„ეროვნული ბანკის“ თანამშრომლები ივანიშვილისგან სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ

„ეროვნული ბანკის“ თანამშრომლები ივანიშვილისგან სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ

„ეროვნული ბანკის“ ყოფილი თანამშრომლები სამართლიანობის აღდგენას და სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ.


ამის შესახებ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.


მათ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგენკოსა და სხვა სახელისუფლებო პირებს მიმართეს.


„2008 წლის პირველ ივლისს ქვეყნის ერთ-ერთი საფინანსო ინსტიტუტიდან - საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ყოველგვარი პროცედურლი ნორმების დარღვევითა და ახსნა განმარტების გარეშე, მოხდა თანამშრომელთა  ძირითადი ბირთვის დათხოვა. ორშაბათს სამსახურში მისულ თანამშრომლებს შესასვლელი პოლიციის კორდონის მიერ გადაკეტილი დახვდათ. მათი ინფორმაციით, სამსახურიდან დათხოვის ბრძანებას ხელი მოაწერა „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა, ანუ იურიდიულად არაუფლებამოსილმა პირმა“, - ნათქვამია განცხადებაში.


როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი მაკა ბასიშვილი აცხადებს, 2008 წელს რამდენიმე ინსტანციაში  სარჩელი შეიტანეს, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია. „მეტიც, „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა ცრუ განცხადება, რომ დათხოვილმა თანამშრომლებმა კომპენსაციის სახით  30 000 ლარის ოდენობის თანხა მიიღეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება! ამის შემდეგ განხორციელდა ბანკის მთელი ინფრასტრუქტურის მოშლა. მთელი ეს რეორგანიზაცია მიმართული იყო უმაღლესი ეშელონების ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - განმარტავს ბასიშვილმა.


რაც შეეხება „ეროვნული ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის პაატა ხოხელაშვილის  განცხადებას, ის ამბობს, რომ ეს იყო სერიოზული სამართალდარღვევა. „დავით ამაღლობელს კანონით არ ჰქონდა რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის თვითნებურად ჩატარების უფლება, მით უფრო, რომ, გაირკვა, ის არავის დაუნიშნავს აღნიშნულ თანამდებობეზე“ ,- ამბობს ხოხელაშვილი.


მისივე თქმით, 2005 წელს დაიწვა ეროვნული ბანკის საცავი, დაიკარგა დიდი ოდენობის თანხა და ამის შესახებ საფუძვლიანი გამოძიება არ ჩატარებულა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: