დავით ქობალია: დასჯა "დახმარების" სახელით!

დავით ქობალია: დასჯა "დახმარების" სახელით!

უკრაინაში მიმდინარე, ევრო-ამერიკულ-რუსული ავანტიურის დღეებში, არ მიფიქრია რამე დამეწერა, მაგრამ ქართული "პოლიტჭილყვავის" ყოვლად არაპოლიტიკურმა და არადიპლომატიურმა საქციელმა, უკრაინის დასაცავი და თანაგრძნობის ატმოსფერო კი არ შექმნა, არამედ სულ სხვა მიზნები რომ წარმოაჩინა, იძულებული გამხადა მივბრუნებოდი ამ თემას და 8 წლის წინანდელი, უკრაინის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედია გამეხსენებინა.

 

უკრაინაში აგორებულ, ომსაშიში მდგომარეობის ესკალაციას, მძიმე შედეგი რომ მოჰყვებოდა, კიევში "მეიდანზე" დატრიალებულ ტრაგედიამდე, რამდენიმე კვირით ადრე (2014 წელს) მივუძღვენი სტატია სათაურით: 

 

"იუგოსლავია და უკრაინა ევრო-ამერიკული დემოკრატიის მსხვერპლი".

 

თავიდანვე ცხადი იყო ჩემთვის, გარკვეულ გარემოებათა გამო, საუბარი უკრაინის მოსალოდნელ ტრაგედიაზე ვერ იქნებოდა მოსაწონი, თუნდაც ჩემი ფეის-სამეგობროსთვის, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, ცხადი სურათი მენახებინა, საქმიანი,  დაინტერესებული მკითხველისთვის და არა რომელიმე პოლიტავანტიურისტების ჯგუფისთვის მესიამოვნებინა. 

 

ამიტომ, დასაყრდენად, უცხოეთში მოგზაურობებისას და ე.წ. "ბერლინის კედლის" დანგრევის შემდეგ დაგროვილი ინფორმაცია გამოვიყენე.

 

ცხადია, ამ მასალებზე აგებული სტატია უცხო აღმოჩნდა, პუტჩისტების მიერ, ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში ანტიქართული ინფორმაციული ინექციით დავირუსებული მკითხველისთვის, რომელიც ქართულ ორღობეში, ან ქუჩაში გავარდნილი "პოლიტჭილყვავის" მონაჭორებზე აგებულ, საინტრიგნო თემებსაა მიჩვეული, ვიდრე, არსებული რეალობის სანდო წყაროზე დაყრდნობით დასურათხატებას.

 

გარდა ამისა, აქ  კიდევ ერთი დამაბრკოლებელი (ასევე, საშიშიც) მომენტი წარმოჩინდა:

 

იმ ტრაგიკული შედეგის დადგომაში, რომელსაც გასული საუკუნის 90-ათიან წლებში, ევროპის ერთერთი "აღმათაშენებული ქვეყანა იუგოსლავია" შეეწირა და აღიგავა პირისაგან მიწისა,  აშშ და ევროპა  უაპელაციო    დამნაშავედ  გამოიკვეთა.

 

გულუბრყვილო მკითხველი იკითხავს: რა შუაშია ამ საქმესთან უკრაინა?

 

უკრაინა იმ შუაშია, რომ ზუსტად იგივე სცენარით ვითარდება მოვლენები უკრაინაშიც, რაც 30 წლის წინ იუგოსლავიაში იქნა აპრობირებული, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად აშშ და ევროპა არ დაბომბავენ უკრაინას, ეს საქმე მათი პროვოცირებით, რუსეთის ხელით უნდა მოხდეს! 

 

ჩემი სტატიაც სწორედ ამ სატანისეული გეგმის პრევენციას მიეძღვნა მაშინ, 2014 წელს.

 

ცნობილია, ისტორია მეორდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საუკუნეების შემდეგ და მას უკეთესი შედეგი მოაქვს!

 

სამწუხაროდ, გული კარგს არ მიგრძნობს, რადგან იგი მოკლე დროში მეორდება, იმავე დამკვეთების ხელში, 90-იანი წლების დასაწყისში ევროპის ულამაზესი ქვეყანა "იუგოსლავია" რომ გააქრეს!

 

ეს    დამკვეთები შეცდომას არ იმეორებენ!

 

ქვემოთ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2014 წლის მაისში დაიწერა და გარკვეული შემოკლებით "საერთო გაზეთში" გამოქვეყნდა.

 

მიმაჩნია, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების გულისტკივილი, მოსალოდნელ უბედურებაზე ღიად გამოვხატე, მიიღებს თუ არა მას ჩემთვის უცნობი მკითხველი, მისი გადასაწყვეტია!

 

უფალი წყალობდეს უკრაინას და მის მშვიდობიან მოსახლეობას!

 

 

 

იუგოსლავია-უკრაინა - "ევრო-ამერიკული" დემოკრატიის მსხვერპლი!

 

(რომლის იმპორტირებასაც "ნაცმოღალატეები" და  "მეოცნებე იდიოტები" საქართველოში აპირებენ!)

 

ქართულ მედიასაშუალებებს რომ ვუყურებ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მათთვის (იშვიათი გამონაკლისის გარდა!) პრობლემის გადაწყვეტის გზების ძებნა კი არა, მორიგი პრობლემის შექმნა უფროა საინტერესო, ამიტომაც მას ივიწყებენ, ცნობილი ქართული გამოთქმით - "მე ვთქვი და აწი ჯანდაბამდი გზა ჰქონიაო!"

 

რადგანაც მე არ მივეკუთნები ასე მოფიქრალებს, ქართველთა (ჯერ-ჯერობით!) ბოლო სირცხვილს "დავით-გარეჯსაც" გავიხსენებ, როცა მაჰმადიანები გვართმევენ ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოების უმნიშვნელოვანეს კერას და ჯავახეთსაც შევეხმიანები, რომელსაც ბოლო 23 წლის მანძილზე ყველა ხელისუფლება და პარტიული პროვოკატორები მაშინ იშიშვლებენ, როცა ყურადღების მიქცევა დასჭირდებათ.

 

ამჯერად კი, სამწუხაროდ, არა ჩვენი კარის მეზობელი ქვეყნის, მაგრამ ჩვენდამი მუდამ კეთილგანწყობილი უკრაინის ტრაგიკულ მომავალზე მოგახსენებთ, რომელიც 24 წლის წინ იუგოსლავიაში განხორციელდა. 

 

...ბერლინის კედლის დანრევამდე რამდენჯერმე ვიყავი იუგოსლავიაში. მანამდე კი მოვლილი მქონდა გფრ, ავსტრია და შვეიცარია. რა თქმა უნდა, ამას არ გავიხსენებდი, რომ არა დღეს, უკრაინაში მიმდინარე ტრაგედია, როცა - ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის, ვიდრე იგი იუგოსლავიასავით რამდენიმე ნაწილად დაქუცმაცდებოდეს, რომლებსაც მერე სახელმწიფოებს დაარქმევენ და ამერიკა და ევროგაერთიანება მათი განვითარება-აღმშენებლობისთვის მილიონებს გამოყოფენ!..

 

დიახ, ვინც, რაც უნდა ის თქვას - მე მაინც იუგოსლავიას მივუბრუნდები, სადაც ბერლინის კედლის დანგრევამდე რამდენჯერმე ვიყავი, და აი რატომ:

 

როცა, ევროპის ოთხი ქვეყანა -  1. გფრ, 2. ავსტრია, 3. შვეიცარია, 4. იუგოსლავია, მოვლილი მქონდა, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა - დროს უკან დავატრიალებ, ზემოთხსენებული თანმიმდევრობით შემოგთავაზებთ ოთხ ქვეყანაში მოგზაურობას, ისე, რომ არ გეცოდინება რომელ ქვეყანაში იყავი და ამის შემდეგ გადაწყვიტე სად ისურვებდი ცხოვრებას, დაასახელე ქვეყნის ნომერიო! დაუფიქრებლად დავასახელებდი ქვეყანას მეოთხე ნომრით, რადგან იგი პირველი სამივით მოვლილი იყო, მაგრამ მათ, გულღია, დაუძაბავი მოსახლეობით და მაშინ, ჯერ კიდევ ბოლომდე ხელშეუხებელი ბუნებრივი სილამაზით სჯობდა.

 

...როდესაც, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ნგრევისას, "ამერიკული დემოკრატიის" ლოზუნგით, "ბებერი ევროპა" თავისსავე ნაწილს მიადგა ცეცხლით და მახვილით და ნანგრევებად აქცია იგი, მაშინ გამიჩნდა პირველი, სერიოზული ეჭვი, რომ - "ევრო-ამერიკული  დემოკრატია" შორიდან პროგრესული ჩანდა, მაგრამ ახლოს რომ მივედი (კახელი მიხოს თქმისა არ იყოს), ყველა მასზე სუსტს ანგრევდა და რყვნიდა ფიზიკურად და სულიერად, ძლიერს კი მანამდე იმეგობრებდა, სანამ შესაფერის მომენტს მოუხელთებდა და ძირს გამოუთხრიდა!

 

-ასე წარმოიშვა, ყოფილი, აღმათაშენებული იუგოსლავიის ტერიტორიაზე, როგორც ქართულ "ვიკიპედია"-შია განმარტებული:

 

"1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეთნიკური კონფლიქტების შედეგად ეს ფედერაციული გაერთიანება 5 სხვადასხვა სახელმწიფოდ დაიშალა და იმისდა მიხედვით, თუ დღეს ვინ, ან როგორ (რა კრიტერიუმით) დათვლის ამ სახელმწიფოებს, შეიძლება 6, ან 8 სახელმწიფო მივიღოთ. ესენია: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, მონტენეგრო, სერბია და კიდევ 2 ავტონომიური პროვინცია: კოსოვო და ვოევოდინა."

 

...შარშანდელი სექტემბერ-ოქტომბერი გერმანიაში გავატარე. ბატონი ოთარ ფაცაცია სტუმრობდა ჩვენს საერთო მეგობარს, დოქტორ ჰერბერტ ვიდენს, ნორდრაინ-ვესტფალიაში და ორი კვირა იქ დავყავით. 

 

ერთ საღამოს, რაინის თვალუწვდენელი ვენახის ზვრების დათვალიერების შემდეგ, კიოლნის "ალტშტადტ"-ის სასტუმროს ფოიეში ტელევიზორს შევავლეთ თვალი. ინგლისელი "საპიორები"-ს საგმირო საქმეებზე ჰყვებოდა ტელეწამყვანი, რომელთაც ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიის განნაღმვა ჰქონდათ დავალებული და სიამაყით გვაჩვენებდა გახარებულ ინგლისელ სამხედრო ოფიცერს, რომელიც ტელემაყურებელს მოუთხრობდა - "ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ოცი ათასამდე აუფეთქებელი ბომბი ყრია, რომელთა გაუუვნებელყოფას 10-15 წელიწადი დასჭირდება!.. გულდაწყვეტილია, რომ ხუთ წელიწადში პენსიაზე გავა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ერთგულ არმიაში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამ "ჰუმანიტარულ" აქციას სასახელოდ გააგრძელებენ!"

 

იმ წამს, წლების განმავლობაში, ენგურის პერიმეტრზე მოძრავი ცისფეჩაფხუტიანი "მშვიდობის მტრედები" დამიდგა თვალწინ და მივხვდი - "ევრო-ამერიკული დემოკრატია ხანგრძლივ სამუშაო ადგილებს ჰქმნის" იმ ქვეყნებში, რომლებსაც "დემოკრატიის" სახელით ბომბავს!

 

სხვებთან ერთად, ყოფილი იუგოსლავია, საგანგებო გულმოდგინებით იბომბებოდა დიდი ბრიტანეთის "დედოფლის ერთგული" ავიაციის მიერ!..

 

...როცა, უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ჩემდა უნებურად, ყურადღება, მომიტინგეთა რაოდენობას მივაქციე - მათი რიცხვი ოცდაათ ათასს არასოდეს გაცდენია. მაშინვე დამაეჭვა დემონსტრანტების სიმცირემ და ფეისბუკზე გამოვაქვეყნე - "ამდენ დემონსტრანტს, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ნებისმიერი, კომუნისტების წინააღმდეგ მეპროტესტე ქართველი ლიდერი, სამ დასტვენაზე თბილისის ნებისმიერ უბანში გამოიყვანდა!.."

 

ამიტომ იყო ჩემთვის საეჭვო, კიევის მიტინგების, უკრაინულ, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასთან წილნაყრობა!.. 

 

ყოველივე ამას - საკუთარი სამშობლოს მაოხარი მიშა-შეურაცხადი და მისი მსტოვართა კრებული რომ დაემატა, ჩემთვის ნათელი გახდა, თუ ვინ და საითკენ უბიძგებდა გაურკვეველ ვითარებაში მოხვედრილ უკრაინას და მის მოსახლეობას.

 

მე მაშინ დავწერე და ახლაც ვიმეორებ - როგორ უნდა გძულდეს უკრაინა და უკრაინელი ხალხი, მათ რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებისკენ უბიძგო და აგულიანო - მე შენს გვერდით ვდგავარო!

 

ამ საკითხს სხვა დროს მივუბრუნდეთ.

 

...ამასობაში უკრაინის დაშლა-დაქუცმაცებაც დაიწყო - ყირიმმა მშვიდობით დატოვა "სამშობლო", ჯერი სხვა კუთხეებზეა! ისღა დაგვრჩენია, ვისაც უკრაინელთა სისხლის დაღვრა არ გვსურს, უნდა ვილოცოთ - თუ დასაშლელია უსისხლოდ დაიშალოს მაინც, ერთ დროს, უმდიდრესი და ულამაზესი უკრაინა!

 

სამწუხაროა, მაგრამ ეს გადაწყვეტილია! 

 

საკითხავი ის არის - სად და ვის ეტენება საქართველო? ყურს ხომ არ გჭრით გამუდმებით, ლამის ხვეწნამდე მისული - "რუსეთი უკრაინის შემდეგ საქართველოს მიადგებაო!!!"

 

-ხომ არ გავს ეს - "ცხენს ჭედავდნენ და კუმ ფეხი გამოჰყო - მეც ერთი ნალი დამაკარითო?!."

 

-რატომ ვეტენებით იქ, სადაც ჩვენი ადგილი არ არის?

 

-იმიტომ ხომ არა - მიშა შეურაცხადს ძვრა ვერ უყო ახალმა ხელისუფლებამ და ის ნაძირალა, მისნაირ ევრო-ამერიკელ მეპატრონეთა მიერ გარდასულ დღეთა, საერთო ცოდვების გამო "ბრონირებული" ხელშეუხებლად გამოცხადდა?!.

 

-თუ ეს ასეა, საქართველოს დღევანდელი მთავრობისგან ვინმეს უნდა ეყოს გამბედაობა და თქვას, რომ ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვს "თავისუფალ საქართველოში", სადაც უამრავი ქვეყნის საიდუმლო სამსახური მუშაობს და ნაკლებად თუ გვეკითხებიან რა და როგორ უნდა მოეწყოს ქვეყანაშიო.

 

...ერთი ვაი უშველებელი ატყდა ამ რამდენიმე კვირის წინ - გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ საქართველოშიო!!!

-მე რაა, რომ ჩამოვიდნენ? რა ჩამოიტანეს?

 

დროს ნუ დავკარგავთ, არცერთს არაფერი ჩამოუტანია. ორივე, უკრაინაში ჩასვრილი უკანალის გასამშრალებლად ჩამოვიდა საქართველოში!

 

...გერმანელებს ბევრი კარგი ჩვევა აქვთ, რომელთა სწავლა ქართველებს ნამდვილად არ გვაწყენდა, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ამჯერად ამ სანიმუშო ერის, ერთ, ასევე მნიშვნელოვან, ოღონდ ცუდ ჩვევაზე მინდა მოგახსენოთ - გერმანელებს აქვთ ასეთი გამოთქმა „Tut mir Leid!" რაც ქართულად - "მაპატიეთ, გულს მტკენს!" ნიშნავს. 

 

თითქოს არაფერია აქ არაჩვეულებრივი, თუ აქ გავჩერდით, მაგრამ თუ ჩავეძიებით, როდის ხმარობენ გერმანელები უმეტესწილად ამ გამოთქმას, მაშინ მივხვდებით, რომ ასე მარტივად არ არის საქმე!

 

ძირითადად, როცა გერმანელი უცხოელ პარტნიორთან აკეთებს ერთობლივ საქმეს და მისი გამოისობით საქმე ჩაიშალა და ზარალი დადგა, იგი იმწამსვე მზად არის გითხრას „Tut mir Leid!" და ამითი არა მარტო ფინანსურად, არამედ მორალურადაც თავისუფლად გამოაცხადოს თავი! თუ შეეწინააღმდეგე, იმწამსვე სასამართლოსკენ მიგითითებს, სადაც ვერასოდეს მოუგებ ადგილობრივს (მალე ვრცელ წერილს შევთავაზებ მკითხველს ამ თემაზე), რადგან იგი გერმანელია!

 

სიტყვას მოჰყვა და ერთხელ, მაინის ფრანკფურტში, 70-იან წლებში, მოსკოვიდან გადმოსახლებულმა გერმანელმა ებრაელმა ამიხსნა ამ გამოთქმის მნიშვნელობა - "დავით, გერმანელმა თუ გითხრა „Tut mir Leid!" არ იფიქრო, რომ მან მოგიბოდიშა - არავითარ შემთხვევაში, მან ამ გამოთქმით მოიხსნა პასუხისმგებლობა და გითხრა, რუსულად რომ ხშირად გსმენია "იდი ნა..იო!"

 

ასე, რომ, გერმანელებს და ევროგერთიანებას (ამერიკელებთან ერთად) არ მოერიდებათ (სამწუხაროდ, ეს მალე მოხდება!), მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მოუთავებენ უკრაინას საქმეს, უკრაინელებს ქვეყნის გასაგონად უთხრან - „Tut mir Leid"-ო!

 

რატომ ჰგონიათ ქართველების ნაწილს, ევრო-ამერიკელების მიერ, რუსეთის წინააღმდეგ წაქეზებულმა უკრაინამ, რამდენიმე დღეში, თითქმის საქართველოს ხელა ტერიტორია რომ დაკარგა და კრინტი არ დაუძრავთ, საქართველოსთვის მოიკლავს თავს ევროპა და ამერიკა?

 

რა თქვეს ევროგაერთიანებამ და ამერიკელებმა ყირიმის უსიტყვოდ გაუჩინარებაზე? 

რა და - რაც მოხდა „Tut mir Leid"-ო!.. ანუ, რუსულად რომ ვთქვათ "იდი ნა..იო!"

 

თუ მეხსიერება არ გვღალატობს - ამ სიტყვებით, გაცილებით ადრე, ჩვენ, ქართველები შეგვამკეს "ევრო-ამერიკელებმა", 2008 წლის ე.წ. ომის შემდეგ, როცა სასმელი წყლით და პამპერსებით სავსე გემები მოგვაყენეს, ისედაც წყალწაღებულ ქვეყანას.

 

-ასეთია "ევრო-ამერიკული" თანადგომა გაჭირვების ჟამს!

 

...ის 17 მილიონი ევრო (2008 წლის ომის დღეებში), რომელიც მგონი საფრანგეთის ლგბტ პრეზიდენტმა რომ გაიმეტა, მხოლოდ "კიკუსთვისაა დიდი ფული", თორემ თავმოყვარე და უძველესი ისტორიის და ტრადიციის მიმდევარმა საბერძნეთმა, როცა ქვეყნის სახელსა და პრესტიჟზე მიდგა საქმე, ორას მილიარდზე თქვა უარი და ევროგაერთიანებას ბოდიშები ახდევინა და ახვეწნინა - ოღონდ, მიიღეთ ბატონო ეს ფული და ხმას არ ამოვიღებთო!!!

 

...იქნებ იმაზეც დავფიქრდეთ - როდის და რომელ ევროგაერთიანებაში აპირებს საქართველო შესვლას?

 

ამ წერილს ვწერ და ფეისბუკზე ახალი ინფორმაციის მოსვლა მანიშნა კომპიუტერმა. რომან გოცირიძე საუბრობს სს "ივერიონში"  სწორედ ამ თემაზე - "ევროკავშირის წევრი შეიძლება გავხდეთ 10 ან 20 წლის შემდეგ ან კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში. ეს არაა ახლა მთავარი..." 

 

ბატონ რომანს მოგვიანებით გავცემ პასუხს მის მოკლე ინტერვიუში უამრავ ანტიქართულ მინიშნებებზე. ამჯერად, მარტო ამ გამონათქვამს შევეხები - ვერ დაგეთანხმებით ბატონო რომან, სწორედ "ახლაა მთავარი" განგაშის ატეხვა, უსაძირკვლო, უბალავერო ევროგაერთიანებაში საქართველოს 10 ან 20 წლის შემდგომი პერსპექტივით შესვლის და უკიდეგანო ვალდებულებების (რაზედაც წარმოდგენა არ აქვს მის მოსახლეობას!), ისედაც ქედდამძიმებული ქვეყნისთვის აკიდების გამო!

 

მე, დიდი ხნის წინ გამოვაქვეყნე, ერთ საგაზეთო წერილში:

 

-საქართველოს ევრო გაერთიანებაში შესვლის დაჟინებული სურვილი გენიალური ქართული ფილმის "ცისფერი მთები"-ს ფინალს მაგონებს, როცა საძირკველ მორყეული, მოზანზარე შენობიდან თავის დასაღწევად ერთმანეთზე გადადიან ადამიანები და ერთ-ერთი პერსონაჟი უკან შებრუნდება "ქუდი დამრჩაო!"

 

ერთი გამაგებინეთ - საქართველოს რომელი ქუდი დარჩა იქ, სადაც იგი არასოდეს ყოფილა?

 

ევროგაერთიანების თავკაცები გარკვევით და დაუფარავად გვეუბნებიან, რომ - ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ევროგაერთიანების წევრი, თქვენ საიდან მოგაქვთ ეს 10-20 წლიანი პერსპექტივა?

 

იქნებ ისიც არ გსმენიათ, რომ კარგა ხანია ევროგაერთიანების მოსალოდნელ დაშლაზე სერიოზული საუბარი მიდის იმავე ევროგაერთიანებაში?

 

კინაღამ წამომცდა - "ნეტარ არიან მორწმუნენი", მაგრამ გამახსენდა თქვენი დამოკიდებულება ეკლესია და რწმენისადმი და უკან მიმაქვს იგი!

 

...და ბოლოს, ისევ უკრაინას დავუბრუნდები. წლების განმავლობაში დაშლიგინებდა უკრაინაში მიშა-შეურაცხადი და მისი ჭილყვავი. არცერთხელ, არავის უხსენებია ქართველთა და უკრაინელთა საუკუნეების წინანდელი ურთიერთობების შესახებ. არცერთ მათგანს არ გაუხედია კიევ-პეჩორის სამონასტრო კომპლექსისკენ, რომლის აშენება-მოხატვაში ქართველი ოსტატებიც მონაწილეობდნენ. არაფერი შეგვეშალოს, არა იმიტომ, რომ არავინ იცოდა ამის შესახებ, არა ბატონებო, რწმენა და ტრადიცია კი არ უნდა შეეხსენებინათ უკრაინელთათვის, პირიქით, სწორედ იგი უნდა დაევიწყებინათ, რომ დღევანდელი დღე დადგომოდათ!

 

ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რაც არ უნდა მოხდეს რუსეთ-უკრაინას შორის - გაივლის წლები (შესაძლოა უფრო მალეც!), გარედან შემოთესლილ ყველა სარეველას მოიცილებენ და ისინი მაინც შერიგდებიან,  რადგან ერთი ძირიდან არიან ამოხეთქილი!

 

ამიტომ - ქართველებს იმდენი წინდახედულება მაინც უნდა გვქონდეს, რომ სხვისი ჭირისუფლობა, მით უმეტეს, როცა იგი იმ სხვას არ სჭირდება, საკუთარი ქვეყნის საზიანოდ არ ვაქციოთ!

 

დავით ქობალია,

2014 წ. მიუნხენი, გფრ

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: