Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
27-11-2012, 19:49
ნანახია: 3619

ბატონო ბიძინა, დაჭერებთან ერთად ხალხს პურიც სჭირდება და არ უნდა მოანატროთ!

გაქვთ თუ არა სამართლიანობის განცდა ახალი ხელისუფლების პირობებში? ამ კითხვას ჩვენი საიტის მკითხველთა თითქმის 71-მა პროცენტმა დადებითად უპასუხა, 23 პროცენტს ეს განცდა არ შექმნია, ხოლო დანარჩენს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.


ახლა საკითხი ასე დგას: ეს მართლაც რეალური განცდაა, თუ წინა ხელისუფლების უსამართლო მმართველობის მეთოდებიდან თავის დაღწევა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს სამართლიანობის აღდგენად მიაჩნია? ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას, მართლაც, დაჰპირდა ამომრჩევლს და ამ დრომდე ამ დაპირებას სხვადასხვა მაღალჩინოსანთა დაპატიმრებებით ასრულებს. ამის მიხედვით, ძნელია განსაზღვრო, ეს ის არის, რასაც ველოდით თუ არა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, როგორც ჩანს, საზოგადოების მოლოდინი, ჯერჯერობით, მართლდება!


ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სამართალს ის სასამართლო აღავლენს, რომელიც წინა ხელისუფლების მსახური იყო და საზოგადოებას მისი უსამართლო სამართლის მიმართ ყოველთვის სამართლიანი პრეტენზიები ჰქონდა. შეიცვალა ხელისუფლება და ახლა ეს სასამართლო სამართლიანად სჯის?! რა გამოდის, სასამართლო მოცემულ მომენტში ემსახურება არსებულ ხელისუფლებას და არა სამართალს? პასუხი მარტივია: დიახ, ქართულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ ხელისუფლების ერთგულია და არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ხელისუფლების. როდის იყო სასამართლო სამართლიანი: მაშინ, როდესაც მავანის ინტერესების გამო ადამიანებს ახალაიასა და ადეიშვილის მიერ შექმნილ საპატიმრო ჯურღმულებში აგზავნიდა, თუ ახლა, როცა ამ უსამართლობის შემქმნელ ახალაიას უსჯის სასჯელს? თუ ახლა, და ჩვენი მოსახლეობის უმეტესობაც ასე მიიჩნევს, მაშინ წინა ხელისფულების მმართველობისას უსამართლო განაჩენები გამოუტანიათ და თავად უსამართლობის ჩამდენი სტრუქტურის მიერ ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიმართ აღვლენილი სამართალი რაღაც დამაჯერებელი ვერ არის. არადა, სასამართლო სისტემის სრულყოფილება ყველა დემოკრატიული სახემწიფოს ცივილიზებულობის ბარომეტრია.


თუმცა ხალხს ეს ნაკლებად აინტერესებს. მთავარია, თავად ამ ხელისუფლებას რამდენად სურს და აქვს გათავისებული ვალდებულება, რომ შექმნას და დაამკვიდროს ამ ქვეყანაში სამართალი? როდესაც ქვეყანაში იმიჯშელახული სასამართლოა, რომელიც იცი, რომ ნებისმიერ მცდელობას "გაგიპრავებს", ორმაგად მართებს ხელისუფლებას საქმის სასამართლომდე მიტანამდე სამართლიანად განსაზღვროს საკუთარი თუ სხვათა ქმედება. უნდა შეძლო, რომ სასამართლოს მიღმაც შექმნა ისეთი პირობა, რომელიც ადამიანს დაარწმუნებს, რომ ამქვეყნად სამართლის პოვნა პრობლემა არ არის.


იუსტიციის სამინისტროს რიგი საკანონმდებლო ცვლილებები სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობის ნიმუშად შეიძლება განვიხილოთ. არათუ მცდელობა, პირდაპირ საზოგადოების კანონიერი მოთხოვნა იყო, პასუხი ეგოთ იმ ჩინოვნიკებს, რომელთაც წინა ხელისუფლების პერიოდში დანაშაული ჩაიდინეს. ასეც მოხდა და კიდევ ხდება, თუმცა, რაღაც დამაჯერებლობა მაინც აკლია ამ სამართალს. არადა, კანონი და სამართალი სწორედ ის არის, წყალი რომ არ უნდა გაუვიდეს.


აქ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: აბა, რა უნდა ქნას ახალმა ხელისუფლებამ? 


ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი წერს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თავისუფლება ვიგრძენითო. მეც მგონია, რომ უმთავრესი, რაც ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვა, რაღაცისგან გათავისუფლებაა, თავისუფლება კი ყველაზე დიდი მონაპოვარია! თუმცა ამ მონაპოვარს ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა და შენარჩუნება!


ყველა ხელისუფალს, ან თითქმის ყველას, მართვის სადავეების ხელში აღების შემდეგ ბუნებრივად უჩნდება მასის დამორჩილებისა და საზოგადოების მართვის მოთხოვნილება.  სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც ჩვენი ახალი ხელისუფლება აღმოჩნდება და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ მოთხოვნილებისადმი სწრაფვის ნიშნები უკვე იკვეთება. მაგალითისთვის, "ტელეიმედის" მეპატრონისთვის დაბრუნება კი არის სამართლის აღდგენა, მაგრამ ბუნდოვანია ივანიშვილის განცხადება, როცა ამბობს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ან "მე-9 არხის" ტექნიკას ვუბოძებ, ან "მე-9 არხს" გადავაკეთებ საზოგადოებრივ მაუწყებლადო. ვითომ, საზოგადოების ინფორმირების სრულყოფის მიზნით, ბატონო ბიძინა? ასეთი განცხადებები, როგორი გულწრფელიც უნდა იყოს, იგი ხომ ლოგიკურად აჩენს საზოგადოებაში იმის განცდას, რომ ახალი ხელისუფლებაც მედიაზე ზეგავლენის მოპოვებას ცდილობს? ეს მცდელობა, გარდა იმისა, რომ უსამართლო განზრახვაში ჩაგეთვლებათ, იმის განცდასაც დაამკვიდრებს საზოგადოებაში, რომ ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, რადგან თუ ყველაფერს ისევ ერთის ხელი მართავს, ერთის ყური უსმენს, ერთის თვალი ხედავს და ერთის ნება იმორჩილებს, მაშინ ის სამართლიანობის განცდაც გაქრება, რომელიც ასე თუ ისე, ამ ხალხს ამდენი წლის შემდეგ მხოლოდ თქვენ ერთმა დაუბრუნეთ?  მაგრამ ახლა სხვა რეალობაა – ახლა უკვე ხელისუფალი ხართ, ანუ საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან ერთად კოლექტიური პასუხისმგებლობა დაგეკისრათ, ამიტომ მხოლოდ ერთი ვერ გადაწყვეტს ამ ხალხისა და ამ ქვეყნის ბედს! თუ რატომ, ამის ახსნას აქ არ ვაპირებ, უბრალოდ შეგახსენებთ: თქვენმა წინამორბედმა ეს რომ მოინდომა, ამიტომაც დარჩა უმცირესობაში. იმედია, ქართველი ხალხი არ მოისურვებს ვადაზე ადრე თქვენი და თქვენი გუნდის უმცირესობაში ნახვას ან უარეს შემთხვევაში, ამას  9-10 წელი დაელოდოს.


მხოლოდ ტიტრებიანი ფილმების გაქრობა ტელეეთერიდან ვერაფერი მიღწევა და შეღავათია. სანახაობასთან ერთად ხალხს პურიც სჭირდება და წინა ხელისუფლების პირობებში ეს პური რომ ჭირდა, იმიტომაც დაგიჭირათ ამ ხალხმა მხარი, თორემ სანახაობას მიშაზე უკეთ რომ ვერ შესთავაზებთ, ეს მაინც აღიარეთ! ამ საქმეში ჩვენი პრეზიდენტის არც ფანტაზიასა და არც გულუხვობას საზღვარი არ ჰქონდა და აქვს. თუმცა მაინც კარგია, მის ამ ფანტაზიას (პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს) ფრთები რომ შეაკვეცეთ, ეს ხალხმა სამართლიანობის აღდგენის მცდელობად ჩაგითვალათ და მიღწევათა აქტივში ჩაგიწერათ, მაგრამ არ არის საკმარისი. რა ვიცი, გულწრფელობა თუ რაიმე შეღავათია, მაშინ იქნებ ამის გამო მაინც გეპატიოთ ის ტყუილი, რითაც ამომრჩეველი არჩვენებზე შეიყოლიეთ და მიიმხრეთ. თქვენ ერთი რამ ძალიან კარგად იცით: ამას რომც არ დაჰპირებოდით, მაინც თქვენ მოგცემდნენ ხმას, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეთ?!


ისევ დაპატიმრებებს რომ დავუბრუნდეთ. წინა უსამართლო ხელისუფლების მოღვაწეობამ უამრავ ჩინოვნიკს გაუფორმა საშვი ციხისკენ. თქვენ ამის აღსრულება დაიწყეთ მხოლოდ. ახლა ხალხი ამას გაგებით ეკიდება და კმაყოფილიც კია იმ დაპატიმრებათა სერიით, რაც ვიხილეთ. თუმცა მაინც რაღაც უნდა შეცვალოთ, უპირველესად მყიფე ბრალდებები _ საფუძვლიანით, საზოგადოდ დაპატიმრებები _ რეალური საქმითა და შედეგით, რითაც ხალხი იხეირებს და საკუთარ ცხოვრებას გაიუმჯობესებს.


ასე რომ, ეცადეთ, ბატონო ბიძინა, შეარგოთ ამ ხალხს თქვენი წყალობით მიღებული თავისუფლება და თუ ამ თავისუფლებას სამართლიანობის რეალურ განცდასაც მოაყოლებთ, ჩათვალეთ, რომ პოზიტიური კუთხით შემორჩებით ამ ქვეყნის ისტორიას!


თეა ბარამაშვილი