ნინო ბურჯანაძე:-"ხელისუფლება ხიბლშია, "ნაციონალური მოძრაობა" კი რევანშისთვის ემზადება"

ნინო ბურჯანაძე:-"ხელისუფლება ხიბლშია, "ნაციონალური მოძრაობა" კი რევანშისთვის ემზადება"

    "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით  ქვეყანაში არც ერთი ორგანო და თანამდებობის პირი ლეგიტიმური არ არის. მისივე თქმით, "ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე ადამიანი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში 60% მიიღო და რომელმაც შემდეგ პრეზიდენტიც დაგვინიშნა და შემდეგ მთავრობაც, ეს ადამიანი საერთოდ არ არის ხელისუფლებაში და ზის სახლში".

    ბურჯანაძის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ერთმანეთთან დებატობა და ერთმანეთის მიმართ ტელევიზიების ეთერში ბრალდებების წაყენება, ორივე მხარეს აწყობს, რადგან "ოცნებას" უნდა ოპონენტად ჰყავდეს ის ძალა, რომელსაც მორალური უფლება არ აქვს ილაპარაკოს თუნდაც სიმართლე და ამ ძალისგან მოსახლეობა არაფერს მიიღებს. ასეთ პირობებში "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ხელისუფლების უსუსურობის გამო "ნაციონალების" რევანშისთვის მზადებას ხედავს და აცხადებს, რომ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების საფრთხე იზრდება.

     -"ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენლების მზადება რევანშისთვის ჩანს მათი ტონიდან, თავხედობიდან, ჩანს მათი მოქმედებებიდან და ამბობენ კიდეც ამას, არ მალავენ. მე ეჭვი მაქვს რომ "ქართული ოცნება" ისეთ ხიბლშია ბედნიერებისაგან, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს იოცნებებდნენ ხელისუფლებაში მოსვლაზე და იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაშიც ისინი აღმოჩნდნენ, მე ვწუხვარ, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ისინი ნამდვილად ვერ გრძნობენ იმ საფრთხეს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მე და ჩემი თანამოაზრეები ამას ძალიან კარგად ვხედავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მობრუნება არ დავუშვათ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს საფრთხე "ქართული ოცნების" უსუსურობის შედეგად ყოველდღიურად მატულობს",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: