Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
10-12-2012, 20:21
ნანახია: 2773

ანზორ ქოქოლაძე: წართმეულ ქონებას დავიბრუნებ და დამნაშავეებიც დაისჯებიან!

საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ბიზნესმენთა დაყაჩაღების რამდენიმე სქემა ჰქონდა შემუშავებული და მათ წარმატებითაც  იყენებდა. ერთ-ერთი სქემით, იმ კამპანიაში, რომელსაც "ნაციონალური" ბოსები თვალს დაადგამდნენ, ფინანსური პოლიცია შედიოდა, უსაფუძვლოდ უზარმაზრ ჯარიმას დააკისრებდა.


ცხადია, მილიონობით და ზოგიერთ შემთხვევაში, ათეულ მილიონობით ლარი ნაღდი ფულით, არც ერთ ბიზნესმენს არ ჰქონდა. ჯარიმის გადახდის გარანტად ხელისუფლებასთან გარიგებული რომელიმე ბანკი გამოდიოდა, რომელიც კომპანიის მესვეურთ საგარანტიო წერილს აძლევდა საგადასახადო სამსახურში წარსადგენად, შემდეგ სესხსაც გასცემდა და გირაოდ კომპანიის საკონტროლო წილს იტოვებდა.


ამის შემდეგ, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით, ბანკი კომპანიის მმართველობაში შედიოდა და მის ხელმძღვანელობას ცვლიდა. როგორც წესი, ბანკის მიერ დანიშნული მენეჯმენტი დავალიანების გადახდას ხელოვნურად აფერხებდა, რაც დიდი ოდენობით დავალიანებას წარმოშობდა. ამის შემდეგ, კომპანიის წილი ბანკის საკუთრებაში გადადიოდა და დავალიანების დასაფარად, რეალურად კი, ოფშორულ ზონაში დარეგისტიტებულ კომპანიას გადაეცემოდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ბობოლა ჩინოვნიკებს ეკუთვნოდათ.


ამგვარი სქემით არაერთი წარმატებული ბიზნესმენი გააკოტრეს და კუთვნილი ქონება წაართვეს. თითქმის ყველა დაზარალებული ბიზნესმენი ერთი კაცისკენ იშვერს ხელს _ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისკენ. ყველა ირწმუნება, რომ ამ მზაკვრული გეგმის უკან სწორედ ადეიშვილი იდგა, ხოლო შემსრულებლები იცვლებოდნენ.
ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს სწორედ ამგვარი სქემით წაართვეს კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსი". თუმცა, ეს არ აკმარეს და თაღლითობის ბრალდებით 7.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს მრავალგზის თხოვნის შემდეგ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, შეეწყალებინა ანზორ ქოქოლაძე, თუმცა უსამართლოდ დასჯილმა ბიზნესმენმა წელიწადი და 8 თვე გაატარა ციხეში. მას ბრალი არ უღიარებია, ის პატიმრობაშიც განაგრძობდა ბრძოლას. დღეს მის სარჩელს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ "ელიტ-ელექტრონიქსს" მალე დაიბრუნებს და ვინც ამ ავბედით ისტორიაში გახვია, ის ხალხიც სათანადოდ დაისჯება.


_ ბატონო ანზორ, როდის დაასრულებს სტრასბურგის სასამართლო თქვენი საქმის განხილვას?


_ ამ ეტაპზე განხილვის სტადიაშია. თუმცა არ არის გამორიცხული, სტრასბურგიდან სარჩელი უკან გამოვითხოვო.


_ თქვენ თავს უკანონო პატიმრად თვლით და ეს ხომ უნდა დაადასტუროს სტრაბურგის სასამართლომ?


_ უკანონო პატიმრად არაერთმა ქართულმა და უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მაღიარა. საქართველოში არ არის სამართლის ნორმა, რის საფუძველზეც უკანონო პატიმრად შეიძლება მცნონ. იმედი მაქვს, რომ აქ, საქართველოში მომეცემა საშუალება, გავასაჩივრო, ცხადია, სამართლის ნორმა თუ შეიცვლება. თუ ასე მოხდა, სტრასბურგიდან გამოვითხოვ საქმეს, მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვიპოვო სამართალი.


_ რამდენადაც ვიცი, თქვენთან ერთად დაპატიმრებულნი იყვნენ თქვენი ნათესავებიც...


_ ისინი გაათავისუფლეს ციხიდან, მაგრამ ბრალი არც ერთს არ უღიარებია. ცხადია, ისინიც უკანონო პატიმრები იყვნენ. მათ საქმეებში ახალი გარემოებები გამოიკვეთა და იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში მოხდება მათი რეაბილიტაცია.


_ სტრასბურგის სარჩელში ფულად კომპენსაციას თუ ითხოვდით სახელმწიფოსგან?


_ ვითხოვდი, მაგრამ მე პრეტენზიები წინა ხელისუფლებასთან მქონდა. ხელისუფლება შეიცვალა, ის ხალხი ხელისუფლებაში აღარ არის, ვინც კომპანია წამართვა. ამიტომ, როცა "ელიტ-ელექტრონიქსს" დავიბრუნებ, სახელმწიფოს არანაირ კომპენსაციას არ მოვთხოვ. შესაძლოა, "თი-ბი-სი" ბანკს მოუწიოს კომპენსაციის გადახდა.


_ რა სტადიაშია "ელიტ-ელექტრონიქსის" დაბრუნების პროცესი?


_ სიმართლე გითხრათ, "ელიტ-ელექტრონიქსის" თემას არც განვიხილავთ პრიორიტეტად. დარწმუნებული ვარ, რომ დავიბრუნებთ. ეს 2013 წელს მოხდება. ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი კომპანია "ტექნო ბუმის" განვითარებაზე მაქვს გადატანილი.  სერიოზული გეგმები აქვს "ტექნო ბუმს". ეს კომპანია 2013 წელს საქართველოში თავის სფეროში ლიდერი კომპანია იქნება, 2014 წელს კი ის კავკასიაში იქნება ლიდერი. რაც შეეხება "ელიტ-ელექტრონიქსს" იგი თავის ძველ დიდებას უკვე 2013 წელს დაიბრუნებს!


_ როგორ იქნება ერთდროულად ორივე კომპანია ლიდერი, როცა ორივე ერთ ბიზნესსფეროში ფუნქციონირებს?


_ "ტექნო ბუმი" საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი, "ელიტ-ელექტრონიქსი" კი _ დაბალ და საშუალო სეგმენტზე. მოკლედ, ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ და ორივე ლიდერი იქნება!


_ "ელიტ-ელექტრონიქსზე" ისე ლაპარაკობთ, თითქოს უკვე დაბრუნებული გქონდეთ!..


_ მისი დაბრუნება მხოლოდ დროის საქმეა, ხომ გითხარით.


_ თიბისი ბანკმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თქვენ ბანკის დაშანტაჟებას ცდილობთ _ უსაფუძვლოდ ითხოვთ უკან "ელიტ-ელექტრონისის" აქციების 100%-ს და უარს ამბობთ ბანკიდან აღებული სესხის _ 11 მილიონის გადახდაზეც.


_ თიბისი ბანკის მესვეურნი პანიკაში არიან. ძალიან შეწუხდნენ, რადგან მათ ქმედებებს საბოლოოდ აეხადა ფარდა. ვინც მამუკა ხაზარაძეს მფარველობდა, ის ადამიანები ხელისუფლებაში აღარ არიან, ან არიან, მაგრამ ძალაუფლება აღარ გააჩნიათ. ამიტომ, შეტევაზე გადმოდიან. გაღმა შეედავე, გამოღმა დაგრჩებაო, _ ამ პრინციპით მოქმედებენ. მათი განცხადება არის დემაგოგია, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. მე თუ რაიმე განცხადება გამიკეთებია, თუ რაიმე მითქვამს, ფაქტებისა და მყარი არგუმენტების გარეშე არასდროს მისაუბრია. ეტყობა, ძალიან უჭირთ, შანტაჟს რომ მაბრალებენ.


რაც შეეხება 11 მილიონიან "დავალიანებას", მე არასდროს მითქვამს უარი საბანკო კრედიტების გადახდაზე. თიბისი ბანკის სესხს მუდამ გრაფიკის მიხედვით ვიხდიდით. ეს 11 მილიონი არის ხელოვნური ვალი და ის მაშინ დაგროვდა, როცა "ელიტ-ელექტრონიქსში" ბანკმა თავისი მმართველი შემოიყვანა. ახალმა მენეჯმენტმა შეგნებულად არ გადაიხადა დროულად კრედიტი, რათა დავალიანება გაზრდილიყო, მერე კი, ბანკში სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული კომპანიის წილის 55% მიეთვისებინა. ამავე გზით მიითვისა მამუკა ხაზარაძემ დანარჩენი 45%-იც. ისიც გაიხსენეთ, რომ ეს 55%-იანი წილი, თიბისი ბანკმა 136 ათას ლარად გადაიფორმა, მაშინ მე შევთავაზე, სამმაგს გადაგიხდით და მე ვიყიდი ჩემივე კომპანიის წილს, თუ მეტი არ ღირს-მეთქი. ცხადია, უარი მითხრეს, რადგან ჩემთვის "ელიტ-ელექტრონიქსის" წართმევის გეგმა უკვე ამუშავებული იყო და მას ვერავინ შეაჩერებდა.


_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი. მაინტერესებს, თუ აპირებთ მათ წინააღმდეგ მოითხოვოთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა?


_ კი, უახლოეს მომავალში შესაძლოა, მივმართო პროკურატურას და ადეიშვილისა და კეზერაშვილის წინააღმდეგ მოვითხოვო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში მეცოდინება, შევიტან თუ არა ამგვარ განცხადებას. მე არავის დაჭერის მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს, მაშინ სხვა გზა აღარ მექნება. ჯერჯერობით, ვცდილობ, მშვიდობიანად დასრულდეს ეს საქმე და "ელიტ-ელექტრონიქსი", როგორც კანონიერ მეპატრონეს, მე გადმომცენ.


_ გჯერათ, რომ სასამართლო საბოლოოდ გათავისუფლდა "ნაციონალური" ზეწოლისგან და კომპანიას სამართლებრივი გზით დაიბრუნებთ?


_ სასამართლო ნაწილობრივ ისევ წნეხის ქვეშაა, ჯერ არ არის თავისუფალი, თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე საბოლოოდ გათავისუფლდება. სამაგიეროდ, აბსოლუტურად ვენდობი პროკურატურას და ეჭვი არ მეპარება, რომ სამართალს ვიპოვი.


_ 2009 წლის 25 აგვისტოს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ, "ელიტ-ელექტრონიქსის" ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში განაცხადა, რომ კომპანიის ცუდი მენეჯმენტი და დამფუძნებლები ჰყავდა. ახლა, როცა თიბისი ბანკის მენეჯმენტი დაინიშნა, კომპანია უკეთ და შეუფერხებლად იმუშავებსო. "ადამიანის უფლება დამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას ეს განცხადება  კანონის დარღვევა იყო _ თანამდებობის ბოროტად გამოყენება და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ორივე სისხლის სამართლის დანაშაულია და სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით ისჯება. აპირებთ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრათ?


_ კი, შესაძლოა მის წინააღმდეგაც მოვითხოვო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. რა მერის საქმეა კერძო კომპანიის საქმეში ჩარევა? როცა ეს განცხადება გააკეთა, სწორედ იმ დღეს გადაიფორმა თიბისი ბანკმა "ელიტ-ელექტრონიქსის" 55%-იანი წილი და თავისი მენეჯმენტი შეუშვა ბანკში.


_ ადეიშვილი, კეზერაშვილი, უგულავა, მამუკა ხაზარაძე... კიდევ ვისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებთ?


_ შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, მაგრამ ისინი იყვნენ ისეთი გავლენიანი ჩინოსნები, ვინც ჩამოთვალე.


_ ისიც ითქვა, თითქოს თქვენ ოპოზიციას აფინანსებდით და ამიტომ გაგისწორდნენ ყოფილი ხელისუფალნი.


_ არა, ოპოზიციას კი არ ვაფინანსებდი, ეს ტყუილია, არც "ნაციონალური მოძრაობა" დამიფინანსებია არასდროს, თუმცა რამდენჯერმე შემომითვალეს, რომ მათთვის ფული გადამერიცხა. მე პოლიტიკაში არ გავრეულვარ არასდროს არ მომწონდა "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგია, ვხედავდი მათ დამანგრეველ პოლიტიკას, ამ დანაშაულებრივ პოლიტიკაში მონაწილეობს, ისევ პატიმრობა მერჩივნა. მათი თამაშის წესები რომ მიმეღო, არც დამიჭერდნენ და არც ასე უსინდისოდ წაართმევდნენ კომპანიას. ადამიანი იქ უნდა იდგეს, სადაც მისი ხალხი დგას. მე ჩემს ხალხთან დავდექი. თუ არ შეგიძლია უკანონობის შეცვლა, მისი თანამონაწილე მაინც არ უნდა გახდე. მე არ გავხდი "ნაციონალური მოძრაობის" ზღვარგადასული უკანონობის თანამონაწილე, არ დავაფინანსე ძალმომრეობა და სწორედ ეს გახდა მიზეზი ჯერ "ელიტ-ელექტრონიქსის" წართმევისა და მერე _ ჩემი დაჭერისა.


2009 წელს, როცა ოპოზიციის რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამომიგზავნეს ჩემი კომპანიის იმ თანამშრომელთა სია, რომლებიც ოპოზიციის მიტინგზე დადიოდნენ. ამ სიას კეტეგორიული მოთხოვნაც მოჰყვა _ ეს ხალხი დაითხოვე სამსახურიდანო. მე არც ერთი ადამიანი არ გამიშვია, ვინც იმ სიაში იყო. ეს ბევრს არ ესიამოვნა. არ ვმონაწილეობდი "ნაციონალური მოძრაობის" _ პროექტების დაფინანსებაში.


_ თიბისი ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ "ელიტ-ელექტრონიქსის" აქტივები საერთაშორისო ინვესტორზე გაასხვისეს. ეს არ გაართულებს კომპანიის დაბრუნების პროცესს _ უცხოელი მეპატრონე ხომ განაცხადებს, რომ ის კეთილსინდისიერი მყიდველია?


_ ვერც ფიქტიური და ვერც ნამდვილი მყიდველი ვერ იქნება კეთილსინდისიერი მყიდველი. ჩვენ მუდამ ვაკეთებდით საჯარო განცხადებებს. იმ უკანონობის შესახებ, რაც "ელიტ-ელექტრონიქსის" გარშემო ხდებოდა. ეს ყველაფერი ფართოდ შუქდებოდა მედიით. წლების მანძილზე მიდიოდა სასამართლო დავები და საზოგადოება მუდმივად საქმის კურსში იყო, იმ უკანონობის შესახებ, რასაც ხელისუფლება და თიბისი ბანკი ახორციელებდნენ ჩვენს მიმართ. არ შეიძლება ეს ყველაფერი არ სცოდნოდა "ელიტ-ელექტრონიქსის" მყიდველს. მე მუდამ ვაფრთხილებდი კომპანიით დაინტერესებულ პირებს, რომ არ შეეძინათ მისი წილი და არ მიეღოთ უკანონობაში მონაწილეობა.  ამგვარი განცხადებების გაკეთება არც ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდში შეწყვეტილა. ამდენად, ვინც "ელიტ-ელექტრონიქსი" შეიძინა, ვერ ჩაითვლება სინდისიერ მყიდველად.


_ ხომ არ იცით, რამდენად გაყიდა კომპანია თიბისი ბანკმა?


_ ამ ინფორმაციას არ ახმაურებენ, დანამდვილებით არ ვიცი, თუმცა, ჯერჯერობით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ელიტ-ელექტრონიქსის" 100%-იანი წილი, სიმბოლურ ფასად _ ერთ ლარად გაიყიდა.


_ ვინ იყიდა, არ იცით?


_ არა, ეს არ ვიცი, თუმცა გაირკვევა აუცილებლად.


_ და, რა არის, "ელიტ-ელექტრონიქსის" რეალური საბაზრო ღირებულება?


_ 20-30 მილიონი დოლარი.


_ ბატონო ანზორ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თქვენი კანდიდატურა აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილებოდა.


_ კი, ხელისუფლების გარკვეულ წრეებში მართლა განიხილავდნენ ჩემს კანდიდატურას ამ პოსტზე, მაგრამ საქმე განხილვის იქით არ წასულა. ამის შესახებ მეტი არაფერი ვიცი.


_ ხომ არ აპირებთ პოლიტიკაში მოსვლას?


_ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს! მე ბიზნესმენი ვარ და საკუთარი თავის რეალიზებას ამ სფეროში უკეთ მოვახერხებ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კვალიფიციური პოლიტიკოსების ნაკლებობას არ განიცდის. რომც შემომთავაზონ, არ წავალ პოლიტიკაში, მით უფრო, რომ საკმაოდ სერიოზული გეგმები მაქვს ბიზნესში _ "ტექნო ბუმისა" და "ელიტ-ელექტრონიქსის" მომავალი 2 წლის გამოწვევების შესახებ თავში მოგახსენეთ.


ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი