Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
25-11-2012, 18:05
ნანახია: 2694

რამ შეაწუხა ბატონი პრეზიდენტი?!

ხალხო, რამდენი გეხვეწეთ, ოღონდ, სააკაშვილის ცრემლებს ნუ დამანახებთ-მეთქი და მაინც არ მომისმინეთ. ამ ბოლო ხანებში ნამდვილად ვატყობდი, მიშა ძალიან გულჩვილი რომ გახდა და სინანულის გზას "დაადგა", მაგრამ ამდენი მაინც არ მეჯერა! 

 

ისე, რაც მართალია, მართალია – პრეზიდენტმა გახშირებული ვოიაჟები შეწყვიტა. როგორც ჩანს, თავის უფლება-მოვალეობებს ძალიან ჩაუღრმავდა და დარწმუნდა კიდეც, რომ ,,ხალხი დღეს განსაცდელშია". ის კი არადა, თურმე იმაშიც დარწმუნებულა, რომ ამ განსაცდელამდე ისინი თვითონ მიიყვანა!

 

,,საქართველო განსაცდელშია და მე ხალხს არ მივატოვებო", გვიბრძანა გიორგობა დღეს ბაგრატის ტაძარში ყოფნისას ბატონმა პრეზიდენტმა და მის მაგივრად თვალებიდან კურცხალი ლამის მე გადმომიგორდა. - არამარტო ამ სიტყვების გაგონებაზე, არამედ, იმის გამოც, რომ ჩვენს ,,მაღალში" ამხელა გარდასახვა ვიგრძენი. მართალია, სულიერ განწმენდამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ გარდასახვა რომ შეძლებია, ამაში ნამდვილად დავრწმუნდი.

 

ბატონი პრეზიდენტი, ეტყობა, იმასაც შეუშინებია, რომ ამდენი ხნის მანძილზე ,,ნაციონალების" მიერ ნაშენებ-ნალოლიავები საქართველოს ,,ნგრევა უნდა დაიწყოს და ისევ განადგურება მოხდეს".

 

ძნელი საყურებელია შენს აშენებულს სხვები რომ ანგრევენ, მაგრამ რაც დასანგრევი არ იყო, უკვე დანგრეულია და რაც არ უნდა აშენებულიყო და მხოლოდ სიმახინჯის ასოციაციას იწვევს, უნდა დავანგრიოთ, აბა, რა ვქნათ, ბატონო პრეზიდენტო?! 

 

კიდევ კარგი, რომ იგი დარწმუნებულა, მის აშენებულს ,,მეოცნებენი" ვერ დაანგრევენ, რადგან ,,ამას ხალხი არ დაუშვებს".

რას არ დაუშვებს ხალხი, ბატონო პრეზიდენტო?! ან რომელ ხალხზე აპელირებთ – იმ ხალხზე ხომ არა, თქვენ რომ გადაუარეთ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და რომ დაგცლოდათ, ჟანგბადსაც გადაუკეტავდით?!

 

თუ ხალხი აწი მაინც ვერ ხვდება თქვენი სახით ვისთან ჰქონდა საქმე, ახია მაგათზე ყველაფერი. თქვენ რომ ბრძანებთ, "ქართველ ხალხთან ვიყავი მშვიდობის დროსაც, ომის დროსაც, აღმშენებლობის დროსაც და გაჭირვების დროსაც"-ო – კარგით რა, ჩვენთან თქვენი ზეობის პერიოდში მხოლოდ მოჩვენებითი მშვიდობა იყო, რომელიც 2008 წელს თქვენვე დაარღვიეთ და ქვეყანას ძირძველი ტერიტორიებიც ჩამოათალეთ, სიტყვა "აღმშენებლობას" რატომღაც არასწორად იყენებთ. – გაიგეთ, ბატონო პრეზიდენტო, შენება, ყოველთვის აღმშენებლობას არ ნიშნავს. რაც შეეხება გაჭირვების დროს ხალხთან ერთად დგომას, ეს უკვე მეტისმეტია – ხალხი სრულ სიღატაკემდე თქვენმა მონდომებამ და თქვენივე "გონივრულმა პოლიტიკამ" მიიყვანა და თუ მათთან ხანდახან მაინც გამოჩნდებოდით, ყვითელი ავტობუსებით ჩამოყვანილი "მიშისტების" ფონზე, ეს მაინც ხომ არა უნდა დაამადლოთ ამ გაჭირვებულ ხალხს?!

 

რომ ამბობთ, ხალხს განსაცდელის დროსაც არ მივატოვებო, რას გულისხმობთ ამ განსაცდელში? – რამე მზაკვრული ხომ არ ჩაგიფიქრებიათ თქვენ და თქვენს გუნდს? გეტყვით პირდაპირ: ხალხმა უკვე გამოიღვიძა და ეს ნომერი ნამდვილად არ გაგივათ, ბატონო პრეზიდენტო!

 

 ისე, თქვენი პრეზიდენტად ყოფნა სერიოზულ განსაცდელად ნამდვილად ექცა ქართულ საზოგადოებას და თუ დროულად წასვლას დააპირებთ, თქვენს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნება – ჩვენ დავწყნარდებით და იქნებ, თქვენც გეშველოთ.

 

იფიქრეთ ამაზე, ბატონო პრეზიდენტო!