ბიძინა ივანიშვილი ერთმილიარდიანი ფონდის ამოქმედებას იანვრიდან აპირებს

ბიძინა ივანიშვილი ერთმილიარდიანი ფონდის ამოქმედებას იანვრიდან აპირებს

სოფლის მეურნეობის ერთმილიარდიანი ფონდის შესახებ განცხადებები იანვარში გაკეთდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მხედველობაში აქვს ის, თუ როგორ და რა სახით აპირებს სოფლის მეორნეობის დახმარებას.

მისი თქმით, ამისთვის 0-დან 3%-მდე დაკრედიტეტებები მოხდება.

„რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ვერ დაფინანსდება და ძალიან მკაცრი კომისია იქნება. მისი შედგენაც ძალიან რთულია. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ საინტერესო პროექტები არ დაიკარგოს და ამავდროულად, არასაინტერესო არ გაიპაროს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საინვესტიო პროექტების  გარდა, ერთწლიანი სამომხმარებლო კრედიტებიც გაიცემა.

ივანიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ბანკის სესხებით ხშირად სარგებლობდნენ, რომელიც ძალიან მაღალპროცენტიანი იყო.

„ჩვენ 7%, მაქსიმუმ 8% გვექნება, ერთწლიანი კრედიტი მაქვს მხედველობაში, და ეს ფერმერებისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ახალი ტექნიკის შესყიდვაზე. 2-3 წლის განმავლობაში 900-ზე მეტი ტრაქტორისტის გადამზადებას ვაპირებთ. აქამდე არსებული ტრაქტორები, რატომღაც გლეხებს არ ხმარდებოდა“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის ბიუჯეტის სხვა დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები 2013 წსლითვის გაორმაგდა და 800 მილიონზე მეტი შეადგინა.

მისი თქმით, თითქმის გაორმაგებულია სოფლის მეორნეობასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

„როგორც ჯანდაცვა, ისე სოფლის მეორნეობა პრიორიტეტული მიმართულებებია. ამასთან ერთად განათლებაც. განათლებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. საგრანტო დახმარებები სტუდენტებზე გაორმაგდა და 10 მილიონი ლარით გაიზარდა“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მეცნიერებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯებიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: