ზაურ ნაჭყებია: ივანიშვილს ნუ მოვთხოვთ იმას, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია!

ზაურ ნაჭყებია: ივანიშვილს ნუ მოვთხოვთ იმას, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია!

 

შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას, იგივე საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ „ქართულ ოცნებას“, დაპირებების შეუსრულებლობა უსაყვედურო, მაგრამ, ისეთი რამ არ უნდა მოსთხოვო, რომლის გაკეთება ნამდვილად არ შეუძლია.

 

რა მაქვს მხედველობაში?

 

უკვე შვიდი წელია წამდაუწუმ გვესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ სამართლიანობა არ აღადგინა და ეს არის მისი ყველაზე დიდი შეცდომა თუ დანაშაული!

 

მე კი მგონია, რომ, რომც მოენდომებინა, სამართლიანობას ვერ აღადგენდა, რადგან, სამართლიანობა ქვეყანაში არასდროს ყოფილა...

 

თუ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, მაშინ, გამოდის, რომ შევარდნაძის ზეობის პერიოდში სამართლიან სახელმწიფოში გვიცხოვრია, რაც ასე ნამდვილად არ არის!

 

ისმება ლოგიკური კითხვა: თუ სამართლიანობა არ ყოფილა, ივანიშვილი როგორ აღადგენდა? სხვა საკითხია, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ჩადენილი მასობრივი დანაშაულობების (ძალადობა, ქონების უკანონოდ ჩამორთმევა, ქუჩაში დახვრეტები, უკანონო პატიმრობები, რამაც სისტემური ხასიათი შეიძინა) დროულად გამოძიება და „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის გასამართლება, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ არ თუ ვერ გააკეთა.

 

რომც მოენდომებინა და გაეკეთებინა, ეს იქნებოდა ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების დასაწყისი და არა სამართლიანობის აღდგენა, რაც სამწუხაროდ ხშირად გვერევა ერთმანეთში!

 

პირადად ჩემთვის სააკაშვილის, ბოკერიას, ადეიშვილის, კეზერაშვილის, ახალაია-ქარდავების გასამართლება, ან თუნდაც, ქონება წართმეულებისთვის ქონების დაბრუნება არ იქნება ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების გარანტი - უნდა გასამართლდეს სისტემა, რომელმაც ასეთი სახის მასობრივი დანაშაულობები ჩაიდინა. აი, სწორედ მაშინ, დამკვიდრდება (და არა აღდგება) სამართლიანობა ქვეყანაში. 

 

თუმცა, დღეს ეს არ მოხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ფაქტია, რომ ზემოთხსენებული მახინჯი სისტემა კარგად მოირგო „ქართულმა ოცნებამაც“, იმ განსხვავებით, რომ აშკარად არ ძალადობენ მოსახლეობაზე, „ნაციონალებივით“ არ ატერორებენ ბიზნესს, არ ურჭობენ ცოცხებს საპატიმროებში... თუმცა...

 

აქედან გამომდინარე, როცა სამართლიანობის აღდგენაზე მიდგება საქმე, იმით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ვის თავებს დააგორებს ივანიშვილი მეორე ტურის დამთავრების შემდეგ საკუთარი გუნდიდან, ან ვის დაიჭერენ არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიანად დამთავრების შემდეგ „ნაციონალების“ გარემოცვიდან, არამედ, მკაცრად უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან სისტემური (და არა კოსმეტიკური, როგორც ამას ბატონი ბიძინა გვპირდება) ცვლილებები - აუცილებელია არსებული მახინჯი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი, რომლის გარეშეც არსებითი გარდატეხის შეტანა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ფიქციაა!

 

ამას კი ახალი პოლიტიკური ენერგია (ახალი პოლიტიკური ძალა) სჭირდება!

 

ვნახოთ, როგორ დამთავრდება 28 ნოემბერი...

 

ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში კოჰაბიტაციონობას თამაში უნდა დასრულდეს!!!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: