ქუთაისიდან უბერავს... სიო!

ქუთაისიდან უბერავს... სიო!
არ ვიცი, რამდენად გადაიზრდება იგი ქარიშხალში და მიანგრ-მოანგრევს თუ არა პოზიცია-ოპოზიციის „ხუხულას“, მაგრამ, „ნამოხვანჰესელები“ სერიოზული გარღვევისთვის რომ ემზადებიან, ცხადია!
ამის თქმის საფუძველს მაძლევს რიონის ხეობის მცველების გამოკვეთილი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის ბოლო მიმართვა, სადაც იგი აუწყებს საზოგადოებას, რომ იწყებენ აქტივობებს სხვადასხვა რაიონებში ხოლო მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ შეახსენებს 23 მაისისთვის დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციას დედაქალაქში. ნიშანდობლივია ისიც, რომ იგი თანამოქალაქეებს (საქართველოს ყველა რეგიონში) მიმართავს, შეავსონ ანკეტა-კითხვარი.
კაკულიობას არ ვიბრალებ, მაგრამ, მაქვს საფუძვლიანი მოტივი ვივარაუდო, რომ „ნამოხვანჰესელების“ დედაქალაქში „სტუმრობა“ მასშტაბურ პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზრდება და არ გამოვრიცხავ, საბოლოოდ პოლიტიკური პარტიის შექმნითაც დაგვირგვინდეს!
ძალიანაც კარგი!!!
სწორედ საზოგადოების დღემდე პოლიტიკურად გაუსვრელი ნაწილის წიაღიდან უნდა იშვას ახალი ქართული მოძრაობა, რომელიც არსებითად იქნება განსხვავებული აქამდე მოქმედი პოლიტიკური პარტიებისგან. თუმცა, დღევანდელ რეალობაში ასეთ ახალ ინიციატივას ყოველთვის ახლავს დამატებითი კითხვები, კერძოდ:
1. რამდენად მომწიფებულია ნამოხვანჰესის პროტესტენტთა არმია სერიოზული პოლიტიკური ბრძოლებისთვის, რა ინტელექტუალურ ძალას ეყრდნობა იგი, რომ მათი ქმედებები ქაოსში არ გადაიზარდოს?!
2. რა ფინანსური რესურსი დგას ამ ინიციატივის მიღმა (ბუნებრივია, დღეს ფინანსური რესურსების გარეშე სერიოზული გარღვევა წარმოუდგენელია) და რამდენად არის თანხვედრილი ეს რესურსი საქართველოს ინტერესებთან? თუ სუფთა, შიშველი ხელებით აპირებენ პოლიტიკაში მოსვლას, რომ შემდეგ საზოგადოების მორალური და ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვონ და ლელო ბოლომდე გაიტანონ?!
3. რამდენად დაუშვებს მოქმედი ხელისუფლება და ევრო-ამერიკულ-რუსულ ნოტებზე ამღერებული ე.წ. ოპოზიცია, თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკური ძალის შემოსვლას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და რამდენად არიან ისინი („ნამოხვანჰესელები“) მზად პროვოკაციების მოსაგერიებლად?!
4. გასაგებია (მეტიც, მისასალმებელია), რომ ახლოს არ იკარებენ გახრწნილ, გაკოტრებულ ე.წ. პოლიტიკოსებს, მაგრამ, თუ ისინი ორიენტაციას არ აიღებენ ინტელექტუალურ, გულანთებულ (პოლიტიკურად გაუსვრელ) თანამოქალაქეებზე, რომელთაც გააზრებული აქვთ თანამედროვე პოლიტიკის გველაძუობა და ისიც,თუ როგორ შეიძლება თანმიმდევრული ქმედებებით გარღვევა შეიტანო არსებულ პოლიტიკურ სივრცეში, ვეჭვობ, მათი ინტელექტუალურ-პოლიტიკური რესურსი საკმარისი აღმოჩნდეს ბოლომდე მართული და გაკოტრებული პოლიტიკური ძალების გვერდზე გასაჩოჩებლად!
მე ჩემის მხრივ მივესალმები და მხარს ვუჭერ ახალი, საზოგადოების წიაღიდან შობილი პოლიტიკური ძალის გამოჩენას საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ, ძალიან არ მინდა ამ სახალხო აზვირთებამ კრახი განიცადოს, როგორც ეს რამდენჯერმე მომხდარა ამ 30 წლის მანძილზე ჩვენს სინამდვილეში!
უდავოა ისიც, რომ მათ („ნამოხვანჰესელებს“) პასუხის გაცემა მოუწევთ ბევრ ლეგიტიმურ თუ არალეგიტიმურ კითხვებზეც, რისთვისაც მზად უნდა იყონ!
წარმატებებს ვუსურვებ. გამიხარდება, ქუთაისიდან მონაბერი სიო ქარიშხალში თუ გადაიზრდება და უწმინდურ პოლიტიკურ ძალებს წალ;ეკავს!!!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: