ზაურ ნაჭყებია: ახალი „Лебедь, рак и щука“-ს მოლოდინში!

ზაურ ნაჭყებია: ახალი „Лебедь, рак и щука“-ს მოლოდინში!

მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ საკუთარი აზრი ადრეც გამომითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ: დარწმუნებული ვარ, არჩევნები ქვეყანაში არაფერს შეცვლის, რადგან, არჩევნებისადმი ჩვენი დამოკიდებულება არსებითად არ შეცვლილა!

 

დიახ, ისევ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, ისევ საკუთარ კომფორტზე დახარბებული, პატრიოტული გრძნობებისგან დაცლილი ადამიანებით შეივსება საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და მთელი 4 წელიწადი, ისევ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ „ხელის ბიჭების“ და „ხელის გოგონების“ მიერ გამომცხვარი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი კანონების დასტა უნდა ვითმინოთ!

 

ამ რეალობას ვერც ერთპროცენტიანი ბარიერის დაკანონება უშველის, რომელიც თითქოსადა შანსს აძლევს „ჭ“ კლასის სატელიტ პარტიებს (ზოგი „ნაცების, ზოგი „ქოცების“) პლურალისტული გახადონ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და ყალბი დემოკრატიული ფასადიც გაალამაზონ!

 

აი, მაჟორიტარული ოლქების გამსხვილება ხომ საერთოდ მარაზმია - მეტიც, არის ამომრჩევლის დაცინვა. მეტი, ეს არაა ჩემი მტერი, ახალმა „რჩეულ-მაჟორიტარებმა“ რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულს უპატრონო შდა ამომრჩევლის ინტერესებიც პატიოსნად დაიცვან.

 

გვახსოვს, როცა ყველა რაიონს თითო მაჟორიტარი ჰყავდა და მითუმეტეს, ასე თუ ისე ცნობადი სახე იყო ადგილობრივი ამომრჩევლისთვის, მაშინაც არ იკლავდნენ თავს მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე და ახლა ხომ საერთოდ ნონსენსია მათი მისია, როგორც მაჟორიტარი დეპუტატების. ეს გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად თავსმოხვეულია გარედან, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ამომრჩევლის აბუჩად აგდებაა - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

 

ეს აზრი კიდევ უფრო გამიმყარა მმართველი პარტიის („ქართული ოცნება“) მიერ წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატების სიის გაცნობამ - ვერ გაიგებ, რა ნიშნითაა შერჩეული ბევრი მათგანი, ან რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრისას. იმაში ეჭვი კი ნამდვილად არ მეპარება, რომ პროფესიული ნიშნით, გარდა კახი კახიშვილისა, არც ერთი არ შეურჩევიათ.

 

თავი დავანებოთ კობიაშვილ-ყაველაშვილებს და მოქმედ გუბერნატორებს, რომელთა მისია საერთოდ გაურკვეველია თანამედროვე ქართულ რეალობაში (როცა ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების მერები არჩევითია, რა საჭიროა ზედმეტი რგოლი გუბერნატორის სახით?!). რატომ ვერ ელევა „ქართული ოცნება“ მოქმედ დეპუტატს, პარლამენტში რამდენჯერმე გადამხტარ სამველ მანუკიანს, რომელიც თუ არ ვცდები,  „ნაციონალების“ მხარდაჭერითაც სარგებლობდა თავის დროზე?! აღარაფერს ვამბობ „ქართული ოცნების“ „მარადმწვანე“ დეპუტატებზე, რომლებიც უკვე მესამე წრეზე მიდიან, მაგრამ პრინციპული საკითხებისადმი მათი სახელმწიფოებრივი მიდგომა ჯერ არავის უნახავს!

 

ჯერ არ გაცხადებულა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მმართველი პარტიის პროპორციული სიაც ისეთივე ოდიოზური და ყავლგასული ფიგურებით იქნება გაძეძგილი, როგორითაც მაჟორიტარის კანდიდატების წარდგენისას ვიხილეთ, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ქალთა ბალანსი (სრული იდიოტიზმი) დაცული იქნება.

 

ეჭვი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ცრუ დანაყოფებთან ერთად ისევ იკეკლუცებს მომავალ პარლამენტში და გიორგი გახარიას მუქარა - „მე თქვენ დაგასრულებთ!“ - მხოლოდ მუქარად დარჩება. ამ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნებიან წარდგენილი მაჟორიტარული თუ პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ მხრიდან.

 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება თავიდანვე ანტიპათიით განეწყო „ლელოს“ მიმართ, მუქთა ფული იმდენს იზამს, ისინიც შეჯირითდებიან მომავალ პარლამენტში და იქიდან დაიწყებენ ვიშვიშს, რომ ხელისუფლება არ ზრუნავს ხალხზე და ისინი უმრავლესობაში რომ მოსულიყვნენ, ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა!

 

ბუნებრივია, გარკვეულ მანდატებს აიღებს, მთავარ ოპოზიციონერობაზე მეოცნებე „პატრიოტთა ალიანსიც“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ბოლომდე გაკოტრებული პარტიების ნაწილიც...

 

ასე რომ, ვინც მომავალი პარლამენტისგან რაღაც ხეირს მოელის (საკუთარ თავს კი ახეირებენ), უნდა გავაწბილო: ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება - ასეთი ჭრელა-ჭრულა პარლამენტით უფრო „Лебедь, рак и щука“-ს მივიღებთ!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: