Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
5-12-2012, 20:02
ნანახია: 1270

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზები დახრჩობას საქართველოში უფრო გადაურჩებიან, ვიდრე რუსეთში!

„ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივა ახალი ხელისუფლების პირობებში“, -     ეს იყო კონფერენციის თემა, რომელიც კავკასიურ სახლში ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება ბრიტანულმა  არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსებმა“ დააფინანსა. 


პირველ მომხსენებლად სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი გამოვიდა. მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა კონფლიქტის თემაზე.


„სულაც არ გიტოვებთ საუკეთესო მემკვიდრეობას კონფლიქტების მოგვარების საკითხში. თქვენთვის, როგორც მომავალი თაობისთვის, მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის მშენებლობაში დაგეხარჯათ ენერგია, ვიდრე მისი კრიზისიდან გამოყვანაზე გეზრუნათ“,- მიმართა ზაქარეიშვილმა კონფერენციაზე დამსწრე  საზოგადოებას.


ზაქარეიშვილის თქმით, ედუარდ შევარდნაძის დროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაცილებით უფრო დამთბარი იყო. ექსპრეზიდენტი აიძულებდა რუსეთს საქართველოსთვის ანგარიში გაეწია და  რაღაც კონკრეტული თამაშის წესებს დამორჩილებოდა. სწორედ შევარდნაძის დროს დაიწყო საქართველოს ნატოში გაწერვიანების პროექტი პრაღის სამიტზე.


მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლებამ  ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, პრაქტიკულად, ყველა არხი ჩაჭრა. „სააკაშვილმა პრინციპულად არ შეინარჩუნა შევარდნაძის მიერ რუსეთთან ასე თუ ისე დამთბარი ურთიერთობები. მას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჰქონდა მკვეთრად ანტი-რუსული სტრატეგია.  პირველი მკვეთრი განცხადება რუსეთის წინააღმდეგ სააკაშვილმა ბუშის ჩამოსვლის დღეს  გააკეთა.  პრეზიდენტმა რუსეთი საქართველოს მტრად გამოაცხადა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 


მისი განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირველი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან აგრესიული განცხადებების შეწყვეტა იყო.


„ოსები და აფხაზები მედიასაშუალებებით არ უნდა იგებდნენ ქართული ხელისუფლების პოზიციას. ჩვენ გვაქვს ინფორმაციის გაცვლის სანდო არხები და ჩემი პრაქტიკიდან გამომდიანრე, საკმაოდ ბევრი კონტაქტი დამიგროვდა. საქართველოს  ორი  ძირითადი ამოცანა აქვს შესასრულებელი. პირველი,  არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა და აფხაზ-ოსებისთვის ამის კორექტულად ახსნა. მეორე, ეს არის, დავარწმუნოთ დასავლეთი უფრო მეტად ჩაერთოს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზურ  კონფლიქტის მოგვარებაში. ჩვენი მიზანია, ოსებსა და აფხაზებს დავანახოთ, რომ ევროკავშირი არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპული ღირებულებების დამცველია“, - განაცხადა მინისტრმა.


ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზებმა არ იციან, რა უნდათ. მათ დამოუკიდებლობის არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ.  „აფხაზეთმა უნდა შეიგნოს, რომ მისი იდენტობა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება და მას სხვა სამშობლო, უბრალოდ, არ აქვს. აფხაზებს აქვთ შესანიშნავი ანდაზა: „სჯობს დაიხრჩო გუბეში, ვიდრე ზღვაში“. მე ვურჩევ,  ეს ანდაზა სწორად გაიგონ. დახრჩობის შემთხვევაში, საქართველოში გადარჩებიან, რუსეთში კი-ვერა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.


მინისტრის განცხადებით, განსხვავებით აფხაზებისგან, კონკრეტულ თემებზე ოსები უფრო თანამშრომლობენ საქართველოსთან. ეს ეხება თუნდაც წყალმომარეგების საკითხს და ა.შ.


„ჩვენ დღეემდე რუსული პოლიტიკის მძევლები ვართ. სულ იმაზე ვფიქრობთ, რას იტყვის და როგორ მოიქცევა რუსეთი. პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობს დასავლეთი საქართველოს ნაბიჯებსა და ინიციატივებზე“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.


კონფერენციის დასასრულს,  პაატა ზაქარეიშვილმა ახალი ხელისუფლების მომავალ მიზნებზეც ისაუბრა.


 „ახალი ხელისუფლების მთავარი მიზანი „გაჩუმების“ პოლიტიკაზე გადასვლაა. ჩვენ  მივაღწევთ იმას, რომ ქართული მხარე ვერ გახდება კრიტიკის საგანი. ამის შემდეგ აქტიურად დავიწყებთ „ნაბიჯების“ პოლიტიკის განხორციელებას. მსოფლიო დაინახავს, რომ საქართველო აღარ არის აგრესიულად განწყობილი და შერიგებისკენ  აქტიური ნაბიჯებიც იდგმება. მაქსიმუმ  ათ წელიწადში ჩვენ ამ კუთხით კონკრეტული შედეგები გვექნება“, - განაცხადა მინისტრმა.


ნინო ახალკაცი