირისპირებლად... ეს ემსახურება სამეგრელოს მოწყვეტას დანარჩენი საქართველოდან.

 

იყო მკაცრი და შეურაცხმყოფელი კომენტარებიც...

 

მადლობა ღმერთს, მაშინ გონიერებამგაიმარჯვა და ექსპირველი ლედი სამეგრელოდან ვერ გადეპუტატდა - საქართველოს მტრებმა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

 

მე ერთი კვირის წინ გახლდით სამეგრელოში - დავინტერესდი, როგორი განწყობაა საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი, როცა დაბეჯითებით მიმტკიცებდნენ, რომ უმრავლესობა გრიგოლ ვაშაძეს („ნაციონალებს“) უჭერს მხარს, რასაც „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისადმი ანტიპათიით ხსნიდნენ.

 

იმასაც ამბობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, სამეგრელოში მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის იმედი შეიძლება ჰქონდეს, რაც უპირტესობისთვის არასაკმარისია. ისიც გავიგე, რომ სამეგრელოში სხვა კანდიდატები არც განიხილება თურმე, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.

 

გასაგებია, არ მოგწონთ ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ რა შუაშია ეს „ნაციონალებთან“?! სად გაგონილა, ვიღაცის ჯიბრზე იმ რეჟიმის წარმომადგენელს უჭერდე მხარს, რომელმაც 9 წლის მანძილზე საქართველოს ლამის სული ამოხადა?!

 

ჩემთვის, ძვირფასო მეგრელებო, მიკვირს, ასე მალე რამ დაგავიწყათ ახალაიების კლანის გაუგონარი სისასტიკე და სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი ე.წ. კასრები?!

 

ხომ არ გავიწყდებათ, ჩვენ ლეგენდარული ცოტნე დადიანის შთამომავლები ვართ, რომელმაც თავისი ვაჟკაცობით მოსისხლე მტერიც კი გააოცა, საკუთარი სისხლი და ხორცი კი უბედურებისგან იხსნა?!

 

ნუ ვათქმევინებთ პროვოკატორებს, რომ სამეგრელოს ყველაფრის გადაყლაპვა შეუძლია და, „მეგრელები ყველაფერს იკადრებენ!“ სინამდვილეში ეს ასე ნამდვილად არ არის!..

 

გული მეთუთქება, როცა დედაქალაქში ღიად საუბრობენ, რომ სამეგრელოს სახით „ნაციონალებს“ სერიოზული დასაყრდენი აქვთ და სწორედ იქიდან წამოღებული ხმებით აპირებენ ისინი მეორე ტურში გასვლას. არ მესმის, მიშას და სანდრას ხათრით თუ სიყვარულით, რომელსაც ღომი და ელარჯი ძალიან უყვარს თურმე და „გემო“ მეგრულ მელოდიასაც გაუსინჯა (ასეთმა იაფფასიანმა ტრიუკებმა არ უნდა აგვაცუნდრუკოს), ხმა “ნაციონალების“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცეთ!

 

გასაგებია, რომ არ მოგწონთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, არ დაგიმალავთ, და არც მე მომწონს სხვადასხვა მიზეზის გამო და არც მე მინდა იგი საქართველოს პრეზიდენტად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თქვენ მძიმე წარსული დაივიწყოთ და დანარჩენი საქართველოს რისხვაც დაიმსახუროთ - დღეს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა არც მეტი, არც ნაკლები, ხარაკირის ტოლფასია.

 

მე პირადად არაფერს ვერჩი ქალბატონ სალომეს. არც იმას ვეგუები, რომ მას, როგორც ქალბატონს, შეურაცხმყოფელი ეპიტეთებით მოიხსენიებენ, რაც ქართულ ხასიათში არ ჯდება,მაგრამ დღეს, როცა ბოლო შანსი გვაქვს ხალხმა თვითონ აირჩიოს სახელმწიფოს მეთაური, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არანაირ ხეირს არ მოუტანს საქართველოს. ზიანი კი შეიძლება მიადგეს.

 

დიახ, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით ისევ გაგრძელდება „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ კუკუდამალობანას თამაში და რელსებიდან ამოვარდნილი ქვეყანა შეიძლება საბოლოოდ უფსკრულში გადაიჩეხოს კიდეც. ეს მძიმე,მაგრამ იბიექტური პროგნოზია. სამწუხაროდ, დღემდე ვერავინ მპასუხობს, რა კრიტერიუმით უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად - ჩემის აზრით, ნიკო ნიკოლაძის პირდაპირი შთამომავლობა მისთვის ალიბი არ უნდა იყოს პრეზიდენტად ასარჩევად.

 

მომიტევეთ, მაგრამ მე ამ ქალბატონში ვერც ევროპული დონის დიპლომატს ვხედავ და პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მის მიერ გამოთქმულ მარგალიტებს რომ ვაანალიზებ, სხვაგვარი შეფასების სურვილი მიჩნდება. 

 

ნუ დაგაბრკოლებთ მავანთა შორს გამიზნული ავანტიურა, რომ კარზე მომდგარ საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და სულერთია, ვის ავირჩევთ პრეზიდენტად.

 

მე პირიქით გეტყოდით: მომავალი პრეზიდენტის არჩევას საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ამდენად, ვალდებულიც ვართ უარი ვუთხრათ ორი პოლიტიკური მონსტრის - „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ მიერ წარმოდგენილ თუ მხარდაჭერილ კანდიდატებს, რადგან ვაშაძის შემთხვევაში მწვანე შუქს ვუნთებთ უახლოესი წარსულის მძიმე მემკვიდრეობის აწმყოში დაბრუნებას და მონობისკენ მიგვყავს ქვეყანა, ხოლო სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში მხარს ვუჭერთ მუდმივ ქაოსსა და ქვეყნის გაურკვეველ მომავალს. ამასთან, სასწორზე ვდებთ სახელმწიფოს ინტერესებსაც.

 

ამ კრიტიკულ სიტუაციაში არსებობს მარტივი გამოსავალი - მხარი დავუჭიროთ არაანგაჟირებულ, არაპარტიულ კანდიდატს.

 

მე პირადად არასოდეს ვყოფილვარ აქტიურ პოლიტიკაში, რადგან იმ პოლიტიკანების გვერდზე ჩემს ადგილს ვერ ვხედავდი. დღევანდელი აქტიურობა მხოლოდ და მხოლოდ იმ გამოწვევებმა მიკარნახა, რომლის წინაშეც დგას საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. 

 

როცა ვამბობთ, არც „ნაცები“, არც, „ქოცები“, ბუნებრივია ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ სხვა ალტერნატივა.

 

ასეთი ალტერნატივა დამოუკიდებელ კანდიდატებში უნდა ვეძებოთ. 

 

სამეგრელოს ყოველთვის ჰყავდა ავტორიტეტები, ვისზეც სწორება შეიძლებოდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ავტორიტეტების მსხვრევის ეპოქაში ვცხოვრობთ, მადლობა ღმერთს, ჩვენს კუთხეს კიდევ შემორჩა რამდენიმე ავტორიტეტი, რომელთაც სახელმწიფოებრივი ხედვაც აქვთ და ქვეყნის სიყვარულიც. ჩემთვის ასეთი ავტორიტეტი ბატონი ნოდარ ჭითანავაა.

 

იმედია, დანაშაულებამდე დასულ შეცდომას არ დაუშვებთ.