Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
19-02-2019, 13:22
ნანახია: 806

ზაურ ნაჭყებია: რა ეშველება ასეთ გაბოროტებულ მასას?!

„ვაზელინი არ გიხდებათ“ - ურცხვად დამიკომენტარა გუშინ ჩემს უწყინარ სტატუსზე ქუთაისელმა ეკა კაკაურიძემ (მსახიობ გიზო კაკაურიძის ქალიშვილმა), ვისთანაც ძალიან თბილი და ადამიანური ურთიერთობა მქონდა.

 

უფრო გაოგნებული დავრჩი, ვიდრე მეწყინა - ამ ხნის კაცი ვარ და ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკის მანძილზე ამის თქმის უფლება არავისთვის მიმიცია, რადგან, „ვაზელინობა“ (დითირამბები, თეთრზე შავის თქმა, ან პირიქით) ჩემს ხასიათში არ არის. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვწერო (ვთქვა) ის, რასაც ვფიქრობ და ობიექტური ვიყო მოვლენის ან პიროვნების შეფასებისას.

 

რა დავაშავე გუშინ ისეთი, რომ არ „მაპატიეს“ და „ვაზელინობა“ დამწამეს“?!

 

არც არაფერი - ყოფილ ექსპრემიერს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გმირს, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემებურად დაბადების დღე მივულოცე.

 

დიახ, ჩემებურად, ყოველგვარი დითირამბების და ქვემძრომობის გარეშე!

 

რატომ არ შეიძლებოდა მომელოცა? ან ვინმესთან უნდა შემეთანხმებინა, მიმელოცა თუ არა?!

 

სხვათაშორის, წესად მაქვს: ყველა ფეისბუქმეგობარს, პირადად, ვიცნობ თუ არა, ვულოცავ იუბილეს და მათი სიხარულის თანაზიარი ვხვდები. რა არის ამაში ცუდი?! პირიქით, მოყვასისადმი გაგზავნილი კეთილი სურვილები ქრისტიანულ ჩარჩოში ჯდება და მეც მახარებს...

 

შეიძლება დაბადების დღე მივულოცო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც, კაცს, რომელსაც ყოველთვის ობიექტური კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებ (არც ივანიშვილისთვის დამიკლია), მაგრამ სურვილებში ჩავუთქვა, რომ ხელი აიღოს ავკაცობაზე და მის მიერ ერის წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიოს!

 

დიახ, დიახ, თუ საჭიროდ ჩავთვალე, სააკაშვილსაც შეიძლება მივულოცო იუბილე. საინტერესოა, მაშინ რა ეპითეტით შემამკობენ ჩემზე ნაკლებად „ცოდვილნი“?!

 

...როგორც ვთქვი, კაკაურიძის ეპითეტმა თან გამაოცა, თან გამაღიზიანა, მაგრამ, ქალბატონთან პოლემიკის ზღვარი არ გადამილახავს და რბილად ვუპასუხე. როცა დავფიქრდი, სჯობდა საერთოდ უპასუხოდ დამეტოვებინა, რადგან, მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ „ვაზელინი“ არ ვარ და არც არასდროს ვიქნები!

 

„ვაზელინობა“ კიდევ არაფერი, რაც მე იმ სტატუსზე კომენტარები წავიკითხე, ცუდად გავხდი - ხალხი ავადაა, თან სერიოზულად. მეტიც, იმდენად გაბოროტებულნი არიან, ქრისტესმიერი სიყვარული და მიტევება უცხოა მათთვის. ეს მაშინებს ყველაზე მეტად, თორემ, მე უხამსი ეპითეტებით შემამკობენ თუ არა, ნაკლებად მაწუხებს, რადგან, არ დამიმსახურებია!

 

„რა დანაშაული გაქვს ჩადენილი ისეთი, რომ ჰურიას ელაქუცები თვითგადარჩენისთვის?“ წერს ყოფილი ფეისმეგობარი დავით მეგრელიშვილი და მეგობრობას მიუქმებს.

 

მეორე უფრო შორს მიდის და რკინისებურ დასკვნას აკეთებს: „საქართველოს მტერს, ქართველი ხალხის სულში ჩამფურთხებელს როგორ უნდა მიულოცო დაბადების დღე... იგი ღირსეული და დასაფასებელი მტერიც კი არაა... მეორე არ დაბადებულიყოს დუნიაზე ბიძინასნაირი გარეწარი“.

 

სხვა „მარგალიტების“ ჩამოთვლა ალბათ საჭიროც არ არის.

 

ვისაც ჩემს „ვაზელინობაში“ ეჭვი ეპარება, ვურჩევ წაიკითხოს 2011 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატია: „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველო ისევ მესიის მოლოდინშია“, ხოლო, ვისაც სურვილი აქვს დარწმუნდეს ჩემი ობიექტური (ვიტყოდი, სახელმწიფოებრივი) პოზიციის თანმიმდევრულობაში, გაეცნოს ჩემივე პუბლიცისტურ კრებულს „სამართებლის პირზე“.

 

ამით კი არ ვამტკიცებ (რაში მჭირდება დამტკიცება), რომ მე „ვაზელინი“ არ ვარ, უბრალოდ, იმის თქმა მინდა - 2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე კალამი არ დამიდვია და სახელმწიფოსთვის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ობიექტურობის პრიზმიდან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განვიხილავ. რა ჩემი ბრალია, თუ ხალხი გაბოროტებულია: არც კითხვის სურვილი აქვთ და არც გაგება შეუძლიათ?!

 

2011 წლის ოქტომბერში კი ვწუხდი ზუსტად იმაზე, რასაც დღეს არა მარტო საყვედურობენ ბიძინა ივანიშვილს - მაშინ ღიად ვაფიქსირებდი, რომ მილიარდერის მოსვლა ხელისუფლებაში გარკვეულ რისკებს შეიცავდა, რადგან, იგი საერთაშორისო ვალდებულებებით იყო დატვირთული და თუ სასწორის სხვადასხვა პინაზე ფული და საქართველოს ინტერესები დაიდებოდა (სიცოცხლის რისკის ფასად), შეიძლებოდა ფულს გადაეძალა. ანუ, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ივანიშვილი დავალებით იყო მოსული პოლიტიკაში სააკაშვილის მოსაშორებლად. თუმცა, ამ დავალების შესრულება ჩვენი, ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

 

სხვათაშორის, მაშინ ჩემი პოზიცია მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, რადგან, მე დავუპირისპირდი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ივანიშვილში მამა-მარჩენალს და საქართველოს მხსნელს ხედავდა. სწორედ ის ადამიანები არიან დღეს ექს-პრემიერის დაუძინებელი მტრები!!!

 

მახსენდება ციტატები ჩემივე სტატიიდან: „ფული ერთ-ერთი საშუალებაა ხელისუფლებაში მოსასვლელად და არა ერთადერთი... ივანიშვილი ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვერ დაამარცხებს სააკაშვილის რეჟიმს... რადგან, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, ქართველ ოლიგარქს წინაპირობების გარეშე მაინც ნუ შემოვუშვებთ... ნუ გექნებათ ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი ბიუჯეტს საკუთარი კაპიტალით შეავსებს და რძის მდინარეები იდინებს საქართველოში, ან თქვენ მხართეძოზე წამოწვებით და თქვენს გასაკეთებელსაც ივანიშვილი გააკეთებს“...

 

დამეთანხმებით, კარიერაზე დახარბებული და ვაზელინის მოყვარული კაცი ამ სიტყვებს არ დაწერდა და „ივანიშვილის ნავში“ ჩაჯდომაზე უარს არ იტყოდა, მაგრამ, მე მაშინ ეს გზა ავირჩიე და არც ვნანობ!

 

ვინც ჩემს პუბლიცისტურ სტატიებს „თანამედროვე ლუციფერი და შუაზე გახლეჩილი საზოგადოება“ ან „როგორ მოისყიდა და დაიმონა ივანიშვილმა ქართული ინტელიგენცია“ წაიკითხავს, ენა როგორ მოუბრუნდება „ქამელეონობა“ და ქვემძრომობა დამაბრალოს?! თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ხალხმა ყველაფერი ერთ კაცს აკიდა და იმაზე კი არ იფიქრა, რომ სპეციალური დავალებით ხელისუფლებაში მოსულ ოლიგარქს დავალების შესრულებისას საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა მოუწევდა!

 

მე არ ვიცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბუნებით მოღალატეა, თუ იგი დავალების შესრულებას უფრო წინა პლანზე აყენებს, ვიდრე საქართველოს იდენტობის შენარჩუნებისთვის ზრუნვას, მაგრამ, ერთი რამ ფაქტია: ჩვენ ვართ დოყლაპიები, ჩვენ, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და თითი თითზე არ დაგვიკარებია სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, თორემ ერთობა რომ შეგვეძლოს და დედოზარიც დროზე რომ შემოგვეკრა, ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ ჩავაყენებდით საკუთარ ქვეყანას. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის ჯიჯგნა, ერთმანეთის მტრობა და ერთმანეთისთვის კვანტის გამოდება შეგვიძლია, რითაც კარგად სარგებლობენ სამყაროს და შესაბამისად, საქართველოს დაუძინებელი მტრები. მე არ ვამტკიცებ, რომ გლობალიზაციის ნამსხვრევებს ბოლომდე გადავურჩებით, მაგრამ, ერთად ყოფნით და სახელმწიფოს ინტერესებზე ფიქრით და მოქმედებით, რაღაცის შერბილება, გადარჩენა რომ შეგვიძლია, ფაქტია!..

 

თუმცა, მოქმედებას და ქვეყნის გადარჩენისთვის შეუპოვარ ბრძოლას ვინ ჩივის, ისე გავბოროტდით, ერთმანეთი გვძულს, ისე გავთავხედდით, რომ ერთმანეთის დაბადების დღის მილოცვასაც არ ვპატიობთ!

 

არ ვიცი, ასე გაბოროტებულ და ფეხებზე მკიდია ერს როგორ შეიწყალებს და შეიწყნარებს უფალი?!

 

P.S. მახსენდება კიდევ ერთი მაგალითი ჩემი „ვაზელინობიდან“: 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დღეებში პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის აპარატის უფროსად ვმუშაობდი. რევოლუციამდე 3 დღით ადრე, როცა ყველაფერი შევარდნაძის ხელისუფლების ჩანაცვლებისკენ მიდიოდა (თუმცა, არავინ იცოდა, მოსალოდნელი რევოლუცია მშვიდობიანი იქნებოდა, თუ სისხლიანი), აპარატის თანამშრომლებს ხმამაღლა ვუთხარი: დიქტატურა მერე ნახეთ, თუ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში-მეთქი. ბუნებრივია, ეს სიტყვები რევოლუციის შემდეგ არ მაპატიეს (ერთი-ორი ჩამშვები ალბათ ჩემს აპარატშიც იქნებოდა) და რამდენიმე თვეში სამსახურის დატოვება მომიწია. მადლობა ღმერთს, კიდევ კარგად გადავრჩი!

 

ასე რომ, ვიდრე ჩემს ქამელენომობაზე, „ვაზელინობაზე“ და ქვემძრომობაზე სიტყვა დაგცდებათ, პირი კარგად მაინც გამოირეცხეთ!