Iverioni
«    იანვარი 2023    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
19-09-2022, 12:04
ნანახია: 476

შემოქმედებით ოკეანეში, „ცურვის“ შესწავლის გარეშე!

 ორიოდე დღის წინ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ახალგაზრდა რომანისტის, მარი სუმბაძის წიგნის: „და მერე... ყოველდღე მზეს გადავისხამ ძარღვებში“ პრეზენტაცია.

შეიძლება გულწრფელად ითქვას, რომ ეს იყო ნამდვილი შემოქმედებითი ზეიმი - დაწყებული ავტორის მიმართ გამოხატული სიყვარულითა და უზადო პატივისცემით, ასევე, იმის ხაზგასმითაც, თუ როგორ „გაბედა“ ახალგაზრდა გოგომ „ცურვის“ შესწავლის გარეშე, შემოქმედებით ოკეანეში გადახტომა და ასეთი არაჩვეულებრივი რომანის გამოძერწვა!

იმის გამო, რომ ავტორი დროებით ემიგრაციაშია, საფრანგეთიდან სკაიპით ჩაგვერთო და სასიამოვნო შეფასებებს შორიდან ისმენდა.

გთავაზობთ ლიტერატორ თამარ სვანიძის რეცენზიას აღნიშნულ რომანთან დაკავშირებით, რომელიც მან პრეზენტაციაზე გაასაჯაროვა წარმოადგინა.

 


 

„და მერე... ყოველდღე მზეს გადავისხამ ძარღვებში...“

 

ცნობილია, რომ ნებისმიერი ლიტერატორი ყოველი ავტორის შემოქმედების განხილვისას, როგორც წესი, აღნიშნავს იმ საერთო ღირებულებებს, რაც ავტორს სხვა შემოქმედებთან აკავშირებს, ამავე დროს, ყურადღებას ამახვილებს იმ სპეციფიკაზე, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ავტორისთვისაა დამახასიათებელი. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება შემეცნების საზღვრების დადგენას და ნაწარმოების სიდიდადის თუ მოჩვენებითობის წარმოჩენას.

ნებისმიერი ნაწარმოების ავ-კარგს ის ფაქტორი განსაზღვრავს, თუ რამდენად ღირებული გახლავთ მასში წამოჭრილი საჭირბოროტო საკითხები, რამდენად ნამდვილი არიან მასში აღწერილი გმირები და როგორ უდგება ავტორი თითოეული მათგანის პიროვნულ თავისებურებას. ამის მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ, გაუძლებს თუ არა კონკრეტული ნაწარმოები ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა: დრო და ევოლუცია.

დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი ახალგაზრდა შემოქმედია, მეტიც, წინამდებარე ნაწარმოები მისი პირველი ლიტერატურული ნამუშევარია და შესაბამისად, ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსასვლელ, ერთგვარ სავიზიტო ბარათსაც წარმოადგენს.

შევეცდები მიმოვიხილო ნაწარმოები და მკითხველის წინაშე მისი სუსტი და ძლიერი მხარეები წამოვაჩინო.

უპირველესად აღსანიშნავია, რომ რომანი განსხვავებულ ჟანრს მიეკუთვნება და ერთგვარ ახალ სიტყვას წარმოადგენს ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორი დებიუტანტია, რომანი თამამადაა დაწერილი. იგი შეკრული და გამართულია. მისი ლიტერატურულ-ესთეტიკური მნიშვნელობა მარტო ერთი თემით არ შემოიფარგლება. იგი მრავალ საჭირბოროტო საკითხს მიმოიხილავს და ამ საკითხების მიზან-შედეგობრივ კავშირსაც წარმოადგენს.

ავტორის აზრით, ეს ის საკითხებია, რომლებიც აქტუალურია ნებისმიერ დროსა და ეპოქაში და მათი შეცვლა ან გადაკეთება შეუძლებელია!

ავტორი გვეუბნება, რომ არსებობს მარადიული თემები, როგორიცაა: ღირსება, პირდაპირობა, ერთგულება, სიყვარული და ისინი ყოველთვის პირველ ადგილზე იქნებიან ადამიანების ცნობიერებაში.

ნაწარმოების იდეა ერთგვარ „ობიექტური იდეალიზმის“ მანიფესტს ემყარება. მასში სრულიად განსხვავებული სამყაროა აღწერილი. ეს სამყაროები სრულიად განსხვავებულები არიან, მაგრამ ერთმანეთის გვერდით არსებობენ და ერთმანეთს ავსებენ. ხანდახან ძნელი გასარჩევიც კი არის, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე. აქ დომინირებს იდეა, რომ სული პირველია, ხოლო მატერია მეორე და როცა მატერია უძლურდება, სულმა უნდა იპოვოს ძალა და მას სინათლისკენ წარუძღვეს.

საერთოდ, ევროპული სტილის ნაწარმოებებისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო ბიპოლარული მცნებების დომინირება, სადაც ორი სრულიად საპირისპირო ბუნების წარმოჩენის ფონზე ისმებოდა ყოფიერების რაობის საკითხები. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ახლად აღმოჩენილმა ბერძნულმა ფილოსოფიამ და აღმოსავლური თავისუფალი აზროვნების შემოდინებამ, ერთგვარი გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის ცნობიერებაში და შვა ბუმბერაზ ადამიანთა ეპოქა. ეს იყო პროგრესული გადატრიალება სავსე გზნებით, აზრის სიძლიერით და გამორჩეული ინდივიდუალიზმი.

ამას მოჰყვა უამრავი აღმოჩენა, რომელმაც კაცობრიობის განვითარება უმაღლეს მწვერვალამდე მიიყვანა.

ადამიანს მიეცა არნახული შესაძლებლობები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისთვის მტკივნეულ, ყველაზე ძლიერ კითხვებზე, როგორიცაა: სიკვდილი და სიცოცხლე, მარადიულობა და წუთიერება, ისევ იმდენი იცის, როგორც თავის განვითარების გარიჟრაჟზე იცოდა!

კაცობრიობა დაფიქრდა და გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო რაღაც ახალი მიმართულების მიგნება და საკუთარი ბუნების კვლევით დაკავება.

წინამდებარე რომანიც ამ ხასიათისაა, იგი სრულიად თავისუფალია ყოველგვარი უხერხულობებისგან და ღიად გვესაუბრება მთავარი გმირის შინაგან ხასიათზე, მის იმედგაცრუებაზე, ტკივილზე. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირი ყველაფრით უზრუნველყოფილი, წარმატებული ახალგაზრდა ქალია, მას დაკარგული აქვს ცხოვრების ინტერესი და შინაგანად კვდება.

თხრობა ლაღია და დინამიური, ემოცია დამაჯერებელი, სტილი სადა.

ავტორი იყენებს სხვადასხვა ლიტერატურულ ფორმებს: ასოციაციას კონტრასტებს, ანალოგიებს, მეტაფორებს, ამასთანავე, როგორც ყველა მეტაფორულ თხრობას, მის რომანსაც გამოცანის ფორმა აქვს და მკითხველს უტოვებს შესაძლებლობას მისთვის საინტერესო საკითხებს თავად გასცეს პასუხი.

ამბავი რეალობასა და წარმოსახვას შორის ვითარდება. გმირი ეპოქის განზოგადებული სახეა.

როგორც ყველა ჩვენი დროის ახალგაზრდა, ისიც მოშვებულია და მოდუნებული, ამიტომ გამოსავალს ვეღარ პოულობს, სწორედ ამ დროს ირთვება ქვეცნობიერი და სული გადარჩენის მისიას საკუთარ თავზე იღებს.

საინტერესო ისაა, რომ ქვეცნობიერი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მატერია, მას ძალა შესწევს გზა გაიკვალოს ნებისმიერ უკუნში და უკან მოსაბრუნებელი გზაც იპოვოს! იგი პარალელურ სამყაროში მოგზაურობს და ჭეშმარიტების შეცნობის გზას ეძებს. აქ აღმოაჩენს, რომ ბოროტება და სიკეთე ერთმანეთს ენაცვლებიან და შენი გადასაწყვეტია, რომელ მათგანს გაყვები და საით აიღებ გეზს!

საინტერესოა ავტორის მოსაზრება ადამიანის, პიროვნების ილუზიური ხასიათზე. მისი აზრით, თვალით დანახული და ყურით მოსმენილი შეიძლება ძალიან ხშირად გატყუებდეს და მხოლოდ გულს შეუძლია გვამცნოს სიმართლე.

რომანში ჩვენი ეპოქის სოციალურ ასპექტებზეცაა გამახვილებული ყურადღება. ნაჩვენებია სისტემის რღვევის და დეგრადაციის პროცესი. აღნიშნულია, რომ ძალაუფლებას ხშირად მხეცური ბუნების ადამიანები არიან ამოფარებული. სწავლის ხელმძღვანელები კი ალქიმიითა და გაურკვეველი ცნებებით არიან გატაცებული და არა ღვთიური სწავლებით. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ დღევანდელი კანონები ცუდს იცავენ და არა კარგს!

რომანის ავ-კარგზე კიდევ ბევრი საუბარი შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ აქ შევწყვეტთ მიმოხილვას და დანარჩენი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მკითხველს მივანდობთ.

ჩვენი აზრით, წიგნი მკითხველთა დიდ ინტერესს გამოიწვევს და თავის ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ ლიტერატურაში.