Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
3-01-2019, 12:55
ნანახია: 487

ვინ არის ინტელიგენტი და რა როლს აკისრებდა მას ნიკო ნიკოლაძე?!

საზოგადოებრივი პროგრესი, ერის კეთილდღეობა დამოკიდებულია მის ინტელიგენციაზე, ანუ ინტელიგენტთა საზოგადოებაზე. ინტელიგენტი ინტელექტის მქონე ადამიანია. ინტელექტი კი მისი (ადამიანის) შემოქმედებითი აზროვნების, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენებისა და განვითარების უნარია. 

 

გამოიკვეთა სიტყვათა მიმდევრობა: ინტელექტი-ინტელიგენტი-ინტელიგენცია. ცნება „ინტელიგენტს“ აქვს აგრეთვე ცხოვრებისეული ყოფითი გაგებაც. იგი გამოირჩევა არა მხოლოდ რომელიმე დარგის ღრმა პროფესიული ცოდნით, არამედ ზნეობრივი სრულყოფილებითაც, ადამიანებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, შინაგანი კულტურით, დახვეწილი მანერებით. 

 

ჩვენ ხშირად ბევრი ადამიანი გვინახავს და ბევრს შევხვედრივართ, რომელსაც მაღალი პროფესიული განათლება აქვს, მაგრამ არასასიამოვნო ყოფაქცევის, ამორალური, არაზნეობრივი არსებაა და ა.შ. 

 

იმაზე მინდა მივანიშნო, რომ ადამიანის ინტელექტი, ინტელიგენტი, ინტელიგენცია ხარისხობრივი კატეგორიებია, რომლებიც დროში დინამიკურად ცვალებადია და რომლის სრულყოფილების მაჩვენებელია მისი აზროვნების სიღრმე და მასშტაბები, აგრეთვე მორალურ-ზნეობრივი, სოციალურ-კულტურული ღირებულებები და ფასეულობები. 

საქართველოს ახლა უმაღლესი პროფესიული განათლების საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, მაგრამ ქვეყანა არა თუ წინ არ მიდის, არამედ უარესი ემართება-ეკონომიკურ სიღარიბეში ეფლობა დღე და ღამე. გამოდის, რომ ერის აზროვნება შეიძლება იყოს არა მარტო ჩამორჩენილი, არამედ ზნეობრივად ღარიბი, ბოროტი, დაცემული და უპასუხისმგებლო. 

 

ახლა ვინმეს შეუძლია ამტკიცოს, რომ სამყაროს ინტელექტუალური ადამიანები აკლია, რომ მოსახლეობის 50%-ზე მეტი დღეში $2-ზე მეტს იმიტომ ვერ ღებულობს, რომ ცუდად მუშაობს, ხოლო მილიონობით ადამიანი ზარმაცი და უსაქმურია და ამის გამო შიმშილით იღუპება, მაშინ როცა მსოფლიო მოსახლეობის 1% სამყაროს მთელი სიმდიდირის 90%-ს ფლობს და არ იცის, რაში დახარჯოს იგი. 

 

რანაირი ინტელექტუალია ხელისუფალი, როცა მისი ქვეყნიდან ჯანსაღი ადამიანები ლუკმა პურის საშოვნელად გარბიან უცხოეთში, პენსიონერები სიღატაკეში ეფლობიან, ავადმყოფები წამლებს ვერ ყიდულობენ, სოციალურად დაუცველია ლამის ნახევარი მილიონი მოქალაქე, ამ დროს უცხოელები ჩვენს ქვეყანას ეპატრონებიან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამოდის, რომ ინტელექი, ინტელიგენტი და მისი საზოგადოებრივი ერთობა- ინტელიგენცია მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გარეშე ნებსით თუ უნებლიედ ქვეყნისა და სამყაროს უბოროტესი მტერია. 

 

„ბოლოს და ბოლოს რა არის ინტელიგენცია, რა როლს უნდა ასრულებდეს იგი ხალხის ცხოვრებაში? ყველგან და ყოველთვის ინტელიგენციას უწოდებენ ამა თუ იმ ერის საუკეთესო, ცოცხალი, უკეთილშობილესი და განათლებული ძალების შენაერთს, რომელიც იღწვის იმ მიზნით, რათა ამ ერის დანარჩენი ფენები აზიაროს მეცნიერებისა და ცივილიზაციის ყველა სიკეთეს“. 

 

მჯერა, რომ მკითხველი დამეთანხმება ინტელიგენციის ნიკო ნიკოლაძისეული განმარტება შესანიშნავია, ვინაიდან ინტელიგენცია მარტო განათლებული ხალხის საზოგადოება კი არა, საუკეთესო, ინიცივიატიანი, მოძრავი, შემოქმედი, მაღალი ზნეობის, თავდადებული, ნამუსიანი, დიდსულოვანი, რაინდი, ამაღლებული და სინდისიანი ადამიანების საზოგადოებაა, რომლის მიზანია მოსახლეობის სამსახური, რათა ადამიანის ცხოვრება მეცნიერებისა და ცივილიზაციის სიკეთით სარგებლობდეს - მან საზოგადოების გონებრივი წამყვანის როლი უნდა შესარულოს.

 

სხვანაირად წარმოუდგენლადაც კი მიაჩნია ნიკო ნიკოლაძეს ინტელიგენციის არსებობა. მისი როლი ხომ ერის წინამძღოლობაა. მეთაური ყველაზე მაღლა უნდა იდგეს, იყოს გამჭრიახი და არა პატივმოყვარე და არა „ნარცისივით თავისთავზე შეყვარებული“, როცა ხელმძღვანელი უღირსს, წერს დიდი ნიკო, ყველანაირ საშულებას გამოუნახავს, რათა შეინარჩუნოს თანამდებობა. ამასაც არ დასჯერდება-ყველა ნიჭიერ და დამოუკიდებლად მოაზროვნეს ჩამოიშორებს, გარშემო მორჩილ და უპასუხისმგებლო ადამიანებს შემოიკრებს. ისინი ხშირად იმასაც აცხადებენ, რომ არ ჰყავს საკადრისი ხალხი და უნიჭოებით ვკმაყოფილდებითო. ეს ხომ ყალბი სიტყვებია,-განაგრძნობს, ნიკო ნიკოლაძე, ქართულ საზოგადოებაში უდავოდ ბევრი ნიჭიერი პიროვნებაა, გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე სხვა ერში.

 

როცა შორს იყურები, ბეცებს ჰგონიათ, რომ თვალს გაკლია. ცხოვრება რთულია და მაცდუნებელი და ამიტომ ხშირად ინტელიგენტი ბოროტად იყენებს სახელისუფლო და სოციალურ ვითარებას კერძო, პირადი ან ვიწრო კლანური სარგებლობისთვის. აი, აქ არის უფრო ზნეობრივი ინტელექტის პასუხისმგებლობა გზა გადაუკეტოს ცდუნებას აყოლილს და აიძულოს კეთილ საქმეს დაუბრუნოს იგი. მაღალი ინტელექტი თავის საუკეთესო შემცვლელზე უნდა ფიქრობდეს, რომ სამშობლოს მომავალი საიმედო თაობების ხელში აღმოჩნდეს. უვარგისია მდაბიოთა გულის მოგებაზე ფიქრი. 

 

ქონდრისკაცებში თავის გამოჩენა ვერანაირ დიდებას ვერ მოგიტანს და სამშობლოსაც დიდი ზიანი მიადგება. ჩვენთვის ახლა ეს ყველაფერი ხომ ფაქტია-უნიჭოებმა შეავიწროვეს უძვირფასესი ნამდვილი ინტელიგენცია და ქვეყნის ძარცვას მიჰყვეს ხელი. 

 

დაუნდობელი იყო ნიკო ნიკოლაძე ყველას მიმართ, დამოუკიდებლად იმისაგან, როგორი დიდი ავტორიტეტისა და თანამდებობის არ უნდა ყოფილლიყვნენ ისინი, როცა პასუხისმგებლობას ვერ ამართლებდნენ ან პირადი სარგებლობის ინტერესებით იყენებდნენ თანამდებობას. რა დიდი პატივით ეპყრობოდა და აფასებდა იგი ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, თავის პეტერბურგელ სტუდენტობის დროინდელ მეგობარს და მერე სიძეს-დის ქმარს გიორგი წერეთელს, მაგრამ თუ რამე არაპროფესიონალურ ნაკლს ან თანამდებობრივ გადაცდომას, თავნებობას შეამჩნევდა, ულობელი და შეუბრალებლად სასტიკი იყო. 

 

„დასაწყისშივე საჭიროა მითითება პირველ ნაბიჯთა შეცდომებსა და მოუხერხებლობაზე, რადგან თუ საფუძველშივე ხელი არ ახლე, ათი წლის შემდეგ ვეღარანაირი გაუმჯობესეული მანქანით ვერ ამოგლეჯ. ის, რაც დღეს შეიძლება გამოსწორდეს განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე, რამდენიმე წლის შემდეგ რუტინის ძალასა და მნიშვნელობას შეიძენს“.

 

„ბ-ნმა ჭავჭავაძემ და მისმა უნიჭოთა იშვიათმა პლეადამ მოახერხეს ხელთ ეგდოთ თითქმის ყველა მნიშვბელოვანი წამოწყება. მათ ხელშია ბანკი, გაზეთი, ჟურნალი, თეატრი, სკოლა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ერთი სიტყვით, თითქმის ყველაფერი. განა დრო არ არის დავფიქრდეთ, სად იმალება ამ წამოწყებათა უძლურების მიზეზები, რომელთა ნიადაგიც ასე ნოყიერია, ხოლო შედეგი-ასე მწირი?“

 

ამ წერილს მოყვა პასუხი გაზ. „ივერიიდან“ ფსევდო ავტორის ხელმოწერით, რომლის უკან ნიკო ნიკოლაძემ იოლად ამოიცნო ს. მესხი და გაზ. „ოზორში“ მისი მკაცრი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა, სადაც ს. მესხს ცხრა თვის წინათ დაბეჭდილი მისი წერილი გაახსენა, როცა სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე დასანიშნად მხარი დაუჭირეს პიროვნებას უფრო ღირსეული კანდიდატის საპირისპიროდ იმის გამო, რომ თურმე კანდიდატურა მისაღები ყოფილა გაზ.“ივერიის“ რედაქტორისთვის. არ აპატია ძველ მეგობარს ს. მესხს მერყეობა და უპრინციპობა. ნიკო ნიკოლაძეს უკადრისად მიაჩნდა ინტელიგენტისგან მეგობრებს შორის უსიამოვნების ჩამოგდება. 

 

გიორგი წერეთელმა პირველი საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს ისტორიის საკითხებზე, რომელიც მოწყვეტილი აღმოჩნდა ისტორიული ფაქტებისგან და მეცნიერული არგუმენტებისგან. ნიკო ნიკოლაძემ გაზ.“ობზორის” ფურცლებზე სასტიკად გააკრიტიკა ლექტორი და მიუთითა არსებით ნაკლოვანებზე, დაუწუნა მთელი ლექცია და ფუჭ შრომად ჩაუთვალა. რჩევაც მისცა, რომ დაენებებინა თავი, რათა იგი მისთვის შეუფერებელ საქმეს არ მოეცდინა, მითუმეტეს, რომ მას აჩემებული საქმის შესაბამისი ისტორიული, ფილოლოგიური და ფილოსოფიური სიღრმისეული ცოდნა არ გააჩნდა, ასეთი ლიტერატურის ბიბლიოთეკაც კი არ ჰქონია. ნიკო ნიკოლაძის აზრით გიორგი წერეთელი შესანიშნავი ბელეტრისტია, ქართულ ლიტერატურაში კარგად ცნობილი ხალხისთვის, რომლის ნაწერების გამოჩენას სიხარულით ელოდებიან, რომ მისი სცენები და თხზულებები დარჩება ისტორიაში და არ უნდა მიატოვოს მწერლობა. ნიკო ნიკოლაძე გულწრფელი სინანულით აღნიშნავს, რომ საღი და ნატიფი აზროვნების მწერალი ტყუილუბრალოდ ატანს თავს ძალას და ცდილობს ფილოსოფოსად და პუბლიცისტად წარმოჩენას, რაც მას სიკეთეს არ მოუტანს. 

 

ილიასა და აკაკის შედარებისას, ილიას პოეზიას უწუნებს, აფასებს, როგორც შრომისმოყვარეს, რომელმაც ყველაფერში წარმატებას მიაღწია. „თავის თანამემამულეთა შორის თითქმის ერთადერთი მოღვაწე იყო, აღჭურვილი ნებისყოფით, ამტანობით, შრომისმოყვერეობით“. აკაკის და ბარათაშვილის ტანდემს მიიჩნევს იმ მწერლებად, რომლებიც ამოწურავენ მე-19 საუკუნის მთელ ქართულ პოეზიას. აღნიშნავს აკაკის თანდაყოლილ ნიჭს, უწუნებს სიზარმაცეს. „აკ. წერეთელს რომ იმდენივე ნებისყოფა გააჩნდეს, რამდენიც მას ნიჭის ძალა აქვს. მას რომ შეგნებული ჰქონდეს მოვალეობის სიმძიმე და სიდიდე, რაც მოცემული აქვს განგებას მისთვის, მაშინ, ჯერ კიდევ დრო არაა წასული...მაგრამ, მე ისე მიამიტი არა ვარ, რომ ასეთი მოჩვენებითი იმედით დავიმშვიდო თავი...“. 

 

ნიკო ნიკოლაძისთვის ხელშეუხებელი არ არის არანაირი ავტორიტეტი, როცა საქმე სამშობლოს ეხება, როცა პიროვნება სრულად ვერ იყენებს თავის შესაძლებლობებს ქვეყნის საკეთილდღეოდ. არც ვინმეს დამსახურება რჩება მხედველობიდან და პატივმიუგებელი რჩება. სამგლოვიარო პროცესიაზე იგი აკაკის კუბოს არ მოშორებია და გამოსათხოვარი სიტყვაც წარმოთქვა, რომელშიც ილია და აკაკი ერთად მოიხსენია: „თავისი სიკვდილით აკაკიმ ახალი სამსახური გაუწია ჩვენს ქვეყანას. ყველას დაანახვა, რომ მის გლოვაში ერთი გრძნობა და გული ჰქონია მთელს ჩვენს ერს, მხარეს წოდებას, ქონების, ასაკის, სქესის, და თვით პარტიის განურჩევლად...იქნება აკაკის ხსოვნამ ის სასწაული მოახდინოს, რომ დღევანდელი ჩვენი ერთობა და ერთი ხელმძღვანელობის მორჩილება ისეთივე მუდმივი გახადოს მამულის სახეიროდ, როგორიც უკვდავი დარჩება ჩვენში აკაკის სახელი...ვერ ამიხსნია საიდან იბადება შეცდომა. ვითომ ერთის არსებობა მეორეს ბრწყინვას უშლიდეს? საქმე, ქვეყანა, მზე ყველას არ ყოფნის? ილია ჭავჭავაძის მაგალითზე ვერ აეხილა თვალი ხალხს? რამდენი უცდიდა მის გაქრობას იმ იმედით, რომ მის მაგიერ გავბელადებიო! მოკვდა ხომ! მისი ადგილი სხვებს ერგო, გაილიავდა ამით ვინმე? თუ ობლად დარჩა საქმე, რომელსაც თავის მოადგილეებზე მაინც უკეთ უვლიდა იგი?“. 

 

ნიკო ნიკოლაძე, როგორც უზარმაზარი ინტელექტი არ იზიარებდა რევოლუციურ თეორიება და არ მიაჩნდა რევოლუცია ახალი სახელმწიფოებრივი მოწყობის მექანიზმად - იგი ყოველთვის ევოლუციურ განვითარებას უჭერდა მხარს. მხოლოდ ერთი რევოლუციისა სწამდა-მეცნიერულ-ტექნიკურისა, ანუ როგორც თვითონ წერდა, რევოლუციისა თავებში, აზროვნებაში. აკი პირადად აჩვენა მან, რომ ცოდნას განახლებადს, ცოცხალსა და მოძრავს ყველაფრის მიღწევა შეუძლია. მთელი მისი ცხოვრება ამ იდეის ილუსტრირებაა. მეორეს მხრივ, ეს არის გამოცდილება თაობებისთვის თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფალი, ტრადიციონალი ქართველი, ინტელექტი, რომლის გახსენებაც არ უნდათ დღევანდელ ნეოლიბერალებს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველო მსოფლიოს ბედნიერ ქვეყნად აქციონ, ყველაფერს აკეთებენ მისი გადაშენებისთვის. ხელისუფალი იმიტომ არის ხელისუფალი, რომ თავისი ქვეყანა უნდა აიყვანოს განვითარების ახალ სიმაღლეზე. სხვა შემთხვევაში იგი ქვეყნის მოღალატეა და ასეთი ქცევა დასჯადი უნდა იყოს! ნეოლიბერალიზმი მსოფლიო მოძრაობაა, რომლის მიზანია ერთიანი მსოფლიო მეურნეობის წარმოქმნა ნაციონალური ქვეყნების გაქრობის ნიადაგზე, და მათი ეროვნული სიმდიდრეების ხელში ჩაგდება. ამითვის იგი იყენებს ფულს, როგორც საშუალებას - მისი ინტერესების საზღვრებში მოაქციოს განათლება, მეცნიერება, ნაციონალური ქვეყნების ხელისუფლება. მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხმარებლურ საზოგადოებად იქცა, რომელსაც ინსტიქტებისა და სურვილების დაკმაყოფილების ველური მადა არ ასვენებს, ყველაფერს კადრულობს, ყველა ბარიერს გადადის ფულის საშოვნელად. ადამიანის ჰედონისტად ქცევა ძნელი არ ყოფილა. მითუმეტეს, როცა საქმის გაკეთებისთვის დამოუკიდებელი აზროვნება საჭირო არ არის, მთავარია მორჩილი იყო და შეასრულო ის, რასაც გავალებენ (ამას ემსახურება თანამედროვე განათლების სისტემა საქართველოში, რომელიც მინისტრების ცვლილების შესაბამისად ფასადურად სხვაფერდება). გამორჩეული უნარის, ნიჭიერ ახალგაზრდებს ყველა პირობას უქმნიან თავისკენ მისაზიდად. აი, სად არის საჭირო ნიკო ნიკოლაძის აზრის გამოძახება, რათა ქვეყანა ხელიდან არ გამოგვაცალონ. 

 

ნეოლიბერალური იდეოლოგიის ხელისუფლებამ პირველი დარტყმა ინტელიგენციას მიაყენა. ჯერ „ჩარეცხილები“ უწოდა, ბევრი სამსახურებიდან დაითხოვა, კვლევითი ინსტიტუტები გააუქმა და მეცნიერები ულუკმაპუროდ დატოვა. მან თავისი მორჩილი „ინტელიგენცია“ შექმნა განსაკუთრებული პრივილეგიებით. ბევრი მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი საზღვარგარეთ გაიქცა. ფაბრიკა-ქარხნების, საწარმოების, ორგანიზაციების ტექნიკური ბაზა ჯართად აქციეს და ისიც საზღვარგარეთ გაყიდეს გროშებად. გაჩნდა ფულით გამდიდრებული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ნეოლიბერალური დასავლეთის მართული უმცირესობაა. მართალია, რომ არც თუ ცოტაა უკვე ინდივიდუალიზებული ინტელიგენტები, მაგრამ მისი ორგანიზებული გამთლიანება საკმაოდ რთულია იდეოლოგიზებული ეკონომიკური განათლების პირობებში. ხანდახან იქმნება დროებითი ინტელექტუალური ჯგუფები, მაგრამ ხელისუფლება მათ ყურადღებას არ უთმობს, არც ინტერესდება მათი ნოვაციებით, პერსპექტიული პროექტებით. ილაპარაკეთ, იკამათეთ, რამდენიც გინდათ, ჩვენ დემოკრატიული მთავრობა ვართო! ეს ყოფილა დემოკრატია. ინტელიგენტებთან ფართო მასშტაბიანი თანამშრომლობა და ინტელექტუალური აღზრდა, როგორც აღვნიშნეთ, არ შედის ნეოლიბერალური ხელისუფლების საქმიანობის ნორმებში, ნებისმიერ სახელმწიფოებრივ მთლიანობას ებრძვის ცხადად. 

 

ილია, აკაკი, ნიკო, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი ერთიანი სამსახურის მონაწილეები არ იყვნენ, მაგრამ მათ უხილავი ძაფებით ერთმანეთთან აკავშირებდა სამშობლოს სიყვარული, ყველაფერი მას ეძღვნებოდა, მისგან გამომდინარეობდა.

 

თანამედოვე საზოგადოება მომხმარებლურია, მისი წევრები იზოლირებულია ერთმანეთისგან, ისინი ინდივიდუალური არიან იმდენად, რამდენადაც სხვებისგან გამორჩეული ისეთი ნიშნები ახასიათებს, როგორცაა: გემოვნება, მოთხოვნა, მოთხოვნილებებისა და ინსტიქტების სტრუქტურა და მასშტაბები, ჰედონიზმი, თავკერძობა, ანგარება, სიხარბე, თავგასულობა, ამპარტავნობა, ეროვნული ტრადიციების უგულებელყოფა, ზნეობის დეფიციტი (როცა ზნეობა ეცემა, საკვირველი არ იქნება ახალშობილი შემოსავლის წყარო გახდეს ან სანაგვეზე მოისროლონ, თუკი ცხოვრების ტყვირთად აღიქმება), უღმერთობა, ოჯახური სიწმინდებისადმი ნიჰილიზმი, ყოყოჩობა, ნათესავებთან და ახლობლებთან გაუცხოება, ამპარტავნობა, უსიყვარულობა, ფულისადმი მორჩილება და სულიერი მონობა. მომხმარებლობა საზოგადოებრივია იმდენად, რამდენადაც იგი საერთო ნიშან თვისებების ადამიანების დახასიათებაა, თორემ ისინი საზოგადოებას არ ქმნიან!

 

ისტორიული წარმომავლობით საზოგადოების მთლიანობა ოჯახიდან მომდინარეობს, როგორც ფუძე, ბალავარი, სადაც თავმოყრილია ურთიერთთანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, ღვთიური რწმენა, იერარქია, ქორწინების სიწმინდის ინსტიტუტი. ოჯახებიდან შეიქმნა სოფლის, ქალაქის, კუთხის, რეგიონის, სახელმწიფოს, კონტინენტების და მსოფლიოს დასახლებები. ამის გამო არის, რომ ოჯახი მიჩნეულია სახლმწოფოს ფუძედ. ხშირად გაკვირვებას გამოთქვამენ იმის გამო თუ რა ძალამ გამოატარა ისტორიის გრძელ ქარტეხილებში მცირერიცხვოვანი ქართველი ერი. აოხრებდა ქვეყანას მტერი, ხოცავდა უმოწყალოდ, მიჰყავდა, იტაცებდა მის ხალხს, მაგრამ პოეტისა არ იყოს, ერთი მოჭრილი თავის ადგილზე ცხრა ამოდიოდა, იმიტომ რომ ოჯახი რჩებოდა შეურყვნელი. აცოცხლებდა ღვთის რწმენა და მისი ინსტიტუტი რჩებოდა ხელშეუხებელი. ეს მიმაჩნია ჩვენი არსებობის აქამდე ამოუხსნელი ამოცანის ერთადერთ სწორ პასუხად. ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩვენზე კარგად იციან მთელი მსოფლიოს ბატონობისთვის მებრძოლმა ნეოლიბერალებმა, და ამიტომ ოჯახზე მიიტანეს მთავარი შეტევა. 

 

ძალით ამის მიღწევა რაკი ყოველთვის შეუძლებელი იყო, ახალ ხერხს მიმართეს-მომხმარებელთა საზოგადოების მაცდუნებელი თეორიის კონსტრუირება, რომლის ამძრავი ენერგიაა ჰედონიზმი. მის სამსახურშია ჩართული ყველა საშუალება, რომელიც მიმზიდველ სანახაობებში ითრევს ახალგაზრდობას, აძულებს მას ყველაფერ ტრადიციულს და აჩვევს გარყვნილებას, ნარკოტიკს, ფუქსავატობას; სულით ფულზე ჰკიდებს. ავიწყებს ღმერთს, ეროვნულობას, პასუხისმგებლობას, მეორეს მხრივ, მის უნიჭიერეს ნაწილს თავისკენ ექაჩება და მის სამსახურში აქცევს! 

 

ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი რეალობის დანახვაა, რომელიც უკვე ეროვნულობის წაშლით გვემუქრება. უკვე დაეტყო ქვეყანას საქორწილო ასაკის ახალგაზრდების ოჯახური დაწყვილების კლებადობა. ტრაგიკულია ის, რომ ყოველი 10 ახალი ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველი მეორე განქორწინებით მთავრდება. ათიათასობით ბავშვი უდედმამოდ ან უდედოდ იზრდება. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ძალზე სწაფად იზრდება შერეული ქორწინების რიცხვი არაქრისტიან მოსახლეობასთან. მალე, ალბათ, ქართველის რაღაც ახალ არატრადიციულ ტიპს მივიღებთ. კიდევ უფრო უარესია ის, რომ უცხო ჯიშის ჩამოსახლებულთა რაოდენობა მატულობს და ღარიბი ქალების დიდი მასა მეძავებად ჩამოყალიბდა, არც თუ ნაწილი მუსულმანი კაცების ცოლების რიგში დგებიან. 

 

 ქართველი ოჯახების რიცხოვნება არა მხოლოდ გაჭირვების გამო მცირდება ბუნებრივი მატების რაოდენობრივად შემცირების მიზეზებით და მოსახლეობის ქვეყნიდან მასობრივი გაქცევით. უმწეოა სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელიც უსახსრობის გამო იღუპება, მძიმე პირობებში არიან პენსიონერები, რომელთაც კანონით დადგენილი 180 ლარი წამლების ფულად არ ყოფნის (ახლა კიდევ სამადლოდ 20 ლარი დაუმატეს). მოსახლეობა ყიდულობს კვების პროდუქტებს, რომელიც საკვებად უვარგისია და ჯანმრთელობითვის მავნებელი. იგივე ითქმის კვების მზა პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების შესანახ ინვენტარზე და შესაფუთ მასალებზე, ალკოჰოლური, უალკოჰოლო და გაზირებული სითხეების ჭურჭლებზე. ეკონომიკური გენოციდი სიღატაკის ახალი შენაერთია ერის უბედურების მდინარეში. 

 

ინტელიგენცია ხელისუფლების არჩევნებში საზოგადოებრივი აზრის მიმმართველია. ამდენად, ხელისუფლებაც ინტელექტუალური უნდა იყოს. ინტელიგენციის ვალდებულებაა აუხსნას მას მოსახლეობასთან შეთანხმებული განვითარების სტრატეგიული კურსიდან გადაცდომის წარმოქმნის რეციდივები, რომელიც ხშირად ახლავს ხელისუფლებრივ საქმიანობას და შეაშველოს ადეკვატური წინადადებები და რეკომენდაციები, როგორც ამას ახერხებდა ნიკო ნიკოლაძე მაშინდელი რუსეთის იმპერიის უმაღლეს დონის ხელისუფალთან პირად საუბრებში. მაგალითად, ვარანცოვ-დაშკოვთან, რომელსაც შეაგონა! ხალხის უკმაყოფილება იმიტომ მატულობდა, რომ ახალგაზრდობა სამსახურს ვერ პოულობდა, ხოლო ადგილობრივი თვთმართველობა არაფრის მაქნისი იყო სახელმწიფოს მართვის არსებული ორგანიზაციული სტრუქტურული წყობის პირობებში. იცოდა მეგობრობის და ინტელექტის ფასი. ჩერნიშევსკის გათავისუფლებასაც კი მიაღწია სიცოცოხლის რისკის ფასად. როგორც თავის „მოგონებებში“ უწერია, უმკაცრესი პოლიციური მეთვალყურეობაც კი დაუწესეს, რამაც ათი წლით დააგვიანა მისი არჩევა ფოთის ქალაქისთავად. 

 

ახლანდელი ვითარება დიამეტრულად განსხვავებულია. ათეული წლები გადის და მოსახლეობის სახეიროდ არაფერი იცვლება, საქართველოს ხელისუფლებაში მოქცეულია ფსევდო ინტელიგენცია და ფსევდო პატრიოტები. ხალხის საკეთილდღეოდ ჭკვიანების რჩევას არ გაითვალისწინებენ. ისინი ინტელიგენციას „ჩარეცხილებს“ უწოდებენ, პატრიოტებს-ჩამორჩენილებს. ხალხი თურმე უასაქმურია და ზარმაცი, რომელიც უცხოეთიდან შემოსულმა თურქებმა, არაბებმა, ბურებმა, ირანელებმა, ჩინელებმა, ინდოელებმა უნდა შეცვალონ! რამდენი ხანია მეცნიერთა ერთ ჯგუფი პ. გიორგაძის მეთაურობით ხელისუფლებას უმტკიცებს სასმელი წყლის ეროვნული მარაგის მსოფლიო აპოკალიფსურ მასშტაბებს, რომლის რეალიზაცია ქვეყანას რამდენიმე წელიწადში განვითარების წინა პლანზე გაიყვანდა, მაგრამ ხელისუფლება ყურსაც არ იბერტყავს. ნეოლიბერალურ აზროვნებას ხალხის გაჭირვება და ეროვნულობა არ ესმის.

 

ქართული ინტელიგენცია ძალადაკარგულია. მას ხელისუფლებაზე გავლენა არ გააჩნია, ვინაიდან სინამდვილის სხვადასხვა სიბრტყეში იმყოფებიან. ხალხის კეთილდღეობაზე მინიშნება სირცხვილია, რამეთუ იგი ჩამორჩენილობაა ოცდამეერთე საუკუნისგან. ქართველი ნეოლიბერალები თავს მშვიდად გრძნობენ, მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ხელისუფლების ლოკომოტივში სხედან და ახალი სამყაროს წესრიგით მოგზაურობენ. ასეთი შედარების ფონზე მკითხველს შეიძლება ჩემი შეფასებები ცალმხრივად მოეჩვენოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ „მადა ჭამაში მოდის“ და მადააღძრულ ჩინოსანს, სიმაძღრეში შეტოპილს ავიწყდება პასუხისმგებლობის ჟამის აუცილებელი მოვლენადობა. ფრენსის ფუკუიამასაც ეგონა, რომ სოციალიზმის კრახით დასრულდა მსოფლიო ისტორია და ნეოლიბერალიზმის მარადისობის კარი გაიხსნა! 

 

ერთიანი მსოფლიო მეურნეობის კონსტრუქტორები ღმერთის უფლებებში იჭრებიან და ღვთიური სამყროს თავის ჭკუაზე გადაკეთება სურთ-არაეროვნული სახელმწიფოები, ერთი სახელმწიფო ენა, არანაირი საზღვრები ქვეყნებს შორის, ღმერთის უგულებელყოფა, ტრადიციებისა და ოჯახის მოშლა ერთხელ და სამუდამოდ, მსოფლიო მოსახლეობის სეკვესტრირება მილიარდამდე და ა.შ. მათ უკვე გრძელი ნაბიჯით წაიწიეს წინ: დაეპატრონენ ფულს, არმიებს, ვაჭრობას, მსოფლიო ბუნებრივ რესურსებს, ხელთ იგდეს კანონშემოქმედება, სამართალწარმოება, სტრატეგიული რესურსები, ირჩევენ და ნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს და ა.შ. 

 

სწორია ლ. ლარუში: ღვთის თვალი მუდამ გვიყურებს. უკვე გამოიკვეთა თავგასული ფინანსური იმპერიის ბოროტი ქმედებების საწინააღმდეგო მოძრაობები. აშშ-ს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს მექსიკა, სისხლი აუდუღდა ინდიელ აბორიგენებს, რომელიც გადაშენებამდე მიიყვანა ამერიკამ, რომლის თეთრკანიანი მასა უპირატესობას კარგავს, ფერადკანიანი ემიგრანტების შემოტევა ყოველწლიურად იზრდება. მსოფლიო არენაზე ჩინეთი სუპერ სახელმწოფოდ წამოიმართა, თავი წამოწია ინდოეთმა, რუსეთი გამოფხიზლდა. მდუმარე ევროპამ ხმა ამოიღო-უყივლა ეროვნულობის სისხლმა. ახალი საფიქრალი გაჩნდა. დუმს საქართველო!

 

საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ინტელექტები, რომელთაც უყვარდათ და უყვართ თავიანთი ხალხი და გულწრფელად სურთ ქვეყნის სიკეთე და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, „მაგრამ დიდი ხანია დავიღალეთ იმ ჭეშმარიტების გამეორებით, რომ მხოლოდ პლატონური სიყვარული და უნაყოფო „კეთილდღეობის მოსურნეობა“ არავის აძლევს უფლებას, იწოდებოდეს „ინტელიგენტად“. განმხოლოებული, ინდივიდუალიზებული ინტელიგენტი, უპირატესად მაინც, თავის თავს ეკუთვნის. სულ სხვაა ერთიანობა ინტელიგენციაში, რომელიც ერისა და ქვეყნის მსახურებაა, ხალხის წინამძღოლი, მიმმართველი ძალაა. ამიტომ დარჩნენ ილია, აკაკი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი, დიმიტრი ყიფიანი და სხვა მრავალი არა მარტო ხალხის მეხსიერებაში, არამედ ადამიანის გულშიც დაიდეს ბინა (ტვინი ცივი ძალაა, გულია ცეცხლი). მე-19 და მე-20 საუკუნის ჩვენი ერის უდიდესი ადამიანები უფრო მეტად იმის გამო კი არ გვიყვარს, რომ გენიალური მოაზროვნეები იყვნენ, არამედ იმიტიმ, რომ ქვეყნის ჭირი თავისად მიაჩნდათ და სამშობლოს მსახურება-აქარსობის მიზნად. 

 

გენიალური ტალანტის საკურთხეველზე მიტანამ იხსნა მაშინ საქართველო ჩამორჩენილობისა და გადაგვარებისგან. უარეს დღეშია ახლა სამშობლო, მაგრამ მას ჰყავს ძალიან ძლიერი ინტელექტუალები, რომლებიც ინტელიგენციად უნდა იქცნენ. 

„დროა, დიდი ხანია დროა, მუყაითად ხელი მოჰკიდოთ მიმდინარე საკითხებსა და ჩვენი ცხოვრების ამოცანებს; დროა ამ ამოცანების საფუძვლიანი გადაწყვეტით დაიკავოთ ხალხში ინტელიგენციის ღირსი მდგომარეობა, დაიმსახუროთ ხალხის ნდობა და მათი საქმე და ბედი ხელიდან გამოსტაცოთ ეგოისტებს, რომელნიც შემიღბული არიან გესლიანი ფრაზებითა და ხალხისმოყვარულის მანტიით მხოლოდ იმისთვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, იზრუნონ ნათესავებზე და ჩაეფლონ ნეტარებასა და მაგცხრომაში!“.

 

ინტელექტუალები უნდა გაერთიანდნენ ინტელიგენციად ნიკო ნიკოლაძისეული გაგებით, რომლის მიზანი იქნება ხალხისა და ქვეყნის მსახურება. ეს არ უნდა იყოს რაიმე სახის პოლიტიკური გაერთიანება ან მათი ასოციაცია. ეს მხოლოდ სოციალური მოძრაობაა მოსახლეობის ქვედა ფენებიდან ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. სხვა შემთხვევაში, არსებული ხელისუფლების ჩანაცვლების იდეა რომელიმე რადიკალური მიმართულების პარტიით იქნება მოძრაობა ზემოდან, რაც გამოიწვევს სისხლიან რევოლუციებს, და რაც სასიკეთო არ ყოფილა და არც იქნება სამშობლოსთვის. 

 

ინტელიგეციის გარეშე მიტოვებული მოსახლეობა მასმედიის საშუალებების, განსაკუთრებით კი ტელევიზიების, იდეოლოგიზირებული სასწავლო ლიტერატურისა და ინტერნეტის ტყვეობაშია. მაშინ როცა მას ახლა უნდა მიეწოდებოდეს უკვე დაწინაურებული, ადრე ყოფილი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობის შესახებ მსოფლიოში ბესტსელერად გავრცელებული ისეთი ლიტერატურა, რომელიც იმ ქვეყნების ეკონომიკური დაწინაურების „საიდუმლოებების“ ახსნას იძლევა. მაგალითად, პაკ ჩონ ჰის-„აღორძინებული კორეა: ეკონომიკის განვითარების მოდელი“, ლი კუან იუს-„სინგაპურის ისტორია“, მოჰამად მაჰატჰარას-„წინ სრული სვლით“, ჰა ჯუნ ჩანგის- „როგორ არის მოწყობილი ეკონომიკა“, ერიკ რაინერტის-„როგორ გახდნენ მდიდარი ქვეყნები მდიდრები, რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად“ და სხვა. უნდა ეწყობოდეს ამ ლიტერატურის განხილვა მოსახლეობის ფართო ფენებთან, ეკონომიკური აზროვნების განახლებისა და შემოქმდებითი აქტივობის ამაღლების მიზნით. ცალკე საკითხია ფიზიკური წარმოების ინოვაციები და კრეატიული უნარების გამომუშავება მოსახლეობასთან ერთად ადგილებზე მდგომარეობის შესწავლის ბაზაზე. ინტელიგენციის ჯგუფი უნდა იყოს არა მხოლოდ იდეის ინიციატორი და ნოვატორი, არამედ ინტელექტუალური ძალა მოსახლეობის დასაცავად სახელისუფლო და სხვა ჯგუფების არასამართლებრივი შემოტევებისგან.

 

საზღვარგარეთ აღმოჩნდა ქვეყნიდან გაქცეული 2 მლნ. ადამიანი, რომელიც ახლა სამშობლოს კეთილდღეობის ამაღლების სერიოზული რესურსია. მხედველობაშია ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა შრომითი აქტივობის მეტი თავისუფლება, შეძენილი უცხოური სოციალური კაპიტალი და დამოუკიდებელი საწარმოო და სამსახურებრივი უნარები. ესეც ინტელიგენციის დიდი რესურსია.

 

ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კოორდინაციის ფუნქციების შესრულება მხოლოდ ინტელიგენციას ხელეწიფება. მოგებაზე გამოდევნებამ ადამიანში ველური ინსტიქტების ეპიდემიური აფეთქება გამოიწვია და ჰედონიზმის სიხარბით დაავადმყოფა, რამაც თანამედროვე სამყარო კატასტროფის წინაშე დააყენა. 

 

რამაზ ნამიჭეიშვილი - პროფესორი,

სამეცნიერო საზოგადოება „ნიკო ნიკოლაძის“ პრეზიდენტი